მინისტრის ხელფასი რიგითი მოქალაქის საშუალო ხელფასს 1000%-ით აღემატება

მინისტრის ხელფასი რიგითი მოქალაქის საშუალო ხელფასს 1000%-ით აღემატება

რიგითი მინისტრის საშუალო ხელფასი რიგითი მოქალაქის საშუალო ხელფასზე ყოველთვის მაღალია. ასე ხდება ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. აქ მთავარი თანამდებობრივ სარგოებს შორის არსებული სხვაობაა, რაც საქართველოს შემთხვევაში, ბევრად მაღალია, ვიდრე თუნდაც განვითარებული ეკონომიკის მქონე აზერბაიჯანსა და რუსეთში. საქართველოში მინისტრის ხელფასი საშუალო ხელფასს თითქმის 10,5-ჯერ აღემატება.

კერძოდ, ჩვენთან რიგითი მინისტრის ხელფასსა და საშუალო ხელფასს შორის სხვაობა 1078%-ს შეადგენს, რუსეთში მინისტრის ხელფასი ერთი რიგითი მოქალაქის ხელფასს 228%-ით აღემატება, აზერბაიჯანში დაახლოებით - 360%-ით, სომხეთში - 211%-ით. 717%-ით აღემატება მინისტრის ხელფასი საშუალო ხელფასს უკრაინაში, კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ბელორუსში კი ხელფასებს შორის სხვაობა დაახლოებით 270%-ს შეადგენს. როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში მინისტრის თანამდებობრივი სარგო, საშუალო ხელფასთან შედარებით, ახლო და შორეულ სამეზობლოში ყველაზე მაღალია.

საქართველოში ერთი რიგითი მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 7 875 ლარს შეადგენს, საშუალო ხელფასის მოცულობა კი დაახლოებით 730 ლარს, ანუ სხვაობა არის დაახლოებით 1078%.

რუსეთში მინისტრის საშუალო ხელფასი 62 ათას რუბლს, ანუ დაახლოებით 3 100 ლარს უტოლდება, საშუალო ხელფასი კი დაახლოებით 27 339 რუბლი, დაახლოებით 1 366 ლარი. აქ ხელფასებს შორის სხვაობა დაახლოებით 228%-ია.

აზერბაიჯანში მინისტრის ყოველთვიური სარგო 1500 აზერბაიჯანული მანათი, დაახლოებით, 3100 ლარია, საშუალო ხელფასი კი 520 დოლარი, დაახლოებით 858 ლარი, სხვაობა 360%-ია.

სომხეთში მინისტრის საშუალო ხელფასი 300 000 დრამი, დაახლოებით, 1 225 ლარია, საშუალო ხელფასი კი 144 336 დრამი, დაახლოებით 578 ლარი, სხვაობა 211%-ია.

ბელორუსში კი მინისტრების ხელფასი 1500 დოლარი, დაახლოებით 2475 ლარს უტოლდება, საშუალო ხელფასის რაოდენობა კი დაახლოებით 5 მლნ ბელორუსულ რუბლს, ანუ 915 ლარს შეადგენს, სხვაობა დაახლოებით 270%-ია.

რაც შეეხება უკრაინას, იქ მინისტრის საშუალო ხელფასი დაახლოებით 28 ათას გრივნას, 5,6 ათას ლარს შეადგენს, საშუალო ხელფასი კი 3895 გრივნას, ანუ დაახლოებით 780 ლარს. ხელფასებს შორის სხვაობა კი თითქმის 717%-ია.

ექსპერტები ამბობენ, რომ საშუალო ხელფასს და ჩინოვნიკების ხელფასებს შორის არსებული სხვაობა ყოველთვის ყველა ქვეყანაში განსაკუთრებული კრიტიკის საგანია. ამიტომ დასავლეთის განვითარებული ქვეყნები ცდილობენ, რომ ყოველთვიურ სარგოებს შორის ასეთი რადიკალური განსხვავება არ იყოს. მეტიც, დასავლეთში არა მარტო რიგითი ჩინოვნიკების, არამედ მაღალი თანამდებობის პირების ხელფასი ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულის.

რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის კი, საქართველოს, აქ სიტუაცია განსხვავებულია. მინისტრს ან სხვა რიგით მოხელეს ყოველთვის მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე კერძო სექტორში დასაქმებულს.

ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ მინისტრისთვის მაღალი ხელფასის დანიშვნა ცუდი არ არის, აქ პრობლემა ისაა, რომ ერთსა და იმავე სამსახურში მინისტრს, დეპარტამენტის უფროსს თუ სხვა ხელმძღვანელ პირს, იმავე სამსახურის სხვა თანამშრომელთან შედარებით, რამდენჯერმე მაღალი ხელფასი აქვს. მისივე თქმით, ხელფასებს შორის ასეთი რადიკალური განსხვავება მაინც და მაინც კარგი არ არის.

"საშუალო ხელფასი სახელმწიფო მართვის სექტორში გაცილებით მაღალია, ვიდრე ისეთ სექტორში, სადაც წესით ხელფასი უფრო მაღალი უნდა იყოს. ყველაზე მაღალი ხელფასი არის ბანკებში და სახელმწიფო მართვის სტრუქტურაში. ასე გამოდის, რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ იქ, სადაც რეალურად არაფერი კეთდება. ბანკები მომსახურების სფეროს განეკუთვნებიან, სახელმწიფო სტრუქტურები კი ადმინისტრაციულ სექტორს.

ასეთი უთანაბრობა არა მგონია, კარგი შედეგის მომტანი იყოს. არ ვამბობ, რომ მინისტრს უნდა შეუმცირდეს ხელფასი, ამის მომხრე არ ვარ, უფრო კარგი იქნება, რომ სხვა სექტორებში დასაქმებულებს გაეზარდოთ ანაზღაურება და ეს კატასტროფული სხვაობაც შემცირდეს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ.

კიდევ ერთი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში მინისტრის მაღალი ხელფასი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ მან მარცხენა ჯიბისკენ ყურება არ დაიწყოს.

"უნდა იყოს თუ არა ასეთი სხვაობა მინისტრის ხელფასსა და საშუალო ხელფასს შორის? ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოცემული ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალსა და იმ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელსაც დროის კონკრეტულ მომენტში აღნიშნული ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს. იმისდა მიხედვით, რა ამოცანები აქვს თავის სამოქმედო გეგმაში ხელისუფლებას. შეიძლება ხელფასები იყოს უფრო მეტი ან უფრო ნაკლები იმ ეკონომიკურ რესურსებთან და შესაძლებლობებთან შედარებით, რომელიც მოცემულ მომენტში აქვს ქვეყანას.

საქართველოში მინისტრის მაღალი ხელფასი განპირობებულია იმით, რომ მათი ეკონომიკური ინტერესი კორუფციისადმი იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რომ არ იფიქრონ და გაიხედონ მარცხენა ჯიბისკენ. ეს არის შეგნებული პოლიტიკა, რომელსაც თავისი გამართლება აქვს. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჯარო სექტორში ხელფასები მაღალი არ უნდა იყოს", - განაცხადა არჩვაძემ.

აქვე ექსპერტი განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში კერძო სექტორში ხელფასი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურაში.

"სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო წლებში აღემატება კერძო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, მაშინ როცა პირიქით უნდა იყოს. ნორმალური ეკონომიკის პირობებში და კლასიკური საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში სახელმწიფო სექტორში დასაქმების ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ პირს გარანტირებული სოციალური პირობები და ხელფასი ექნება. კერძო სექტორში მეტია რისკი, მაგრამ შემოსავალიც უფრო მეტია.

საქართველოში კი პირიქით ხდება. ჩვენთან საჯარო მოხელეების ხელფასი საგრძნობლად აღემატება კერძო სექტორში დასაქმებულების ხელფასს. გამოდის, რომ ამ მხრივ ჩვენთან ორმაგი პრივილეგიები აქვთ. ერთი მხრივ - მაღალი ხელფასი და მეორე მხრივ - სოციალური დაცულობა. ამიტომ ადამიანები ცდილობენ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმდნენ. ამასთან, საშტატო ერთეულების დაკომპლექტებაც ნეპოტიზმის ნიშნით ხდება", - დასძინა არჩვაძემ.

სოსო არჩვაძის განცხადებით, საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში ხელფასებს ჰქონდა წმინდა სიმბოლური ხასიათი, მათ შორის, მინისტრების ხელფასებს. შევარდნაძის ხელისუფლების დროს მინისტრის ხელფასი 160-დან 200 ლარამდე მერყეობდა. ასეთივე დაბალი იყო რიგითი თანამშრომლებისა და მოქალაქეების ხელფასები.

"1996 წლიდან 2003 წლის ჩათვლით, საშუალო ხელფასი ჩამორჩებოდა მაშინდელ ოფიციალურ საარსებო მინიმუმს. ეს ჩამორჩენის მაჩვენებელი რომ შევკრიბე, წლების მიხედვით რამდენიც აკლდებოდა ქვეყნის მასშტაბით საარსებო მინიმუმს (ჯამურად), შეადგინა 1,6 მლრდ ლარი; ანუ მაშინდელი კორუფციის შებრუნებითი მხარე იყო მასობრივად დაბალი. რადგან კორუფცია ფართო მასშტაბის იყო და ყველა ადამიანი არ იყო ამაში ჩართული, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის დიდი, ყველაზე პატიოსანი და ერთგული მოხელეები თავიანთი მიუღებელი ხელფასით ახდენდნენ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას.

2003 წლის შემდეგ წავიდა ხელფასების ფორსირებული ზრდა. ამ შემოსავლების ზრდა 2-ჯერ უსწრებდა ჩვენი მშპ-ს ზრდის ნომინალურ ტემპსაც კი. თუ 2005 წლამდე ხელფასების დონით ამერიკას გაცილებით მეტად ჩამოვრჩებოდით, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონით, 2007 წლის შემდეგ ამერიკას გაცილებით ნაკლებად ჩამოვრჩებით ხელფასების დონით, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონით. ესე იგი, თუ ამერიკას ეკონომიკური განვითარების დონით ათჯერ ჩამოვრჩებით, ხელფასების სიდიდით ჩამოვრჩებით 7-8-ჯერ, რაც დადებითად ნამდვილად ვერ შეფასდება", - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სოსო არჩვაძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა