ალასანიას გუნდის ბედი ღარიბაშვილის მთავრობაში

ალასანიას გუნდის ბედი ღარიბაშვილის მთავრობაში

ლოგიკურია მოლოდინი, რომ ალასანიას გუნდი შესაძლოა, ახალ მთავრობაში აღარ იყოს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მოლოდინი ირაკლი ალასანიასა და ირაკლი ღარიბაშვილის ურთიერთობაში გარკვეული პრობლემების არსებობიდან მომდინარეობს.

"თუმცა, ასეთ ურთიერთობაზე არ იგება ხოლმე ამ რანგის პოლიტიკური ფიგურების მოქმედება. ისინი, როგორც წესი, ორიენტირებული არიან შედეგზე, რომელსაც კონკრეტული პიროვნება იძლევა. შეიძლება ძალიან ადეკვატური შედარება არ იყოს, მაგრამ გავიხსენოთ, ნაპოლეონი რამდენ ხანს ეჩხუბებოდა, თუმცა ამავე დროს გვერდით იტოვებდა ფუშეს და ტალეირანს. სახელმწიფო თავისას ითხოვს. რამდენი კონფლიქტიც არ უნდა იყოს, გადამწყვეტია ის, რა ღირებულებები აქვთ მათ და რამდენად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. როგორც მე ვიცი, ალასანია შესანიშნავად ასრულებს თავდაცვის მინისტრის ფუნქციას და ვფიქრობ, ეს თვისება ძვირფასი იქნება ახალი პრემიერისთვის", - განაცხადა საყვარელიძემ.

რაც შეეხება თეა წულუკიანს, პოლიტოლოგის შეფასებით, იუსტიციის სამინისტროში უწყებრივი პრობლემები არ ჩანს და თუ მინისტრი თანამდებობას დატოვებს, ეს შესაძლოა, მისი პირადი სურვილით მოხდეს.

"წულუკიანი დიდი ხანია ამბობს თავისი სურვილით წასვლაზე. რაიმე უწყებრივი პრობლემები არ ჩანს. ეს უკვე მისი, როგორც პიროვნების საქმეა და არა მისი, როგორც მინისტრის პრობლემა. პრემიერიც წავიდა თავისი სურვილით და ვერავინ გააჩერა", - აღნიშნა საყვარელიძემ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კითხვაზე, დარჩება თუ არა თანამდებობაზე, ასეთი კომენტარი გააკეთა - ვფიქრობ, რომ ჩემი საქმით დახმარება ქვეყანას სჭირდება. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ ამგვარი სურვილი მომავალ პრემიერსაც ექნება, მზად არის, მას იმ დიდ საქმეში დაეხმაროს, რომელსაც ევროპასთან მიახლოება ჰქვია.

"მეჩვენება, რომ ჩემი საქმით დახმარება ქვეყანას სჭირდება. თუ ამგვარი სურვილი ექნება მომმავალ პრემიერ-მინისტრს, მე მზად ვარ, რომ მას დავეხმარო იმ დიდ საქმეში, რომელსაც ევროპასთან დაახლოება ჰქვია", - განაცხადა წულუკიანმა.

ამასთან, ირაკლი ასალანიას გუნდიდან სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებს ალექსი პეტრიაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა