"ბიძინა ივანიშვილი სიამოვნებით მოხსნიდა ირაკლი ალასანიას, რომ არა ამერიკის ინტერესები"

"ბიძინა ივანიშვილი სიამოვნებით მოხსნიდა ირაკლი ალასანიას, რომ არა ამერიკის ინტერესები"

ბიძინა ივანიშვილი დიდი სიამოვნებით გაათავისუფლებდა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან, რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ინტერესები, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, აშშ-ში ირაკლი ალასანიას პერსონას კარგად იცნობენ, მათ შორის - მისი გაერო-ში ელჩობის პერიოდიდან.

"ამიტომაც, გასაგებია, რომ მათ სურთ ურთიერთობის გაღრმავება და მით უმეტეს მაშინ, როდესაც ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტი უკავია. რომ არა ეს, ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი აქამდეც გაათავისუფლებდა მას ამ თანამდებობიდან. მათ შორის ურთიერთობაში არსებობს გარკვეული ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორები, რაც უკვე გარეთაც გამოჩნდა და ეს, ბუნებრივია, საქმეს არ წაადგება", - განაცხადა ალადაშვილმა.

მისი განმარტებით, ჯარში იდეალური სიტუაციის შექმნა წარმოუდგენელია და შეიარაღებულ ძალებში დისციპლინა მუდმივად პრობლემა იყო.

ამასთან, ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალასანიას ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიარაღებული ძალების დეპოლიტიზაციას ასახელებს.

"ირაკლი ალასანიამ რეალურად მოახდინა ჯარის დეპოლიტიზაცია. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება ან დასჯა დღეს აღარ არის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს არსებობდა. წინა მინისტრების უმეტესობა ნამდვილად არ შეესაბამებოდა აღნიშნულ თანამდებობას და მათი დანიშვნა იყო დანაშაული სახელმწიფოს წინაშე. დეპოლიტიზაციის გარდა, ძველი მინისტრებისგან განსხვავებით, ირაკლი ალასანია ნაკლებად ერევა გაერთიანებული შტაბის საქმიანობაში, რაც ადრე ძალიან უხეში ფორმით ხდებოდა", - აღნიშნა ირაკლი ალადაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, რადიოებისა და ბეჭდური მედიის მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე, ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ამ საქმეზე გრიფი "საიდუმლოს" დადების მიზანშეწონილობას ვერ ხედავს.

"ჯარისკაცების მოწამვლის პირველი შემთხვევა რომ მოხდა, ალასანიამ თვითონ დამირეკა და განმიმარტა, რომ 7-8 კაცი იყო შეუძლოდ. ახლა მეორედ მოხდა იგივე, მაგრამ ალასანიას აღარ დაურეკავს. არ ვიცოდი, თუ საქმეს გრიფით "საიდუმლო" ედო. რა ხდება, სააკაშვილის მთავრობაა? ვინ დაადო საიდუმლო? რა სახელმწიფო საიდუმლოებაა ჯარისკაცის მოწამვლა? ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს და რა თქმა უნდა, მე ამ საკითხით დავინტერესდები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა.

"ჩემთვის ცნობილია, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებსაც არ ვუყვარვართ, არ მოვწონვართ და კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, რადგან ეს დემოკრატიის ნაწილია, თუმცა ჩემთვის მიუღებელია და დანაშაულად მივიჩნევ საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა