Financial Times - აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერების ფონზე, სავალუტო ბაზარზე დოლარის კურსი დაეცა

Financial Times - აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერების ფონზე, სავალუტო ბაზარზე დოლარის კურსი დაეცა

აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების ფონზე, სავალუტო ბაზარზე დოლარის კურსი დაეცა. ამის შესახებ Financial Times იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, დოლარის ინდექსი აშშ-ის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სავალუტო კალათაში 0,36%-ით 79,93 პუნქტამდე შემცირდა.

გამოცემის ცნობით, თებერვლის შემდეგ დოლარის კურსი პირველად ჩამოვიდა 80 პუნქტის ქვევით.

მსოფლიოს უმსხვილესი კომერციული ბანკის Goldman Sachs-ის ანალიტიკოსთა განცხადებით, აშშ-ის ეკონომიკას მთავრობის მუშაობის დახურვის თითოეული კვირა 8 მილიარდი დოლარი დაუჯდება და თუ ეს მდგომარეობა სამ კვირამდე გასტანს, შესაძლოა, ამან მეოთხე კვარტალში აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,9%-ით შემცირება გამოიწვიოს. თუმცა, ამერიკელი ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო უწყებების მუშაობის შეჩერება ამჯერად დიდხანს არ გასტანს და შესაბამისად, ამას ეკონომიკაზე მინიმალური ნეგატიური შედეგები ექნება.

ექსპერტთა ერთი ნაწილი ასევე აცხადებს, შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა არ იქონიოს გავლენა ქვეყნის და გლობალურ ეკონომიკაზე, თუ რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდა.

აშშ-ის ფედერალური უწყებების მუშაობის შეწყვეტა კონგრესში დროებითი ბიუჯეტის ჩავარდნას მოჰყვა. "რესპუბლიკელებსა" და "დემოკრატებს" შორის კომპრომისის მიღწევამდე ფედერალური მთავრობის 700 ათასზე მეტი თანამშრომელი აუნაზღაურებელ შვებულებაში იქნება, სახელმწიფო დაწესებულებები კი მოქალაქეებს აღარ მოემსახურებიან. დაიხურება ეროვნული მუზეუმები და პარკები.

ბარაქ ობამას განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების, მათ შორის ჯანდაცვის სფეროს, ავიადისპეტჩერთა, ბირთვული არსენალის შემნახველი სამსახურისა და თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსება გაგრძელდება.

მოსახლეობისთვის გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში ბარაქ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ მუშაობას გააგრძელებს კონგრესთან, რათა ამერიკელ სამხედროებსა და მათ ოჯახებს დაფინანასება არ შეუწყდეს. მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ეს სიტუაცია მალე მოგვარდება.

"სამწუხაროდ, კონგრესმა ვერ შეასრულა დაკისრებული პასუხისმგებლობა და ჩააგდო ბიუჯეტი, რის გამოც, ახლა მთავრობის უმრავლესობა მუშაობას წყვეტს, სანამ კონგრესი მათ ხელახლა არ დააფინანსებს. ამერიკელი ხალხის რთული გზით მოპოვებული მიღწევების საფრთხის ქვეშ დაყენება უპასუხისმგებლობის ზეობაა და ეს არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა ობამამ.

თეთრი სახლის საბიუჯეტო დეპარტამენტის მონაცემებით, უხელფასო შვებულება შეეხება NASA-ს თანამშრომელთა 97%-ს, გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომელთა 93%-ს, ვაჭრობის დეპარტამენტის 87%-ს. ნაკლებად დაზარალდება ვეტერანთა დეპარტამენტი, რომლის თანამშრომელთა მხოლოდ 4% გავა იძულებით შვებულებაში და იუსტიციის დეპარტამენტის - 15%.

17 ოქტომბერს, აშშ-ის კონგრესი კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რათა აშშ-ის სახელმწიფო ვალის ეგრეთ წოდებული "ჭერის მატების" ( ჰქონდეს სახელმწიფო ვალი გარკვეულ ზღვრულ ნიშნულამდე) საკითხი განიხილოს. ამ ეტაპისთვის აშშ-ის ვალი 16,7 ტრილიონ დოლარს შეადგენს და თუ ის არ გაიზარდა, აშშ-ი იძულებული იქნება გამოაცხადოს დეფოლტი, რამაც შეიძლება მსოფლიო კრიზისი გამოიწვიოს.

აშშ-ში ფედერალური უწყებების დახურვა, ე.წ. Shut Down სულ 18-ჯერ მოხდა. უკანასკნელად მათი დაფინანასების ბიუჯეტი 1995-96 წლებში ჩავარდა, როდესაც ბიუჯეტის საკითხზე უთანხმოება მოხდა ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და კონგრესში, უმრავლესობაში მყოფ რესპუბლიკელებს შორის. მომხდარის შედეგად ფედერალური უწყებები 21 დღის განმავლობაში იყვნენ დახურული, რაც ყველაზე გრძელვადიანი ე.წ. Shut Down იყო.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ