სალომე ღვინიაშვილი: გული მეტკინა, როდესაც ქეცბაიამ ჩემი მეუღლე დაადანაშაულა

სალომე ღვინიაშვილი: გული მეტკინა, როდესაც ქეცბაიამ ჩემი მეუღლე დაადანაშაულა

ანუკა არეშიძის უკრაინაში გამართულ ჩვენებას ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველი დიზაინერი უკრაინას მეგობრებთან - სალომე ღვინიაშვილთან და ნინი ზარქუასთან ერთად ესტუმრა. უკრაინული შთაბეჭდილებების შესახებ "ყველა სიახლეს" მოდელი სალომე ღვინიაშვილი ესაუბრება:

- პირველ რიგში, მინდა ანუკას მივულოცო სადებიუტო ჩვენება, დიდ წარმატებას ვუსურვებ. მე თვითონ ვარ იმის მოწმე, თუ როგორ თავდაუზოგავად შრომობს ანუკა. უკრაინაში ახალი კოლექციის ჩვენება მან დამოუკიდებლად გამართა და ეს არ მომხდარა მოდის კვირეულის ფარგლებში. არ ვიცი, როგორ შეაფასა ეს ყველაფერი უკრაინულმა პრესამ, მაგრამ სტუმრებს ძალიან მოეწონათ მისი ახალი კოლექცია.

- შენ და ნინი ზარქუა მონაწილეობდით ჩვენებაში?

- მე და ნინი უბრალოდ სტუმრად წავედით, როგორც ანუკას მეგობრები. მე შარშან, ავთანდილის ჩვენებამდე გადავწყვიტე, აღარ მივიღო მონაწილეობა ჩვენებებში. დრომ მოიტანა ის, რომ აღარ გამოვიდე პოდიუმზე. ამის ასაკი აღარ მაქვს, მალე ჩემი შვილები გავლენ პოდიუმზე.

- ჩვენების მთავარი გმირი იყო მოდელი ირინა შეიკი, მანამდე იცნობდით ირინას?

- ირინა სწორედ ახლა გავიცანი. მე ვიცნობდი ირინას ბოიფრენდს, კრიშტიანუ რონალდუს, როცა ის "მანჩესტერში" თამაშობდა, ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა. მას ხშირად ვხვდებოდით წვეულებებზე და რესტორნებში. სიურპრიზი იყო ჩვენთვის ირინა შეიკის გამოსვლა პოდიუმზე, გვეუბნებოდა ანუკა, რომ სიურპრიზს გვიწყობდა, მაგრამ ირინა შეიკი თუ მიიღებდა მონაწილეობას მისი კოლექციის ჩვენებაში, არ ვიცოდით. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალია გარეგნობით, მანერებითა და სექსუალურობით.

- როგორია ურთიერთობაში ირინა შეიკი?

- რატომღაც ჰგონიათ, რომ პოპულარული და ლამაზი ადამიანები ამბიციურები არიან. ირინა უშუალო და კარგი ადამიანია, მაგალითად "ჟივანშის" ჩვენების შემდეგ "მაკდონალდსში" მიდის საჭმელად, რასაც ბევრი მოდელი არ აკეთებს. უშუალობას და უბრალოებას ძალიან ვაფასებ ადამიანში, ირინა სწორედ ასეთი გოგოა.

- ირინა საქართველოში რამდენიმე თვის წინაც იყო.

- აღფრთოვანებულია საქართველოთი, გვითხრა, რომ ძალიან მოეწონა ქართული კერძები და ხალხი. თქვა, ცოტა სხვა წარმოდგენა მქონდა საქართველოზე, მაგრამ ისე მომეწონა, აუცილებლად კიდევ ჩამოვალო.

- ცნობილია, რომ თავადაც დიზაინერი ხარ პროფესიით და აპირებდი საკუთარი კოლექციის შექმნას. გადაიფიქრე ამის გაკეთება?

- არ მინდა, ჩემი გართობის მიზნით გავაკეთო კოლექცია. ჯერ საჭიროა კარგად განვითარდეს მოდის ბიზნესი. ჩვენთან არ არსებობს არც შოუ და არც ფეშენბიზნესი, ხელოვნება და მოდა უყურადღებოდ არის. ჩემთვის მოულოდნელი იყო მოდის კვირეულის ჩაშლა. ქართველები გემოვნებიანი ერი ვართ და აუცილებელია ჩატარდეს მოდის კვირეული. ბევრი დიზაინერი გვყავს, ვინც უნდა გაიცნოს მსოფლიომ. დარწმუნებული ვარ, ჩვენთან აუცილებლად განვითარდება მოდაც, შოუბიზნესიც და სპორტშიც კარგად გვექნება საქმე.

- ზურა ხიზანიშვილისა და თემურ ქეცბაიას დაპირისპირების შემდეგ ინტერნეტსივრცეში ზურას მიმართ "შავი პიარი" აგორდა. ამბობენ, რომ მას სურს ნაკრების მწვრთნელის პოსტი...

- თამამად ვაცხადებ, რომ ზურა უბედნიერესი იყო, როცა ნაკრებში იძახებდნენ. გული მეტკინა და მეწყინა, როცა ზურას თემურ ქეცბაიამ არაპატრიოტიზმში დასდო ბრალი. ის გულით თამაშობდა ნაკრებისთვის. აღარ არის პატარა ფეხბურთისთვის, ხშირად აწუხებს ტრავმები და ყველა თამაშის წინ გამაყუჩებლებს იკეთებს, ბევრჯერ მითქვამს, როცა დაღლილი ყოფილა, იქნებ არ ითამაშო-მეთქი, მაგრამ ის მუდამ ბედნიერი და გახარებული მოდიოდა საქართველოში და გულით თამაშობდა ნაკრებში. ზურა შინაგანად მართალი ადამიანია ყველანაირ ურთიერთობაში, ამიტომ გულსატკენია, როცა ბინძურ ადამიანს უწოდებენ. დარწმუნებული ვარ, თემურ ქეცბაიამ ცხელ გულზე თქვა ეს ყველაფერი.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ასევე: ანუკი არეშიძის კიევში გამართული ახალი კოლექციის ჩვენებაში ირინა შეიკი მონაწილეობდა

ახალი წლის ივენთზე, სადაც ცნობილი ამერიკელი დიჯეი Joe Claussell დაუკრავს, ბილეთების რაოდენობა იწურება

2019 წლის გახმაურებული ქორწილები და ცნობილების შვილები, რომლებიც გასულ წელს დაიბადნენ

მე ვარ მუსიკალური პროვოკატორი და მგონია, რომ რეიტინგს სწორედ ეს "წერს“ - მარინა ბერიძე "მხოლოდ ქართულსა" და მის კონკურსანტებზე