მოწყენილობა უბნებზე და მანდარინი, როგორც ხმის მიცემისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი

მოწყენილობა უბნებზე და მანდარინი, როგორც ხმის მიცემისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი

ეს იყო ყველაზე წყნარი არჩევნები, ცოტათი მოსაწყენიც კი, როდესაც რეგიონებში სხვა წინა არჩევნების მსგავსად არც რაიმე სერიოზული გაყალბება და არც შეხლა-შემოხლა არ მომხდარა.

საარჩევნო უბნებზე სიხალვათესა და სიწყნარეს თითო-ოროლა დარღვევა თუ აფხიზლებდა, თუმცა, როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ძირითადად არამიზანმიმართული გაყალბების ფაქტებს, არამედ არაკომპეტენტურობით გამოწვეულ საარჩევნო პროცედურების დარღვევას ჰქონდა ადგილი.

"ვინც სკანდალებს ელოდა, მათთვის დღეს ცოტა მოწყენილობაა, მხოლოდ ელემენტარული ხარვეზებია დაფიქსირებული", - ეგზიტპოლების გამოცხადებამდე ცოტა ადრე განაცხადა გიორგი მარგველაშვილის შტაბის უფროსმა დავით საგანელიძემ.

იმერეთში საპატარძლო კაბით მისული ამომრჩეველი

იმერეთის სხვადასხვა რაიონის საარჩევნო დღე მშვიდი იყო, თუმცა, არასამთავრობოებსა თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს დარღვევებზე განცხადების გაკეთების საშუალება მაინც მიეცათ.

ქუთაისი - პირველი საჩივარი დილის 9 საათზე 39-ე უბანზე დაიწერა, როდესაც გადასატანი ყუთი წუთის დაგვიანებით გავიდა. ამავე უბანზე ბათილად ცნეს ერთი ბიულეტენი. კომისიის თავმჯდომარის ნინო კოსტავას თქმით, ამომრჩეველს კანდიდატის შემოხაზვა შეეშალა.

#120-ე საარჩევნო უბანზე, #4 საჯარო სკოლაში, ამომრჩეველმა ხმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით მისცა.

"ამომრჩეველი ქალბატონი მოვიდა. საკმაოდ ხანშიშესული, წარმოადგინა დოკუმენტები პირადობის ასლი, საპენსიო მოწმობა, ყველგან ეწერა ერთი და იგივე სახელი და გვარი, ასევე მისამართი. ჩვენ საოლქომ მოგვცა პლანშეტი, შევიტანეთ ეს მისამართები და დაფიქსირებულია იმ მისამართზე, რაც პირადობის მოწმობის ასლში იყო. ქალბატონს პირადობა დაკარგული ჰქონდა "კასტილებით" იყო ადამიანი მოსული და უკან ვეღარ გავუშვით", - "მთელ კვირასთან" საუბრისას განაცხადა კომისიის თავმჯდომარე კარლო მაჭარაშვილმა.

პარტია "დემოკრატიული მოძრაობა" ქუთაისის შტაბში საგანგებო ბრიფინგი ქუთაისის 6 უბანზე გამოვლენილი "კარუსელის" მცდელობის ფაქტს მიუძღვნეს. შტაბის ხელმძღვანელის ივლიანე ნაჭყებიას თქმით, კარუსელის მცდელობა ბურჯანაძის წარმომადგენლებმა 6 უბანზე დააფიქსირეს.

"40-ე უბანზე ანრი თევდორაძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ამავე დროს ქუთაისის მერიის თანამშრომელია, განმეორებით ცდილობდა ხმის მიცემას. მას უკვე გაკეთებული ჰქონდა მარკირება", - განაცხადეს ბრიფინგზე.

პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" მსგავსად "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისშიც დარღვევებთან დაკავშირებით არსებული მონაცემები შეაფასეს.

"არჩევნები დილით მშვიდად ტარდებოდა, თუმცა ბოლო მონაცემებით, გახშირებულია ხმის მიცემის განმეორებითი მცდელობის შემთხვევები, რაც მარკირების პროცედურის გავლის შემდეგ გამოვლინდა. ე.წ. "სომხური კარუსელის" მცდელობა დაფიქსირდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ცარიელი ბიულეტენი გარეთ გაიტანა," - განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი თევდორაძემ.

პროვოკაციაზე ისაუბრა გიორგი მარგველაშვილის ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსმა ზაზა მარუაშვილმა.

"კარუსელების მცდელობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ვიცით კონკრეტული ადამიანების გვარები, რომლებიც უბნებზე პროვოკაციას აწყობდნენ. იყო ხალხის დაშინების მცდელობა. ვიმედოვნებთ, რომ ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე პარტიას. რამდენიმე უბანზე საკონტროლო ფურცლის გარეშე დაიწყო საარჩევნო პროცესი, საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ კი საარჩევნო პროცედურა არ შეწყვიტა... როგორც კულისებიდან ვიცი, ამომრჩეველს, მოსყიდვის მიზნით, სხვადასხვა პარტიები გარკვეულ თანხას უხდიან", - აღნიშნა ზაზა მარუაშვილმა.

51-ე უბანზე კი უჩვეულო ფაქტი მოხდა - საარჩევნო უბანზე ახლადდაქორწინებული წყვილი საქორწინოდ გამოწყობილები მივიდნენ. როგორც სიძე-პატარძალმა ზურაბ ჭრელაშვილმა და ნინო კალანდარიშვილმა განაცხადეს ჯვრისწერამდე მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს და ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს.

29-ე უბანში საუბნო კომისიის წევრს ხმის მიცემის უფლება მარკირების ნიშნის აღმოჩენის გამო არ მისცეს. როგორც კომისიის წევრი რევაზ აირიშვილი ამბობს, ხმა არსად მიუცია, მარკირებაგავლილმა ახლობელმა ჩამოართვა ხელი და სითხე ალბათ ასე გადაედო. ზესტაფონში #9 საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა - ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთი დააზიანა, რის გამოც დროებით კენჭისყრის პროცესი შეჩერდა.

წყალტუბოში ერთ დევნილ ამომრჩეველს დევნილის მოწმობის გარეშე მიაღებინეს მონაწილეობა.

თერჯოლაში მოსახლეობის თქმით, არჩევნებში მათი პრობლემა სოფლების ტრანსპორტით უზრუნველყოფის არარსებობა გახდა. გასულ წელს სოფლებში მცხოვრებლებს პარტიების, ძირითადად "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ტრანსპორტი, უფასოდ ემსახურებდა. მათ ამომრჩევლები ხმის მიცემის დაპირებით საარჩევნო უბნამდე მიყავდათ. წელს მსგავსი ფაქტები არ დაფიქსირებულა.

"მოხუცი ადამიანისთვის ძალიან ძნელია ამხელა მანძილის გავლა. ჩემი შვილი სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა, ადრე სხვა არჩევნებზე ყოველთვის მოდიოდა ხოლმე, უბანზე მივყავდი და ხმას, რა თქმა უნდა, სახელისუფლებო კანდიდატს ვაძლევდი. ახლაც მუშაობს, მაგრამ წელს არ მოსულა. სიმართლე გითხრათ, გადაწყვეტილიც არ მქონდა ვისთვის მიმეცა ხმა", - განაცხადა თერჯოლაში მცხოვრებმა ლიანა კვარაცხელიამ "მთელ კვირასთან" საუბარში.

"შარშან "მარშრუტკა" ჰქონდათ გამოყოფილი და ხალხი მიყავდათ, კი გვეუბნებოდნენ - ხმა ჩემს კანდიდატს მიეცითო, თავს ვუქნევდი - კი-მეთქი, მაგრამ ჩემი ნება არ იყო ვის შემოვხაზავდი?! წელს შვილიშვილმა მომაკითხა მანქანით და გამიყოლა. ის რომ არ მოსულიყო, ნამდვილად ვერ მივიღებდი არჩევნებში მონაწილეობას, - ამბობს ოთარ ნოსელიძე.

გარდაცვლილი დედამთილი ჩოხატაურის საარჩევნო სიაში

ამომრჩეველთა აქტივობა გურიაშიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაბალი იყო. სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. ძირითადად, შეინიშნებოდა რწმუნებულები უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე. კითხვაზე, რატომ იმყოფებოდნენ ისინი საარჩევნო უბნებთან ახლოს, გვპასუხობდნენ, რომ ეს დარღვევა არ იყო და მათ ჰქონდათ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის უფლება.

ლანჩხუთის #7 საარჩევნო უბანზე დილიდან კენჭისყრის პროცედურა ერთ-ერთ ბეჭედზე ნაკვეთურის გარეშე მიმდინარეობდა. დარღვევა დაფიქსირდა ასევე ლანჩხუთის #6 უბანზე, სადაც გადასატან ყუთს კოალიცია "ქართული ოცნების" ორი წარმომადგენელი გაყვა. საია-ს საჩივრის შემდეგ საოლქო კომისიამ გადასატანი ყუთით მიცემული ხმა, 36 ბიულეტენი ბათილად სცნო.

ჩოხატაურში ა/ო "ადამიანთა უფლებების დაცვის ცენტრის" წარმომადგენელს ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისათვის კომისიამ უბანი დაატოვებინა. იმავე უბანზე აგიტაციას რამდენიმე პოლიციელი ეწეოდა.

ოზურგეთში კი "ქართული ოცნების" აქტივისტებმა დავით ბაქრაძის ბილბორდზე ცოცხები ჩამოკიდეს.

ინციდენტი კახეთში

გურჯაანში პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ხდება სააგიტაციო მასალების დარიგება. "სამართლიანი საქართველოს" განცხადებით "ნაციონალური მოძრაობისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" მხრიდან დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვა, კერძოდ მათ ამომრჩევლებს 200-200 ლარი დაურიგდათ.

თელავის სოფელ ყარაჯალაში ერთ-ერთი ამომრჩეველი ხმის მიცემას სხვისი პირადობის მოწმობით ცდილობდა. 35-ე საარჩევნო უბანში გადასატან საარჩევნო ყუთს თან გააყოლეს ამ ყუთის სიაში მყოფი ხუთი ამომრჩევლის პირადობის მოწმობა.

ყვარელში, სოფელ ჭიკაანში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს #14 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით და მონაწილეობით გადაღება აუკრძალეს და შენობა ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ამ ფაქტს ცესკო-ს პრესსპიკერი ეკა აზარაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჟურნალისტი სამაგიდო სიებს იღებდა, რის გამოც მას შენიშვნა მისცეს, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. თუმცა, დაპირისპირება საარჩევნო შენობის გარეთ მოხდა და ცესკო რეაგირებას ვერ მოახდენს.

ლაგოდეხის სოფელ კაბალში, არასამთავრობოების ცნობით, საარჩევნო უბანზე 14 საათისთვის მისული 65 ამომრჩეველიდან 10-მა, მათ შორის, ახალგაზრდამაც განაცხადა, რომ მხედველობა უჭირს და კაბინაში სხვასთან ერთად შევიდა.

თითზე ჩამოსათვლელი დარღვევების ქრონიკა

სოფელ ხურვალეთთან "მაესტროს" გადამღებ ჯგუფს, პირდაპირ ეთერში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომანქანიდან ოსი ეროვნების პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ოსი ეროვნების მოქალაქეები ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და სროლითა და დაპატიმრებით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ლურჯი ფერის სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული, მავთულხლართებზე გადმოსვლა სცადა, რა დროსაც ქართველმა ჟურნალისტებმა თავს გაქცევით უშველეს.

ზუგდიდი - აქ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მისცა ხმა.

კოალიცია "ქართული ოცნების" კოორდინატორს ორი ავტომანქანა დაუმტვრიეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ავტომანქანები ნინო ბურჯანაძის აქტივისტებმა დააზიანეს. "ქართული ოცნების" კოორდინატორის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებულნი.

მარტვილის მე-2 საარჩევო უბანზე მარტვილის საოლქო საარჩენვო კომისიის 2 წარმომადგენელმა მარკირება არ გაიარა და არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მითითებას და ხმა მარკირების გარეშე მისცეს.

აბაშაში რამდენიმე უბანს დაახლოებით ერთი საათის მანძილზე ელექტოროენერგია არ მიეწოდებოდა.

ჩხოროწყუს 21-ე უბანზე კომისიის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს უკვე დილის 10 საათისათვის მოაწერეს ხელი.

გორის 32-ე საარჩევნო უბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ნინო ბურჯანაძისა და ქართული ოცნების სასარგებლო აგიტაცია. დამკვირვებლის ცნობით, რამდენიმე ქალი შევიდა საარჩევნო უბანზე და მოუწოდებდა ამომრჩევლებს ხმა მიეცათ ან ნინო ბურჯანაძისთვის, ან კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატისთვის, გიორგი მარგველაშვილისთვის.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გორის სოფელ კირბალში ვინმე ლერი აბალაკი და მარიამ დოთიაშვილი "ქართული ოცნების" მხარდაჭერის სანაცვლოდ ამომრჩევლებს 200-ლარიან დახმარებას ჰპირდებიან. დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი და წინასწარ შემოხაზული ბიულეტენები.

ახალციხის 1-ლ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ამომრჩეველთა სიაში წინასწარ გაკეთებული იყო ხელმოწერები ამომრჩეველთა გრაფის გასწვრივ. 10-ვე საარჩევნო უბნის კედელზე გაკრულ ხმის მიცემის ნიმუშში შემოხაზული იყო #41.

მარნეულში ერთ ამომრჩეველს ხმა მართვის მოწმობით მიაცემინეს. 56-ე, 54-ე, 40-ე, 64-ე უბნებზე ბიულეტენები პირდაპირ ჩააბარეს საარჩევნო ყუთში. საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე ორგანიზაციის დამკვირვებელმა დააფიქსირა რამდენიმე ფაქტი, როცა რეგისტრატორმა ამომრჩეველს 41 ნომრიანი უკვე შემოხაზული ბიულეტენი გადასცა. როგორც დამკვირვებელი აცხადებს, არსებობს ამ ფაქტის ვიდეოჩანაწერიც. ამის შემდეგ კი უბანზე ვიდეოგადაღება საერთოდ აკრძალეს.

სახალისო ფაქტები

საარჩევნო პროცესში იყო ცოტათი სახალისო შემთხვევებიც. ბოლნისის რაიონში სოფლის რწმუნებული გუმბათ თუხანოვი უბანზე ხმის მიცემის პროცედურას მუსიკოსების თანხლებით ატარებდა.

ქუთაისის 89-ე უბანზე მანდარინნაჭამ მოქალაქეს საარჩევნო კომისიის წევრებმა ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. მოქალაქე ამტკიცებდა, რომ ის საარჩევნო უბანზე პირდაპირ სახლიდან მოვიდა და შეუძლებელი იყო მის თითზე მარკირების სითხე ყოფილიყო.

"ახლახან ავდექი საწოლიდან და აქ ხმის მისაცემად მოვედი. მე რისი გამყალბებელი ვარო?! - განაცხადეს უბანზე მყოფმა დამკვირვებლებმა.

საბოლოოდ მოქალაქეს სახლში წასვლა, ხელების დაბანა და ისევ უკან დაბრუნება ურჩიეს, რის შემდეგაც მან მარკირების პროცედურის გავლა და ხმის მიცემა შეძლო. არასამთავრობოთა ნაწილის ცნობით, მანდარინის წვენი ამ მხრივ მართლაც ქმნის პრობლემას - იგი ხელზე დაახლოებით ისეთივე კვალს ტოვებს, როგორც მარკირების სითხე.

ქეთევან ლებანიძე

ნინო მშვიდობაძე

თამთა ვირსალაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა