ჟურნალ "ბომონდის" და "ართთაიმის" საქველმოქმედო საღამო

ჟურნალ "ბომონდის" და "ართთაიმის" საქველმოქმედო საღამო

ყოველთვიურმა მაღალპოლიგრაფიულმა ჟურნალმა "ბომონდმა", რომელიც მოდაზე და უბრალოდ, გემოვნებიან ადამიანებზე წერს, "ართთაიმის" 10 წლის იუბილიეს უმასპინძლა. "ბომონდისა" და "ართთაიმის" ერთობლივ სადღესასწაულო საღამოზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, მოწვეულ სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი სახეც იყო. სადღესასწაულო მიღების შემდეგ, საქველმოქმედო აუქციონი და "ართთაიმი"-ს სარეკლამო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.

"ჟურნალი ბომონდი დიდი ხანია არსებობს ბაზარზე, ყოველწლიურად უფრო იზრდება და ჰყავს უამრავი პარტნიორი. დაარსების დღიდან ჩვენი ერთგული პარტნიორია "ართთაიმი". სწორედ ამიტომ გაიმართა ჟურნალ ბომონდის და ”ართთაიმი”-ს ერთობლივი წინასაახალწლო მიღება. საღამოზე გიგა აგლაძის სარეკლამო რგოლის პრეზენტაციაც გაიმართება, რომელიც სპეციალურად "ართთაიმისთვის" არის გადაღებული. ბედნიერი ვარ, რომ საქველმოქმედო აუქციონი ტარდება და მახარებს ის ფაქტი, რომ დიდი თანხა შეგროვდა ნინო ჭაბუკიანის დასახმარებლად", - განაცხადა ჟურნალ "ბომონდის" მთავარმა რედაქტორმა თეა აგლაძემ.

სადღსასწაულო საღამოზე "ბომონდმა" და "ართთაიმმა" სტუმრებს ქველმოქმედების შესაძლებლობა მისცა. ფონდ "იავნანას" მეშვეობით საღამოზე დამსწრე საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "იას" დაეხმარა. ორგანიზაციის დამფუძნებელ ნინო ჭაბუკიანს საკუთარ სახლში აქვს მოწყობილი ცენტრი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 18 ადამიანი მთელ დღეს ატარებს. აუქციონზე კომპანია "ართთაიმის" ათი ლოტი იყო წარმოდგენილი. სხვადასხვა ბრენდის ძვირფასი ნივთების გაყიდვით შემოსული სოლიდარული თანხა მთლიანად ფონდის ანგარიშზე გადაირიცხა.

"ამ თანხით ორგანიზაცია "იას" გათბობის პრობლემა მოგვარდება, დღეს "ართთაიმის" 10 წლისთავია, რომელსაც  "ბომონდთან" ერთად ვაკეთებთ, რაც მთავარია ამ საღამოს საქველმოქმედო დატვირთვა აქვს. ფონდ "იავნანას" დავუკავშირდით და მათ ნინო ჭაბუკიანი გაგვაცნეს, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები შეიკედლა და მათ გათბობა სჭირდებათ. ჩვენ დღეს სწორედ მათ დავეხმარებით", - განაცხადა კომპანია "ართთაიმის" მარკეტინგის მენეჯერმა ნინა თალაკვაძემ.

აუქციონის წარმართვაში ნანიკო ხაზარაძეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ორგანიზაცია "იას" წევრები ეხმარებოდნენ. ისინი ნივთების გაყიდვას ემოციურად ხვდებოდნენ. "გაოცებული ვარ, არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას და მხარდაჭერას. მადლობა მინდა გადავუხადო ამ საღამოს ორგანიზატორებს და ყველას, ვინც დაგვეხმარა", - განაცხადა ორგანიზაცია "იას" წარმომადგენელმა ნინო ჭაბუკიანმა.

საღამოზე "ართთაიმის" სარეკლამო რგოლის პრეზენტაციაც გაიმართა, რომელიც გიგა აგლაძის გადაღებულია. ვიდეოში მთავარ როლს თამამი და მომხიბვლელი კრისტი ყიფშიძე ასრულებს.

სადღესასწაულო მიღების ბოლოს თითოეულ სტუმარს შანსი მიეცა, Tissot-ის 30 ბრილიანტით გაწყობილი ქალის საათი მოეგო. გათამაშებაში გამარჯვებული ნათია ბანძელაძე გახდა.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ, ჟურნალ "ბომონდისა" და კომპანია "ართთაიმის" სადღესასწაულო ტორტი გაიჭრა. ერთობლივი სადღესასწაულო-საქველმოქმედო საღამო "ქორთიარდ მარიოტში" გვიანობამდე გაგრძელდა.

იხილეთ ვიდეო

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები