შეშლილი ციხე: რა ელის ფსიქიურად დაავადებულ 400-მდე პატიმარს

შეშლილი ციხე: რა ელის ფსიქიურად დაავადებულ 400-მდე პატიმარს

ციხეებში ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები ჯანმრთელების გვერდით იხდიან სასჯელს. ეს პენიტენციარულ სისტემაში დღემდე გადაუჭრელი პრობლემაა, რადგან მოქმედი კანონმდებლობა ციხის ადმინისტრაციას არ აძლევს შესაძლებლობას, ფსიქიკური პრობლემის მქონე პირი სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანოს. პირის გადაყვანა ფსიქიატრიულში მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მიმართავს სასამართლოს, ინიშნება ექსპერტიზა და მოსამართლე გადაწყვეტილების დროს სწორედ სახელმწიფო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ხელმძღვანელობს. ეს დროში გაწელილი პროცესია და ამიტომ ავადმყოფი პატიმრები ჯანმრთელი პირების გვერდით იხდიან სასჯელს. დანარჩენ პატიმრებს კი შიშის ქვეშ ყოფნა უწევთ, რადგან სულ საფრთხის მოლოდინში არიან. ისიც ცნობილია, ბოლო წლებში ნაცემი და ნაწამები პატიმრები ციხის ადმინისტრაციამ მასობრივად ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებული გახადა, ეს ყველაფერი კი მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახა და დღეს ამ ხალხს სხვადასხვა სახის დაავადება აქვს.

ამ პრობლემის მოგვარებას ახალი ხელისუფლება ცდილობს. პარლამენტში უკვე დევს კანონპროექტი, რომლის მიზანი ფსიქიკური პრობლემის მქონე მსჯავრდადებულების შესაბამისი სამედიცინო დახმარების დროული და ეფექტიანი მიწოდების შემაფერხებელი ბარიების აღმოფხვრაა.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მიხეილ ღურწკაიას თქმით, დაავადებული პატიმრების განცალკევება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, ისინი ისევ სხვა პატიმრებთან რჩებიან.

"სანამ რამდენიმე პილოტური დაწესებულება მაინც არ გაკეთდება, ეს პრობლემა გადაუჭრელი დარჩება. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები ადმინისტრაციის მიმართაც გამოხატავენ აგრესიას. ძალიან ძნელია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, მათ სჭირდებათ სპეციალური დაწესებულება და სპეციალური პირობები. ვფიქრობთ, სანამ სპეციალური დაწესებულება გაიხსნება, მანამდე ქვიტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადავიყვანოთ ისინი. დაახლოებით 400-მდე ასეთი ადამიანი არის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 30-40 ადამიანს ძალიან მძაფრად აქვს გამოხატული ფსიქიკური პრობლემა, მაგრამ მათ დასკვნაში "შეურაცხადი" არ უწერიათ. ნაწილი ძალიან მძიმე ავადმყოფია, კიდევ ერთი ნაწილი პერიოდულად ხდება ცუდად და საშიშია საზოგადოებისთვის. არის ასევე სიმულაციის შემთხვევებიც. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ფსიქიატრიულში მათი გადაყვანა არ შეგვიძლია. საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ კი შევძლებთ, როგორც სხვა პატიმრები გადაგვყავს ჩვეულებრივ საავადმყოფოებში, ისე ისინიც გადავიყვანოთ ქვიტირში", - აცხადებს მიხეილ ღურწკაია.

სამომავლოდ კი რუსთავის დღევანდელი ქალთა დაწესებულება გადაკეთდება მსჯავრდადებულთა სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებად და იქ მოთავსდებიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები.

"უკვე გაყოფილია იქ ყველაფერი. იქნება ოთხი კორპუსი, სადაც დაავადების სიმძიმის მიხედვით განვათავსებთ. სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემის მქონენი, სიმულანტები, რეალურად ავადმყოფები, შეურაცხადები, შესაბამის ბლოკებში მოხვდებიან. ასეთ ადამიანებს სხვანაირი მოპყრობა სჭირდებათ. ამის კომპეტენცია და განათლება ყველა თანამშრომელს არ აქვს, ამიტომ ვფიქრობთ, თანამშრომლების ნაწილი სპეციალურად მოვამზადოთ ამ დაწესებულებისთვის, რათა ისინი უფრო მობილიზებულები და კომპეტენტურები იყვნენ ამ ადამიანებთან მოპყრობაშიც. ვფიქრობთ, დავამატებთ ფსიქიატრების საშტატო ერთეულსაც და ისინი მოემსახურებიან მათ", - აცხადებს ღურწკაია.

კანონპროექტის მიხედვით, დეტალურად გაიწერება ფსიქიკური პრობლემის მქონე პირების, როგორც ნებაყოფლობითი, ასევე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების წესი. მოქმედ რედაქციაში შედის ცვლილება და თუ დღეს აუცილებელია, ციხის ადმინისტრაციამ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის მიმართოს და ამ დასკვნის საფუძველზე ითხოვოს სასამართლოსგან ნებართვა, ეს პროცედურა გამარტივდება. კერძოდ, გაუქმდება საექსპერტო დასკვნის მოპოვების აუცილებლობა. სჭირდება თუ არა პირს სათანადო დახმარება, ამის განსაზღვრა შეეძლება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმს ან შესაბამისი სერტიფიკატის მქონე ექიმს. ამ დასკვნის საფუძველზე პატიმარს გადაიყვანენ სასჯელაღსრულების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. გადაყვანიდან 48 საათში შეიქმნება ექიმ-ფსიქიატრთა კომისია და ხმათა უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებას, სჭირდება თუ არა პირს არანებაყოფლობითი მკურნალობა. თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ მიმართავენ სასამართლოს, ბრძანების გამოცემის მოთხოვნით. თუ კომისია არ ჩათვლის საჭიროდ, მაშინ მსჯავრდადებული გაეწერება ფსიქიატრიულიდან. საქმის განხილვაში მსჯავრდადებულის მონაწილეობა აუცილებელი იქნება.

სანამ ქალთა დაწესებულება გადაკეთდება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა მოახერხა ქვიტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან შეთანხმება. გამოიყო ერთი ფლიგელი, რომელიც რემონტდება და იქ მოთავსდებიან ფსიქიკური პრობლემის მქონე პატიმრები. დაახლოებით 120 დაავადებული პატიმრის იქ გადაყვანას შეძლებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და ალბათ პირველ რიგში, მათ მოათავსებენ, რომლებსაც მძაფრად აქვთ გამოხატული ეს პრობლემა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პატიმრები ხშირად თვითდაზიანებას მიმართავენ - სხვადასხვა საგანს ყლაპავენ, ვენებს იჭრიან; თვითდაზიანება თითქოს წესად ექცათ. ეს ადამიანები ხშირად უკონტროლოები არიან და დაზიანებები ისეთი სირთულისაა, შესაძლოა, ფატალურად დასრულდეს. როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, არის შემთხვევები, როცა ერთი და იგივე პატიმარი რამდენჯერმე გადაჰყავთ ამის გამო საოპერაციოდ და ბუნებრივია, მათი ორგანიზმი სუსტდება. პროტესტის ასეთ ფორმებს ხშირად ვადაზე ადრე გათავისუფლების, საქმეების გადასინჯვის, სასურველ საკანში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ.

სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე ასეული პატიმარი ფსიქოტროპული ნივთიერების გარეშე ვეღარ ძლებს. ესეც ძველი ხელისუფლების ერთგვარი პოლიტიკა იყო. სასტიკი წამებების შემდეგ დაავადებული, დაინვალიდებული ფსიქიკაშერყეული პატიმრების მართვა შეუძლებელი გახდა და მათ უკონტროლოდ აძლევდნენ ფსიქოტროპულ წამლებს. 60%-ით შემცირებულია დღეს წამლის მიწოდება, მაგრამ ისინი ითხოვენ, რადგან წამალზე დამოკიდებულები გახდნენ.

ცოტა ხნის წინ, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა რენტგენის სურათიც გვაჩვენა, სადაც აღბეჭდილი იყო ერთ-ერთი პატიმრის მიერ გადაყლაპული რკინის დეტალები. გაირკვა, რომ პატიმარმა თავისი საწოლის რკინების დაშლა მოახერხა და რამდენიმე ერთეული რკინა გადაყლაპა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და გადარჩა, მაგრამ მართლა შოკის მომგვრელი იყო ეს კადრები. ის პატიმარი ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული იყო და ახალი დანაშაულისთვის უკან შეაბრუნეს ძალოვანებმა.

"გათავისუფლდა, მაგრამ მალე დანაშაული ჩაიდინა, რადგან უკან დაბრუნება სურდა. ბოთლი ჩაარტყა ადამიანს. იმიტომ ყლაპავს ამ ნივთებს, რომ სურს, მალე გაასამართლონ და კონკრეტულ საკანში მოხვდეს, სადაც მისი "მეგობარი" მამაკაცი იხდის სასჯელს", - თქვა მაშინ მინისტრმა სუბარმა.

"არის სიმულაციებიც, როცა ადამიანები ექსპერტიზაზე გადიან, მაგრამ არ უდასტურდებათ შეურაცხადობა. არის შემთხვევები, როცა ადამიანი შერაცხადია, მაგრამ თვითდაზიანების უნარი აქვს. ერთმა ადამიანმა ყური მოიჭრა და შეჭამა; საკუთარ ხორცს იჭრიან, მარილს აყრიან და ჭამენ. სასქესო ორგანოც დაიჭედა ერთმა... ბოლოს იყო შემთხვევა, როცა თითი მოიჭამა. ქსნის კოლონიაში პატიმარი საკუთარი სხეულიდან კანს ითლიდა, მარილს აყრიდა და ჭამდა. ის კვლავ რჩება ჩვენს სისტემაში. ექსპერტიზა ჩაუტარდა, მაგრამ - შერაცხადია, აანალიზებს თავის ქმედებას. ხშირად ასეთი ადამიანები ძალადობრივი დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს: გაუპატიურება, ყაჩაღობა, მკვლელობა", - ამბობს ბატონი მიხეილ ღურწკაია.

ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, და ამ პრობლემის მოგვარებას მიესალმება.

მარიამ ჯიშკარიანი:

- ბევრი პრობლემა, სირთულე იყო ამ მიმართულებით ციხეებში. ეს სფერო საჭიროებს რეფორმას და აუცილებელია შექმნილ ვითარებაში. გავიხსენებ ერთ-ერთ საქმეს, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოვიგეთ. 2009 წელს ქალთა დაწესებულებაში ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალბატონისთვის ექსპერტიზა რომ ჩაეტარებინათ, დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. თვეები მოვანდომეთ და სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ესაჭიროებოდა მკურნალობა. უეცრად მისი საბუთები დაიკარგა. სამხარაულის სახ. ფსიქიატრიული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა არსებობდა, რომ მას ესაჭიროებოდა არანებაყოფლობითი მკურნალობა, მაგრამ ამის მიუხედავად, ისევ ციხეში რჩებოდა, არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების პირობებში. არადა, კრიტიკული იყო მისი მდგომარეობა - არ ჭამდა საჭმელს, თავს ვერ უვლიდა. მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. საქართველოს მთავრობას მოსთხოვეს, გადაუდებელი ზომა მიეღო და გადაეყვანათ ფსიქიატრიულ კლინიკაში. ამის შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა ქვიტირის ფსიქიატრიულ ცენტრში. ჩვენი ადვოკატისა და ცენტრის დიდი ბრძოლით მივაღწიეთ ყველაფერს, მაგრამ ამისთვის ერთი წელიწადი დაგვჭირდა! შემდეგ ეს საქმე მორიგებით დამთავრდა. სახელმწიფომ ითხოვა მორიგება და კომპენსაცია 3.500 ევრო გადაუხადეს ამ ქალბატონს. მორიგების პირობებში ჩაიდო ხელმეორე ექსპერტიზის ჩატარებაც, რადგან დასკვნაში შედარებით მსუბუქი დიაგნოზი ეწერა, ვიდრე რეალობა იყო. მას საბოლოოდ, შრომის უუნაროს პენსია დაენიშნა, ახლა უკვე გათავისუფლებულია პატიმრობიდანაც და დისპანსერულ აღრიცხვაზეც იმყოფება. ჩვენ მაშინ ევროსასამართლოში მოვითხოვეთ, დამდგარიყო საკითხი ამ რეფორმის გატარების და მაშინ ევროსასამართლომ მითითება მისცა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა. "ემპათიას" მაშინ ცენტრები ჰქონდა ციხეებში, მაგრამ შემდგომში არ გვაძლევდნენ იქ მუშაობის საშუალებას. იყო უამრავი შემთხვევა, როცა ჩვენ მიერ დასმული დიაგნოზი არ ემთხვეოდა სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნას.

- ეს სპეციალურად ხდებოდა?

- ისეთი ადამიანები, რომლებიც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებდნენ, ხშირ შემთხვევაში უკან ბრუნდებიან ციხეებში, რადგან მათ დასკვნებში არ წერია სწორი დიაგნოზი. ეს მთელ რიგ პრობლემებს ქმნის. ამგვარი პრობლემები მერე ძალადობის გზით იჭრებოდა. ახლა ძალადობა აღარ არის და სერიოზული საფრთხის წინაშე დგება დაავადებული ადამიანიც და მის გვერდით მყოფი სხვა პატიმარიც, ადმინისტრაციაც, ციხის ექიმებიც.

- იმასაც ამბობენ, რომ ხშირად მიზანდასახულად იზიანებენ ადამიანები თავს და აქვთ კონკრეტული მოთხოვნები...

- რაც უნდა მიზანდასახული იყოს, ამგვარი ქცევა ფსიქიატრიაში განიხილება როგორც პათოლოგიური რეაქცია. სხეულის ორგანოს ლურსმნით დაჭედება, საკუთარი ხორცის მოჭრა და დამარილება - ამას რომ ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი არ გააკეთებს, ცხადია. კომბინირებულად უნდა ხდებოდეს ამ ადამიანებთან მუშაობა. სხვადასხვა პროგრამა უნდა არსებობდეს, რომ დასაქმდნენ ეს ადამიანები. ასევე უნდა იყოს სოციალური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამები. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მონოპოლიზებული აღმოჩნდა ფსიქიატრიის დარგის ეს ნაწილი. სასამართლო ექსპერტიზები მთლიანად მონოპოლიზებული იყო, სასამართლო მხოლოდ სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნებით ხელმძღვანელობდა. არადა, მრავალ შემთხვევაში სახელმწიფო ექსპერტიზის დიაგნოზებს ვერ დავეთანხმები. ჩვეულებრივმა ექიმებმა შეიძლება დაწერონ დასკვნა, დამოუკიდებელი ექსპერტიზაც იმავე ძალის მქონე უნდა იყოს. ამდენმა წამებამ, ამდენმა არაადეკვატურმა სამედიცინო მომსახურებამ გამოიწვია ეს ფსიქიკური პრობლემები, რომელსაც შეჯახებულია დღეს სასჯელაღსრულების სისტემა და თუ არ გატარდა ფართომასშტაბიანი პროექტები და არ მოხდა ამ ადამიანების დახმარება, შეუძლებელია, ციხეში წესრიგი დამყარდეს.

- ბევრი ყოფილი პატიმარია დღეს ამ პრობლემის წინაშე. ალბათ მოგმართავენ ხოლმე. როგორია მათი მდგომარეობა?

- ძალიან ხშირად მოგვმართავენ და იმხელაა მათი რიცხვი, რომ ჩვენი ცენტრი ვეღარ აუდის მათ დახმარებას. არ მყავს აქ ბევრი ექიმი, თან, ეს ძალზე ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა. ბევრ მათგანს აღენიშნება სხვადასხვა დაავადება, რაც კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. ბევრი წამების, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. ამნისტიის შედეგად ციხის პრობლემამ ახლა სამოქალაქო სექტორში გადმოინაცვლა. სამოქალაქო სექტორი და სამოქალაქო ჯანდაცვაც არ არის მზად, ამას რომ გაუმკლავდეს. დაზღვევით არ ფინანსდება პიროვნული აშლილობები, არადა, არიან ადამიანები, რომლებსაც ეს დახმარება მუდმივად სჭირდებათ. ადამიანებს თავში ურტყამდნენ, აწამებდნენ - ცემის შედეგი სახეზეა. ამას არ ეყოფა ჩვენს ცენტრში 3-6-თვიანი რეაბილიტაცია - მინიმუმ 2 წელი მაინც უნდა იყოს ფსიქიატრიულ-ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. არ ვიცი, რა გამოსავალი შეიძლება იყოს.

- კონკრეტული ფაქტის მოყვანა თუ შეგიძლიათ, როცა თქვენი დასკვნა არ გაითვალისწინეს და პატიმრის ჯანმრთელობა გართულდა?

- ხშირი იყო ასეთი შემთხვევაც. ახლაც გვაქვს ერთი საქმე ევროსასამართლოში. ფსიქიკურად დაავადებულ პატიმარს სახელმწიფო ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა და ერთხელ ნევროზის დიაგნოზი დაუსვეს, მეორედ ჩაუწერეს დასკვნაში - "ჯანმრთელი", როცა ჩვენ მას შიზოფრენიის დიაგნოზი დავუსვით. ეს არის დაავადება, რომელიც არ იმალება. ახლა ჩატარდა მესამე ექსპერტიზა, რადგან ციხეში გამწვავდა მისი მდგომარეობა და ახლა დაიწერა, რომ საჭიროებს არანებაყოფლობით მკურნალობას. ჩვენი აზრით, დიდი ხნის წინ იყო ამის გაკეთება საჭირო. ის ახლა ქვიტირში გადაიყვანეს.კიდევ ერთი მსგავსი საქმე მოვიგეთ ევროსასამართლოში. ის პატიმარიც ძლივს გადავაყვანინეთ სპეციალიზებულ საავადმყოფოში. ვეცდებით, რომ ისევ შევიდეთ ციხეებში და ავადმყოფი პაციენტები გამოვავლინოთ, მაგრამ დღეს იმდენი ყოფილი პატიმარი გვაკითხვას, ყველანი მათ დახმარებაზე ვართ გადართული. ყოფილ პატიმრებს სტრესული აშლილობები აქვთ, რაც ტრავმის შედეგად განვითარდა, აქვთ ორგანული აშლილობები, პიროვნული აშლილობები. მრავალი მათგანი ასრულებს რეკომენდაციებს. რამდენიმე იყო ტრანკვილიზატორებზე დამოკიდებული. შევთავაზეთ ნარკოლოგთან მისვლა. რამდენიმემ შეძლო და გადალახა ეს პრობლემა, მაგრამ მათთან, ვინც არ იყო თანახმა, მუშაობის გაგრძელება ვერ შევძელით. სახელმწიფო დღეს სერიოზული პრობლემის წინაშე დგას.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა

"20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს განყოფილებას და ბავშვი რჩება მარტო..." - ლონდა თოლორაია 15 წლის მოზარდის საქმის ახალ დეტალებზე

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა