სერგი კაპანაძე - პრემიერის და არჩეული პრეზიდენტის გზავნილები საგარეო პოლიტიკაზე მხოლოდ დადებითი იყო

სერგი კაპანაძე - პრემიერის და არჩეული პრეზიდენტის გზავნილები საგარეო პოლიტიკაზე მხოლოდ დადებითი იყო

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პრემიერ-მინისტრისა და ახლადარჩეული პრეზიდენტის გუშინდელ ერთობლივ პრესკონფერენციას ეხმაურება.

"პრემიერ მინისტრს და არჩეულ პრეზიდენტს ძალიან სწორი გზავნილები ჰქონდათ საგარეო პოლიტიკასთან და რუსეთთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ არჩეული პრეზიდენტის გზავნილს, რომ უნდა მოხდეს ჟენევის ფორმატის გააქტიურება და რომ მნიშვნელოვანია ვილნიუსის სამიტის შემდეგ ძალისხმევის გააქტიურება. ძალიან კარგია, რომ ეს გზავნილები იქნა გაჟღერებული. და არ შემიძლია არ გამოვთქვა დადებითი დამოკიდებულება პრემიერის მიერ მტს-თან დაკავშირებულ განცხადებაზე. რუსეთის ოკუპაციას, მათ შორის, სამართლებრივი გზებით უნდა ვებრძოლოთ. ამ კუთხით მინდა გავახსენო ხელისუფლებას, რომ დაწყებული იყო კონსულტაციები რუსეთთან მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, რომელიც უნდა შეხებოდა დევნილების დაბრუნების თემის განხილვას. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი გაგრძელდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დროულად ამოქმედდეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შედეგად ხელმოწერილი ორმხრივი ხელშეკრულება. მოკლედ, მე რა გზავნილებიც მოვისმინე პრემიერის და არჩეული პრეზიდენტის მხრიდან საგარეო პოლიტიკაზე, მხოლოდ დადებითი იყო. იმედია, არაფერი გამომრჩა!", - წერს კაპანაძე.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრთან ერთად გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ის ეკონომიკური პოზიტივები რაც რუსეთთან გვაქვს, პოზიტივია ტემპერატურის დაბლა დაწევისა და ნდობის კავშირების აღდგენის თვალსაზრისით". მისი თქმით, შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად მუშაობა მიმდინარეობს.

"რუსეთთან ურთიერთობაში ხაზი გავუსვით, რომ ის ეკონომიკური პოზიტივები რაც გვაქვს, ეს, თავის მხრივ, უკვე პოზიტივია ტემპერატურის დაბლა დაწევისა და ნდობის კავშირების აღდგენის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა. ეს არის ის, რომ ჩვენ ვახერხებთ, არ ვიყოთ უაღრესად მძიმე მომენტში. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჟენევის ფორმატის გააქტიურება. ჩვენ, ჯერჯერობით, ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა ივანიშვილმა. 

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს