ჰილარი კლინტონი - საქართველო რთული დილემის წინაშე დგას

ჰილარი კლინტონი - საქართველო რთული დილემის წინაშე დგას

ვფიქრობ, საქართველო რთული დილემის წინაშე დგას და ეს მდგომარეობა კარგად უნდა გაანალიზდეს, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტომა ლონდონის Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას საქართველოს შესახებ შეკითხვა ამავე ინსტიტუტის წევრმა სულხან ხაბაძემ დაუსვა.

ამასთან, ჰილარი კლინტონმა ასევე ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიაღწია და აღნიშნა, რომ ამ პროგრესს ახალი მთავრობაც გააგრძელებს.

"აღსანიშნავია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიაღწია. ბევრი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ პროგრესში, ახლა თანამდებობაზე აღარ არის და თქვენ გყავთ ახალი მთავრობა, რომელსაც ცხადია, რომ უნდა ამ პროგრესის გაგრძელება და ამის საუკეთესო მეთოდით გაკეთება", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა.

სულხან ხაბაძის კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დემოკრატიის განვითარების გზაზე არსებული წინააღმდეგობების გადასალხად, ჰილარი კლინტონმა უპასუხა, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება საქართველოში სტაბილურობა მომდევნო თვეებში, დაცული იქნება თუ არა კანონის უზენაესობა, მიღწეული პროგრესის დაზარალების გარეშე.

"მე ვერ გიპასუხებთ მარტივად იმაზე, რასაც სხვები ამბობენ, რადგან ბევრია იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება საქართველოში მომდევნო თვეებში ქვეყნის სტაბილურობა და დაიცავთ თუ არა კანონის უზენაესობას, მიღწეული პროგრესისთვის დაზარალების გარეშე. ეს ძალიან ფრთხილად, დეპერსონალიზაციის გარეშე უნდა მოხდეს. თქვენ იმ ადამიანებზე კი არ უნდა იფიქროთ, ვინც თქვენი აზრით კანონი დაარღვია, არამედ ახალი ხელისუფლების პოზიციაზე და იმაზე, ახდენს თუ არა მთავრობა დემოკრატიის კონსოლიდირებას, თუ - ქვეყანას ანაწევრებს", - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავი უნდა აარიდოს პერსონალიზაციას და იმაზე იფიქროს, რა იქნება საუკეთესო საქართველოსთვის მომდევნო წლების განმავლობაში.

"მინდა, გთხოვოთ, რომ შეეცადოთ და თავი აარიდოთ პერსონალიზაციას და ამის ნაცვლად გაანალიზოთ, რა იქნება საუკეთესო საქართველოსთვის მომდევნო ხუთი, ათი, 15 წლის განმავლობაში. არსებობენ ადამიანები, რომელსაც, როგორც თქვენ ამბობთ, ხელისუფლებისგან რაღაცის გაკეთებას მოითხოვენ, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც წარუმატებლად მიიჩნევს თქვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. ასე რომ, თქვენ უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა. ისე უნდა შეინარჩუნოთ საჯაროობა და გამჭვირვალობა, რომ არ შეიქმნას არასტაბილურობა და თუნდაც კონფლიქტი, რომელიც ძირს გამოუთხრის დემოკრატიის პროექტს საქართველოში", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

ამასთ, სულხან ხაბაძემ ჰილარი კლინტონს შეკითხვის დასმისას უთხრა, საქართველოს დღევანდელი მთავრობა დასავლეთიდან უზომოდ დიდ, თითქმის გაუსაძლის წნეხს განიცდის ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დაკავების გამო.

"დღევანდელი მთავრობა დასავლეთიდან უზომოდ დიდ, თითქმის გაუსაძლის წნეხს განიცდის, რომ არ მოხდეს წინა რეჟიმის ოფიციალური პირების დაკავება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას პოლიტიკური მოტივით განხორციელებული შურისძიების დაბრალება ემუქრება. მეორე მხრივ კი, მთავრობის მიმართ დიდი წნეხია უკმაყოფილო და იმედგაცრუებული ქართული საზოგადოების მხრიდან, რომელიც დამნაშავეთა სამართლებრივად დასჯას მოითხოვს. თქვენი შეხედულება დიდად დასაფასებელია საქართველოში და მოხარული ვიქნები, თუ გაგვიზიარებთ თქვენს მოსაზრებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მოგვცემთ რჩევებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ შევძლოთ გადავლახოთ ეს წინააღმდეგობები, რომელიც აშკარად დგას ჩვენი მომავალი დემოკრატიის განვითარების გზაზე", - უთხრა სულხან ხაბაძემ ჰილარი კლინტონს.

სულხან ხაბაძე Chatham House-ის წევრია და რამდენიმე დღის წინ ამავე ტიპის ღონისძიებაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ზურაბ ადეიშვილის უნგრეთში ყოფნის შესახებ კრიტიკული კითხვებით მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა