ქრისტინე იმედაძე: "ქეთას მეჯვარე არც მე ვარ და არც არავინ"

ქრისტინე იმედაძე: "ქეთას მეჯვარე არც მე ვარ და არც არავინ"

მომღერალ ქეთა თოფურიას ქორწილმა მედიაში (როგორც ჩვენთან, ასე რუსეთში) დიდი რეზონანსი გამოიწვია. სოცილაურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქორწილში უამრავი ცნობილი ადამიანი იყო მიწვეული, მათ შორის ბევრი ქართველი სტუმარი, რომელთაგან უმრავლესობა ქეთას მეგობარი და ახლობელია.

"ამბები.გე" პატარძლის უახლოეს მეგობარს, ქრისტინე იმედაძეს მოსკოვში დაუკავშირდა, რომელიც ქეთას ამ დღეებში გვერდიდან არ მოცილებია, ამიტომაც შეიქმნა წარმოდგენა, თითქოს ის პატარძლის მეჯვარეა.

- ქრისტინე, მიწვევა ქეთას ქორწილში დასასწრებად, ცხადია, თავად ქეთასგან მიიღე და მგონი, ქართული ბომონდიდან შენ ყველაზე მეტად გაგიმართლა, არა?

- მიწვევა ქორწილში ქეთას ბევრმა მეგობარმა მიიღო, მაგრამ ყველამ ვერ მოახერხა სამწუხაროდ, ჩამოსვლა... აქ ჩემ გარდა არიან ქართველი მომღერლები, როგორც თბილისიდან ჩამოსულები, ისე აქ მცხოვრებნიც...

- ინფორმაცია გავრცელდა, რომ შენ ხარ ქეთას მეჯვარე...

- არა, მეჯვარე არც მე ვარ და არც - არავინ, რადგანაც ჯვარი არ დაუწერია.

- როგორი იყო ქეთას ქორწილი?

- ძალიან ლამაზი... იქაურობა რაღაც ჯადოსნურ, თეთრ სამეფოს ჰგავდა და ქეთაც იმ სამეფოს დედოფალი იყო...ქეთა სხვა გოგონების მსგავსად, არასდროს ოცნებობდა არც ფუშფუშა საქორწინო კაბაზე და მგონი, დიდად არც ქორწილზე და ძალიან გამიკვირდა, როცა ორი თუ სამი თვის წინ მომავალი ქორწილის შესახებ მახარა და იქვე დააყოლა: დრო რომ გექნება, საქორწინო კაბები შემითვალიერეო. მის ამ ნათქვამზე ისეთი შოკი მქონდა, "უი"-ს მეტი ვერაფერი ვუთხარი და ისე გავაგრძელე მასთან ლაპარაკი. ქეთამ მითხრა: - ერთი "უი" და ეს არის შენი რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მეტი არაფერიო?..

იმის მერე ალბათ, რაც კი რამ თეთრი კაბა მომწონებია საკუთარი თავისთვის, ყველა მოდელის ფოტო თუ ესკიზი გადავუგზავნე ინტერნეტით... საკმაოდ დიდხანს ვარჩევდით... ის თავის ვერსიებს მთავაზობდა, მე ჩემსას ვთავაზობდი. ბოლოს ძალიან ლამაზი ესკიზი გამომიგზავნა, რომელზეც გავგიჟდი, ისე მომეწონა. თვითონაც საოცრად მოსწონდა და საბოლოოდ იმ კაბაზე შეაჩერა არჩევანი.

- ქორწილი ქართული ტრადიციებით ჩატარდა თუ მასში შერწყმული იყო სხვა ელემენტები?

- ქორწილი თავიდან ბოლომდე გაწერილი პროგრამით მიდიოდა. იყო სადღეგრძელოებიც. საღამო მაქსიმ გალკინს მიჰყავდა... პერიოდულად იოსებ კობზონი ერთვებოდა... კი, საკმაოდ ტრადიციული ქორწილი იყო, მაგრამ ხშირად ასეთი თავშეყრა დაუსრულებელი სადღეგრძელოებით მოსაწყენი ხდება ხოლმე, აქ კი ყველაფერი ზომიერი გახლდათ... ერთი წამიც არ მოგვიწყენია... ქეთას მეგობარმა კოლეგებმა შეასრულეს სიმღერები, იყო სიურპრიზები, მეგობრების მიერ შექმნილი ვიდეოების სახით... თვითონ ქორწილიც ქეთასა და ლიოვას ულამაზესი ვიდეოკოლაჟის ჩვენებით დაიწყო. ბოლოს სცენაზე დიანა კინგი გამოვიდა, რომელმაც ჩვენი საყვარელი ჰიტები შეასრულა...

დარბაზში ბევრი საპატიო სტუმარი იყო: ალა პუგაჩოვა, ჟანა რუდკოვსკაია, ბონდარჩუკები - ფიოდორ და სვეტლანა, დიმა ბილანი, ვალერია, ვალერი მელაძე, სოსო პავლიაშვილი, ლერა კუდრიავცევა, ია ნინიძე და კიდევ ბევრი რუსული ესტრადის, ტელევიზიისა თუ კინოს ვარსკვლავები...

- რას გვეტყვი სიძეზე? როგორი ბიჭია ლიოვა გეიხმანი?

- მოკლედ რომ გითხრა, ჩემ უსაყვარლეს მეგობარს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგი ქმარი ჰყავს მსოფლიოში და ყველაზე ლამაზი ქორწილი ჰქონდა პლანეტაზე... ალბათ, მისი ოჯახის წევრების შემდეგ ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც ეს ამბავი მთელი გულით უხარია...

- ქორწილი ქეთამ საკუთარ დაბადების დღეს რატომ დაამთხვია?

- რამდენიმე თვის წინ, გალკინის დაბადების დღეზე, ქეთას კოლეგებს იდეა გაუჩნდათ, რომ მას გრანდიოზული ქორწილი უნდა გადაეხადა და იქვე სპონტანურად 9 სექტემბერი დასახელდა. ქეთა ჯერ საერთოდ, ქორწილის წინააღმდეგი იყო და მის დაბადების დღეს ამ დღის აღნიშვნაზე საერთოდ წყობიდან გამოვიდა. - რას ამბობთ, 9-ში ჩემი დაბადების დღეაო, თუმცა კოლეგებმა ეს ამბავი უფრო აიტაცეს. მოკლედ, აიყოლიეს და საბოლოოდ დაითანხმეს...

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება