როგორ გალახეს ვაჟა-ფშაველამ და მისმა ძმამ კრივის ლეგენდა ჯონ სალივანი

როგორ გალახეს ვაჟა-ფშაველამ და მისმა ძმამ კრივის ლეგენდა ჯონ სალივანი

1883-1884 წლებში, ვაჟა-ფშაველა რუსეთის იმპერიის სატახტო ქალაქში იყო და იქაურ უნივერსიტეტშიც, ხელმოკლეობის გამო "თავისუფალ მსმენელად" ირიცხებოდა. რადგანაც ასე იყო, საცხოვრებელიც და საკვებიც სტუდენტური ყაიდისა ექნებოდა და ათასში ერთხელ მოუწევდა სანქტ-პეტერბურგის განთქმულ სალონებში (იმ დროს ასე ეძახდნენ რესტორნებს, სადაც კეთილშობილი ხალხი იკრიბებოდა) პურობაც, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად.

ჰოდა, იმ დღესაც, როცა ეს ამბავი მომხდარა, ერთ-ერთ სალონში მსხდარან ქართველები. ვაჟასთან ერთად კი მისი ძმა ბაჩანაც ყოფილა.

მოვლენები კი ერთი შეხედვით, ძალზე ბანალურად განვითარებულა: გვერდით მაგიდასთან მსხდარ ყოყოჩა უცხოელებს რაღაც არ მოსწონებიათ ჩვენებისა და უკმეხადაც მიუმართავთ. ვაჟა უკმეხად მიმართვას ვის შეარჩენდა და კაი გვარიანი ჩხუბიც ატეხილა - იმდენად მაგარი, რომ სულ მილეწილ-მოლეწილა იქაურობაც და იმ უცხოელთა ცხვირ-პირიც.

მერე, როგორღაც მოგვარებულა ყველაფერი და ქართველებს თავიც დაუძვრენიათ ჟანდარმერიისგან.

რუსული ჟანდარმერია კი, ჩვენებურებს ოდითგანვე ძალიან მტრობდა და მისგან თავის დაძვრენა ბაჩანასა და ვაჟას რა და რამდენი დაუჯდებოდათ, მკითხველმა წარმოიდგინოს.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ მეორე დღეს, ბაჩანა რომ სამშობლოში გამობრუნდა, ვაჟასთან სასტუმროში ვიღაც ახმახი, დაკუნთული უცხოელი ჯეელი მოსულა და თავი ამგვარად წარუდგენია: მე ბატონო, ის კაცი გახლავართ, გუშინ ამა და ამ სალონში, თქვენს გვერდით მაგიდაზე რომ ვიჯექი და ჩემდა დიდად სამწუხაროდ, თქვენგან მოქნეულმა მუშტებმა დამაზარალაო.

ეს უცნობი ბაჩანას ვინაობით ინტერესდებოდა და ითხოვდა, გამაცანითო.

ვაჟა-ფშაველამ ახედ-დახედა უცხოელ ახმახს და მიხვდა, რომ სულაც არ ჰგავდა შურის საძიებლად მოსულს - უფრო, ინტერესი ამოძრავებდა.

თქვენ ვინ ბრძანდებითო, უკითხავს სიმკაცრეშეპარული თავაზიანობით და პასუხად მიუღია: ჩემპიონი ვარ კრივში, თანაც საკმაოდ ცნობილი და ჯერ ჩემი მომრევი, ემაგ კაცის გარდა, არავინ მინახავს და მეგონა, ვერც ვნახავდიო.

გამოიყვანეთ, ერთი კაი პური უნდა ვჭამო მაგასთანო - ერთი სიტყვით, კი ეტყობოდა, რომ ვაჟკაცი იყო და ვაჟკაცობის ფასიც ესმოდა.

ამიტომაც, ვაჟამ არ გააწბილა და მასთან ერთად პურიც გატეხა, ღვინოც დალია და ისიც უთხრა, ის თქვენი მომრევი ჩემი ღვიძლი ძმააო. ალბათ, სტუმარმა ისიც სთხოვა - ჩემი სირცხვილი არ გაამხილო, ისე კი ვწუხვარ, რომ ჩხუბის მიზეზი ჩვენ მოგეცითო. ვაჟამაც აღუთქვა - მაგაზე არ იდარდოო. ამიტომაც არ ახსენა მისი სახელი იმ თავის ფელეტონში, რომელიც მოგვიანებით გამოაქვეყნა.

არქივები კი მოწმობენ, რომ სწორედ იმ დროს, სანქტ-პეტერბურგში ტურნეს ატარებდა ირლანდიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მძიმეწონოსანი მოკრივე - ჯონ ლოურენს სალივანი.

სხვა რომელიმე მოკრივე იქ იმ დროს არავინ იყო, რადგანაც კრივი რუსეთის იმპერიაში იმდენად პოპულარული არ იყო და, რომ გამხდარიყო, სწორედ იმიტომაც იყო ჩასული ჯონ ლოურენს სალივანიც.

ის კი მაშინ მართლაც იყო ამერიკის კონტინენტის ჩემპიონი და ევროპაში ძალის საცდელად ჩამოსულიყო, თავის იმპრესარიოსთან ერთად. მაშინ მისდარი კი არა, საერთოდ მოკრივეებიც კი იშვიათი სანახავი იყო ბრიტანეთს გარეთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს