ფრთხილად, ცოფი! - საქართველოში წელიწადში 10 ადამიანი იღუპება

ფრთხილად, ცოფი! - საქართველოში წელიწადში 10 ადამიანი იღუპება

ცოფი უმწვავესი ინფექციაა, რომელიც გამანადგურებელ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ბოლოს სიკვდილით მთავრდება. მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა ანტირაბიული, ანუ ცოფის საწინააღმდეგო აცრების დროული და კვალიფიციური ჩატარებაა. ოფიციალურ სტატისტიკას თუ ვენდობით, მსოფლიოში ყოველ 15 წუთში ცოფისაგან ერთი ადამიანი იღუპება. მათ შორის ყველაზე მეტი - აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ცოფისაგან ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 ადამიანი კვდება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? - ამის გასარკვევად იმუნიზაციის ცენტრის ქირურგ-რაბიოლოგ ირა­კლი სულავას მივმართეთ:

- პაციენტების სიმცირეს ნამდვილად არ ვუჩივით. იმის მიუხედავად, რომ ქალაქში რამდენიმე იმუნიზაციის ცენტრია, აცრის მსურველთა რაოდენობა მაინც საკმაოდ დიდია. დღეში 80-100 ადამიანი გვაკითხავს. საშუალოდ თუ ვიანგარიშებთ, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად ცოფისაგან 10 ადამიანი იღუპება.

- უცნაური ფაქტები თუ ყოფილა თქვენს პრაქტიკაში?

- შარშან მყავდა პაციენტი, გვარად კასტრო, რომელიც მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდა, მორიგი ალკოჰოლური დოზის მიღების შემდეგ ეტყობა, თავი ტარიელად წარმოიდგინა, თბილისის ზოოპარკს ესტუმრა და ვეფხვისთვის "ყურის აწევა" მოინდომა. საშინელი დაზიანებები ჰქონდა და სერიოზული მკურნალობა ჩავუტარეთ. მეორე პაციენტიც გვყავდა, რომელმაც ვოლიერში ხელი შეყო და ვეფხვმა დაკაწრა. ძირითადად კი შინაური ცხოველებისაგან დაკბენილი პაციენტები მოდიან, თუმცა გვქონია კატის, ვირთხის, ცხენისაგან დაკბენის შემთხვევებიც. კურდღლის, დათვის, მგლისა და ტურის მიერ დაკბენილი ხალხიც მოსულა. ძალიან ბევრი ადამიანი გვაკითხავს, რომელიც საკუთარმა ზაზუნამ დაკბინა, განსაკუთრებით - ბავშვები. ყველა ამ ცხოველის ნაკბენი საშიშია, რადგან მათი ნერწყვი ხვდება სისხლში და ცოფის საშიშროებას წარმოქმნის. მქონდა ასეთი შემთხვევა: სამი წლის ბავშვს შინაურმა აზიურმა ნაგაზმა ლამის თავი მოაჭამა. ბავშვი ძალიან ცუდ მდგომარეობაში მოგვიყვანეს. ვუმკურნალეთ და დღეს ის კარგად არის, თუმცა, მის გადასარჩენად სერიოზული პროცედურების ჩატარება მოგვიხდა. ყველაზე საშიში გარეული ცხოველების ნაკბენია, რადგან სწორედ ისინი არიან ცოფის ძირითადი გადამტანები, შინაური ცხოველი თუ აცრილია, წესით, არ უნდა გაცოფდეს. ყველაზე საშიში უბნებია ხელის მტევანი, ფეხის თითები, კისერი, თავი და ის ადგილები, სადაც ნერვული დაბოლოებები მეტია, იმიტომ, რომ ცოფის ვირუსი მიჰყვება არა სისხლს, არამედ ნერვულ დაბოლოებებს და დაავადების საინკუბაციო პერიოდი მოკლდება!

- ზოგჯერ, თუ ადამიანს თავისი შინაური ცხოველი დაკბენს ან დაკაწრავს, ჰგონია, რომ ეს საშიში არ არის და ექიმთან არ მიდის.

- სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები სავალალოდ მთავრდება. მაგალითად, ორი თვის წინ ბათუმიდან ჩამოიყვანეს ბავშვი, რომელსაც მეზობლის ძაღლმა უკბინა. მას თავის დროზე აცრები არ ჩაუტარეს და ეს შემთხვევა სამი-ოთხი თვის შემდეგ ლეტალურად დამთავრდა. 9-10 წლის ბავშვი დაკბინა ძაღლმა და დაიწყო ჩვენთან აცრების ჩატარება. ორი თუ სამი აცრის შემდეგ გავიგეთ, რომ ბავშვი ცოფის ნიშნებით მიიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, გაირკვა, რომ ის 7-8 თვის წინ სულ სხვა ძაღლს დაუკბენია და ბავშვს ეს ამბავი დაუმალავს. ძველმა ნაკბენმა თავი იჩინა და ყველაფერი სავალალოდ დასრულდა.

- ბატონო ირაკლი, თქვენ, როგორც რაბიოლოგი, რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- პირველი: შინაური ცხოველი აუცილებლად უნდა აიცრას და მეორე - დაკბენის შემთხვევაში პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს იმუნიზაციის ცენტრს. ჩვენ შევაფასებთ ჭრილობას და გადავწყვეტთ, უნდა აიცრას პაციენტი თუ არა. საბედნიეროდ, დღეს აცრის პრობლემა უკვე აღარ დგას. ადრე 18 წლამდე პაციენტების აცრა უფასო იყო, ხოლო უფროსი ასაკის ხალხს თანხის გადახდა უწევდა, დღეს ეს პრობლემა მთლიანად მოხსნილია. დაუდევრობა და უყურადღებობა რომ არა, წესით, ცოფის შემთხვევა არ უნდა აღინიშნოს, რადგან დედაქალაქშიც საკმარისად არის იმუნიზაციის ცენტრები და რეგიონებშიც.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია