რას არ ნანობს მამუკა ჩარკვიანი

რას არ ნანობს მამუკა ჩარკვიანი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაიზარდა. მის მშობლებთან მაშინდელი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები მეგობრობდნენ და მათ გარემოცვაში განვლო ბავშვობამ...

40 წლის იყო, სცენაზე რომ გამოჩნდა, მამის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით წარდგა ფართო მსმენელის წინაშე. ერთი პერიოდი შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, რამაც დაახლოებით ცხრა წელს გასტანა, თუმცა ბოლო ხანს გააქტიურდა და თავისი მსმენელი გაახარა.

არცთუ ისე ხშირია შემთხვევა, როცა რომელიმე კომპოზიტორის სიმღერა წლების განმავლობაში ინარჩუნებს ხალხის ინტერესსა და სიყვარულს. აქ კი სწორედ ასეთ "სურათთან" გვაქვს საქმე. ყოველთვის ყველასაგან განსხვავებული ემოციით მღეროდა და დღემდე ასეა. ამაში მაშინაც დავრწმუნდით, როცა საუბრის ბოლოს მამუკა ჩარკვიანმა თავისი ორი სიმღერა გიტარის თანხლებით შეგვისრულა...

- გარშემო მყოფები ამბობენ, რომ ბოლო დროს სხვანაირი სიმღერები დავწერე. უფრო კარგი, განსხვავებული. რა თქმა უნდა, ჩემი ხელწერა მაინც იგრძნობა. ზოგიერთს ერევა ერთფეროვნება ხელწერაში და ეს ცუდია. სიმღერა რომ იწყება, უნდა ჰგავდეს კომპოზიტორს, კაცის ხელწერა აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს და ასე მე ბევრი მცნობს. ცხოვრებაში სიმღერა არ გამიშვია ისე, რომ მას მაგარი ფილტრი არ გაევლოს - თაკო ჩარკვიანი, ირმა გიგანი, ჩემი მეუღლე, მამაჩემი და თავად მე... დღეში სულ ცოტა ოთხ საათს ვმუშაობ პიანინოსა და გიტარასთან. ვუკრავ სხვადასხვა თემას, რომელთაგან ერთი ამეკვიატება და ის რჩება დაუმთავრებელი. გადის 2-3 თვე და ის ერთი თემა თუ გონებაში ამოტივტივდება, მერე მას ტვინი სხვა მიმართულებას აძლევს და იღებს ფორმას. თუმცა ისიც ხდება, რომ შეიძლება, არავითარი ფორმა არ მიიღოს, არ შედგეს. სიმღერა პატარა სპექტაკლია და როცა სცენაზე დგახარ, მღერი, იმ წუთას შენ მსახიობი ხარ...

- 58 წლის ბრძანდებით, 15 წლის ასაკში დაიწყეთ სიმღერების წერა, ხომ?

- დიახ. 16-17 წლის ვიყავი, როცა დავწერე "ჩამოთოვა ისევ", რომელიც ახლახან სხვა ინტერპრეტაციით შევასრულე. მუსიკალურ მხარეს არ შევხებივარ, უბრალოდ, სხვა განვითარება მივეცი.

- მაშინაც იმავე ადამიანებთან გადიოდა თქვენი სიმღერები გაფილტვრას?

- დიახ, მაგრამ მაშინ ისინი უფრო ახალგაზრდები იყვნენ. ახლა ჩემი ოჯახის წევრებს უფრო მეტად ვეკითხები აზრს, რადგან არ მინდა, ამ სიბერეში რამე შემეშალოს. ამდენი ჰიტი, რაც მე დამიწერია, ბევრ კომპოზიტორს არ აქვს. ათი ახლავე შემიძლია ჩამოგითვალოთ. ვლაპარაკობ ჰიტზე და არა ჩვეულებრივ სიმღერებზე. არიან კომპოზიტორები, რომლებსაც 1000 სიმღერა აქვთ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ მე მათგან არც ერთი არ მახსოვს. 70-მდე სიმღერა დავწერე და რომ ჩაუფიქრდეთ, აქედან 40 მაინც გეხსომებათ და ჩამომითვლით.

- თქვენი პირველი სოლოკონცერტი რომელ წელს გაიმართა?

- მსმენელის წინაშე 1996 წელს გამოვედი. რაც შეეხება სოლოკონცერტს, ის 1999 წელს ფილარმონიის დიდ დარბაზში მქონდა, აპრილში ორი დღე ზედიზედ ვიმღერე, და ერთიც იმავე წლის დეკემბერში. შემდეგი სოლოკონცერტი კი 2012 წლის 12 დეკემბერს გავმართე.

- მახსოვს, 1999 წელს თქვენს კონცერტებზე უამრავი ხალხი იყო, ვინ მიგაღებინათ სცენაზე პირველად გასვლის გადაწყვეტილება?

- თავად და მეგობრებმა. კომუნისტური წყობა იყო, საჭირო გახლდათ კონსერვატორიის კომპოზიტორის დიპლომი. ეს აუცილებელი იყო, სხვაგვარად ვერ გაიტანდი შენს სიმღერას. მე დიპლომი ახლაც არ მაქვს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. მერე იყო ქუჩა და "შენა, ბიჭო, მომღერალი ხარ?!". თუ კარგ ბიჭობაზე დებდი თავს, ფილარმონიის მომღერალი არ უნდა ყოფილიყავი. "პერესტროიკა" რომ მოხდა, ამ თვალსაზრისით "კარგმა ბიჭებმაც" უკან დაიხიეს და ეს თემა ამოიწურა. ქუჩამ თავისი სიტყვა თქვა, სახელმწიფომაც, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეიძლებოდა, კომპოზიტორები უდიპლომოები ყოფილიყვნენ, მთელი რიგი სხვა საკითხებიც მოგვარდა და "პერესტროიკამ" დაანგრია კედლები. "თავისუფლება ლომთა ხვედრია", ხომ გახსოვთ ჩემი სიმღერა "ჰიმნი თავისუფლებას" მამას ტექსტზე?! ვინც ლომი აღმოჩნდება, მისი ხვედრია თავისუფლება. მე სულ თავისუფალი ვიყავი. ერთი მოთხრობა მაქვს წაკითხული, გადატანითი მნიშვნელობითაა, მაგრამ მიხვდებით, რისი თქმაც მსურს: პატიმარი ბადრაგს ეუბნება, მე აქედან წავალო. ბადრაგს ვერ გაუგია, როგორ შეიძლება, მან ციხიდან გააღწიოს. პატიმარი ნახშირს სთხოვს, - რამეს დავხატავო. თხოვნას რომ აუსრულებენ, კაცი დაჯდება და იწყებს ხეების, ლიანდაგის, მატარებლის ხატვას. ასე გადის დრო და ერთხელაც, როცა ბადრაგი მის მოსანახულებლად შედის, ოთახში არც კედელზე დახატული მატარებელი და არც ის კაცი აღარ დახვდება... ასეა, თავისუფალ კაცს ვერაფერი დააკავებს. მე კომუნისტების დროსაც თავისუფალი ვიყავი და ახლაც. იმავდროულად კანონმორჩილიც ვარ. ზოგიერთი სულელური კანონი კი იმისთვისაა, რომ დაარღვიო. ანდა გადააკეთონ, ისინი ხომ ადამიანებმა დაწერეს?! ბევრ კანონს სჭირდება გადაკეთება. შორს წავედით... ასე რომ, თავისუფლება გარკვეულწილად კანონმორჩილებას ითვალისწინებს და იმავდროულად შენი თავის უფალი თავადვე უნდა იყო.

- ბატონო მამუკა, გამოვლილი წლებიდან ბევრ რამეს ნანობთ?

- რა თქმა უნდა, ვნანობ, მაგრამ ერთ რამეზე აზრს არ ვიცვლი. სულ მეუბნებიან, კონსერვატორია რომ დაგემთავრებინა, დიდი კომპოზიტორი იქნებოდიო. ორი სიტყვით გეტყვით, ამაზე დიდი კომპოზიტორი რა უნდა ვყოფილიყავი, რაც ახლა ვარ?! მე ჩემი ცხოვრება მოვყევი ჯანსუღ ჩარკვიანის შექმნილ ლექსებზე. მამაჩემის ლექსები კარგად იმღერება, მაგრამ სანამ ჯანსუღ ჩარკვიანს არ გაიცნობს ერი, ვერ მიხვდება, რამხელა პოეტი ჰყავს გვერდით. მე მოვინდომე, რომ მივახვედრო იმ სიმღერებით, რომლებიც დავწერე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია