ჭორ-მართალი ელენე საბიაშვილზე

ჭორ-მართალი ელენე საბიაშვილზე

პროექტის - "ახალი ხმა" "ბრმა" კასტინგზე 17 წლის ელენე საბიაშვილის გამოსვლამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რასაც თავად კონკურსანტი ძალიან განიცდის. ამბობს, რომ იმ ჭორებმა, რომელიც მასზე გაავრცელეს, დიდი სტრესი გადაატანინა. თუმცა, მაინც ცდილობს, ფარ-ხმალი არ დაყაროს და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლოს.

- ელენე, "ახალ ხმაში" მონაწილეობის სურვილი რატომ გაგიჩნდა?

- როდესაც "ახალი ხმის" პირველი სეზონი დაიწყო, იოანემ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პროექტში მონაწილეობა ორივეს მიგვეღო. თუმცა, ბოლოს მე გადავიფიქრე, იოანე კი გავიდა... მეგონა, ამისთვის მაშინ მზად არ ვიყავი.

- იოანე, როგორც ვიცი, შენი შეყვარებულია, არა?

- დიახ, იოანე არაბული ჩემი შეყვარებულია. ის "ახალი ხმის" პირველ სეზონში, მაოს და სტეფანეს ჯგუფში იყო. როცა უკვე მეორე სეზონისთვის გამოცხადდა კასტინგი, ვინც კი ჩემი ვოკალური მონაცემების შესახებ იცოდა, ყველამ მთხოვა, ბედი მეც მეცადა. ამჯერად, ბევრი არ მიფიქრია, საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა თავადაც მსურდა.

- ამბობენ, რომ "ბრმა" კასტინგზე შენი გამოსვლა ჩაწყობილი იყო. მაია და სტეფანე მართლა შენი მეგობრები არიან?

- ეს ძალიან დიდი სისულელეა და ამ ყველაფერზე მეცინება. იმის ნაცვლად, რომ გვერდში დამიდგნენ და გამამხნევონ, ვიღაცები ათასნაირ სისულელეს იგონებენ. ეს ხომ ჩემი პირველი გამოსვლა იყო ამხელა აუდიტორიის წინაშე და ისედაც ვნერვიულობდი.

- ანუ კასტინგამდე მათ არ იცნობდი? ამბობენ, რომ ისეთი ახლო მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, რომ ისინი სახლშიც ხშირად გსტუმრობენ ხოლმე.

- გეტყვით, ეს ჭორები საიდან წამოვიდა. მაო და სტეფანე იოანემ გამაცნო, როცა "ახალ ხმაში" თავად მონაწილეობდა. მაშინ შეყვარებულს ერთ-ერთ "ლაივ"-კონცერტზე ვახლდი. ჰოდა, იოანემ მათ უთხრა,

- სხვათა შორის, ელენეც კარგად მღერისო.

- მათ შენი ნამღერი მოსმენილი ჰქონდათ?

- არა, რა სისულელეა! მაგრამ "ფეისბუკზე" მიდევს ჩემი ვიდეოები და შეიძლება, იქ მოისმინეს.

- "ბრმა" კასტინგზე, როცა მწვრთნელები შემოგიტრიალდნენ, მაომ აღნიშნა, რომ გიცნობდა და ეს ჭორებიც სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა.

- მათ არ დაუმალავთ, რომ მიცნობდნენ. დასამალი მგონი, არც არაფერი იყო. სხვებზეც უთქვამთ, - ამას ვიცნობთო, მაგრამ ისეთი ამბავი, რაც ჩემ გამო ატყდა, არასდროს "აგორებულა". მერწმუნეთ, მაოსთან მეგობრული ურთიერთობა მხოლოდ ახლა ანუ მას მერე მაქვს, რაც "რინგისთვის" მზადება დავიწყეთ. მინდა, ჩემს "გულშემატკივრებს" ვუთხრა, რომ უსაფუძვლოდ მას ნურაფერში დაადანაშაულებენ. ის ჩემი იდეალია და არ მსიამოვნებს, როცა მასზე უაზროდ ლაპარაკობენ.

- სიმღერის დაწყებიდან რამდენიმე წამში ჟიურის სამი წევრი შემოგიბრუნდა. როგორ ფიქრობ, დათო ფორჩხიძე რატომ არ შემოგიტრიალდა? ამბობენ, რომ მან თქვენი მეგობრობის შესახებ იცოდა...

- დათო იმიტომ არ შემოტრიალდა, რომ მას ჯგუფი უკვე შევსებული ჰქონდა და ახალ კონკურსანტს ვეღარ დაიმატებდა. საერთოდ არ მინდა, ამ თემაზე ლაპარაკი. დათოს თავისი ნაცნობებიც ბევრი ჰყავს და იმათ მიხედოს. მე პატივს ვცემ ამ ადამიანს და მინდა, არა მარტო მას, არამედ მისი გუნდის წევრებს ანუ ჩემს კონკურენტებსაც წარმატებები ვუსურვო!

- დიდი ხანია, რაც მღერი?

- ბავშვობიდან ვმღერი, ოღონდ - ჩემთვის, სახლში. ჯერ ერთი წელიც არ გასულა მას მერე, რაც სიმღერას სერიოზულად მოვკიდე ხელი. ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა დამაჯერეს, რომ ეს საქმე კარგად გამომდიოდა, თორემ ვოკალის პედაგოგთან არასოდეს მივლია. საკუთარ თავზე დამოუკიდებლად, გიტარის თანხლებით ვმუშაობ (იღიმის).

- როგორც ვიცი, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობ. რომელ კლასში ხარ?

- მე-12 კლასში ვარ და ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადები.

- პროფესია უკვე არჩეული გაქვს?

- დიახ. ბავშვობიდან მსახიობობაზე ვოცნებობ და გადავწყვიტე, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარო. ადრე სტუდია "ბერიკებში" დავდიოდი, სადაც ცოტაოდენი სამსახიობო გამოცდილება შევიძინე. ერთი ლამაზი, სექსუალური ქალის როლს ვთამაშობდი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ცდილობდა, ერთ-ერთი მთავარი გმირისთვის ფული გამოეძალა (იცინის). ასევე, ვმონაწილეობდი პოეზიის საღამოებში და მხატვრული კითხვის ოსტატობასაც დავეუფლე, რაც ყველა მსახიობისთვის საჭირო და აუცილებელია. სურვილი მაქვს, მომავალში დიდ სცენაზე ვითამაშო. მინდა ცნობილი, წარმატებული მსახიობი გავხდე და ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება.

- როგორც ვიცი, ხატვის ნიჭიც გაქვს.

- დიახ და ძირითადად, პორტრეტებს ვხატავ. თვითნასწავლი მხატვარი ვარ და სახლში ჩემთვის ვერთობი ხოლმე.

- უკრავ გიტარაზე, პიანინოზე...

- (მაწყვეტინებს) სხვათა შორის, გიტარაზე დაკვრა დამოუკიდებლად ვისწავლე. ოღონდ, მანამდე რამდენიმე აკორდი იოანემ მასწავლა, შემდეგ კი "იუთუბის" დახმარებით ვრეპეტიციობდი და თანდათან დავხვეწე. იოანეც თვითნასწავლი გიტარისტია.

- და როგორც ვიცი, ძალიან კარგად უკრავს.

- მართლა ძალიან კარგად უკრავს, მაგრამ ამის შესახებ ბევრმა არ იცის. იმედი მაქვს, რომ მას, როგორც ერთ-ერთ კარგ შემსრულებელს, საზოგადოება მალე გაიცნობს.

- დიდი ხანია, რაც შენ და იოანე შეყვარებულები ხართ?

- უკვე 2 წელია.

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- იოანე რუსთავის "ბრავო თეატრის" შენობაში რეპეტიციობდა, მე კი იქ ერთ-ერთი სპექტაკლის სანახავად მივედი. ჰოდა, მას სწორედ მაშინ შევუმჩნევივარ. 1 წლის შემდეგ, ამ თეატრში კასტინგი გამოცხადდა. რეჟისორს სპექტაკლისთვის ახალგაზრდა მსახიობები სჭირდებოდა. მე და იოანე ამ კასტინგზე მოვხვდით და ჩვენდა გასაკვირად, როლზე ორივე დაგვამტკიცეს. სპექტაკლში შეყვარებულების როლები ვითამაშეთ. იოანემ პრემიერამდეც ვერ გაძლო და სიყვარული ამიხსნა.

- ამ პროექტში მონაწილეობით ალბათ, უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინე. ამის გამო იოანე ხომ არ იეჭვიანებს?

- ცოტას ახლაც ეჭვიანობს (იცინის), მაგრამ ცდილობს, გამიგოს, როგორც მე ვუგებდი. თუმცა, თავად ეჭვიანი არ გახლავართ. არასდროს არავისზე არ ვეჭვიანობ.

- გარდა იოანესი, ვინ არიან შენი გულშემატკივრები?

- ყველაზე დიდი გულშემატკივრები ჩემი ოჯახის წევრები არიან: დედა, მამა, ჩემი ძმა. ასევე, მყავს და, რომელიც ჩემსავით, სიმღერის ნიჭით არის დაჯილდოებული, არაჩვეულებრივად მღერის.

- ახლო მომავალში შენ და იოანე დაქორწინებას ხომ არ აპირებთ?

- არა, ამაზე არც ვფიქრობთ, რადგან ჯერ უამრავი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი. როცა კარიერას ავაწყობთ, ოჯახის შექმნაზე მერე ვიფიქრებთ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება