ანი გიუნტერის "გასაიდუმლოებული" სამსახურები

ანი გიუნტერის "გასაიდუმლოებული" სამსახურები

"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის წამყვანი - ანი გიუნტერი ბევრ ფულსა და სიმდიდრეზე არასოდეს ოცნებობდა. ის საკუთარ თავს პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებულ ადამიანად მიიჩნევს და ამბობს, რომ მიუხედავად ანაზღაურების რაოდენობისა, სამსახურში დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებს. თურმე, ტელეწამყვანი 12 წლის ასაკიდან მუშაობდა და საკუთარი შემოსავალიც ჰქონდა.

- ფულთან დაკავშირებით რატომღაც, უარყოფითი გამონათქვამები არსებობს. მაგალითად, ამბობენ, ფული ხელის ჭუჭყიაო, მე ასე ნამდვილად არ მიმაჩნია, პირიქით - ვფიქრობ, რომ ფული ძალიან კარგი რამ არის. თუმცა, იმასაც გააჩნია, ხელში ჩავარდნილ თანხას როგორ გამოიყენებ. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც ფულს ცუდი საქმეების საკეთებლად იყენებენ, არადა, ფულით შეიძლება, ცხოვრება ისე მოიწყო და გაილამაზო, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. რაც მეტი სიმდიდრე აქვს ადამიანს, მით უფრო კარგად გრძნობს თავს.

- ფულს შენთვის როგორი გემო აქვს?

- (იღიმის) დიდი ფულის გემო ანუ იმდენის, ძალიან რომ მეგემრიელოს, ნამდვილად არ გამისინჯავს, მაგრამ "მშიერიც" არ ვარ. ზოგადად, ფულს ჩემთვის "ზომიერების გემო" აქვს. მაქვს იმდენი, რამდენიც საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ცუდად არ იგრძნოს.

- ოდესმე ბევრ ფულზე გიოცნებია?

- სიმდიდრესა და ფუფუნებაზე ოცნება სისულელედ მეჩვენება. შეიძლება, დიდი ფულის შოვნა გადაწყვიტო და სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იბრძოლო, მაგრამ თავად ასეთი მიზანი არასოდეს მქონია.

- რატომ? ბევრი ფულით ხომ ყველა ოცნების ასრულება შეიძლება?

- ფულით ყველა ოცნებას ვერ აისრულებ! რეალობას უნდა გაუსწორო თვალი, საკუთარი შემოსავალი კარგად დაითვალო და ისეთ რამეზე იოცნებო, რისი შეძენაც ხელგეწიფება. სხვა შემთხვევაში, მთელი ცხოვრება ოცნებებში "დარჩები".

- შენ რაზე ოცნებობ ხოლმე?

- ბავშვობიდან მეგობრებთან ერთად, სამოგზაუროდ წასვლაზე ვოცნებობდი.

- ბავშვობის დროინდელი ოცნება უკვე აისრულე?

- გარკვეულწილად, კი. მხოლოდ მეგობრებთან ერთად მოგზაურობაზე კი არ ვოცნებობდი, არამედ ვცდილობდი, ეს ყველაფერი რეალობად მექცია. 12 წლიდან ვმუშაობდი. ამ ასაკიდანვე მიზნად დავისახე, რომ მშობლებისთვის ფული აღარ უნდა გამომერთმია და ასეც მოხდა.

- 12 წლის გოგონა სად მუშაობდი?

- საკუთარი კვარტეტი მქონდა ჩამოყალიბებული. ჩვენ კონცერტებზე გამოვდიოდით და საკმაოდ კარგ ჰონორარს ვიღებდით... უფრო მეტიც, 8 წლის ვიყავი, პირველი ჰონორარი რომ ავიღე. რკინიგზელთა სახლში კონცერტი ჩატარდა, სადაც გიტარისტთან ერთად, ვიოლინოზე ვუკრავდი. კონცერტის დასრულების შემდეგ, მეგობრებმა სიმბოლურად, 2 დოლარი მაჩუქეს, რომლითაც თმის სამაგრი შევიძინე. მეზობლებმა ბილეთის ფულის სანაცვლოდ, ტაფები მაჩუქეს - მათ დღემდე, "ბლინჩიკების" შესაწვავად ვიყენებ (იღიმის). მაშინ რთული პერიოდი იყო, ხალხს ფული არ ჰქონდა და თეატრში, კინოში თუ კონცერტზე წასვლა ფუფუნების ტოლფასი გახლდათ. პირველი კურსიდან კი უკვე საბოლოოდ, დამოუკიდებელი ადამიანი გავხდი. ამ პერიოდში ვატო მაჭავარიანის ორკესტრში მი­­მიწვიეს და იქ ვუკრავდი. პარალელურად, გერმანელ მოსწავლეებს ქართულს ვასწავლიდი. მოკლედ, ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა. ვშრომობდი იმისთვის, რომ ფინანსურად სხვაზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავი.

- გამოდის, რომ შრომისმოყვარე ხარ.

- ასეა! საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ, სამსახურში უფრო მეტი საქმე გავაკეთო, ვიდრე მევალება. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც დაბალი ხელფასის გამო, დაკისრებულ სამუშაოს ნორმალურად არ ასრულებენ. ასეთი მიდგომა ჩემთვის მიუღებულია. როცა რაღაცაზე ან ვიღაცის წინაშე ვალდებულებას იღებ, მიუხედავად იმისა, სარფიანად გიხდიან თუ არა, დაკისრებული მოვალეობა კარგად უნდა შეასრულო.

- ფული ხელფასიდან ხელფასამდე გყოფნის? მის სწორად განაწილებას თუ ახერხებ?

- (იღიმის) ხელფასის - არა, ხელფასების სწორად განაწილებას ნამდვილად ვცდილობ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ასე თუ ისე, გამომდის.

- რამდენიმე ადგილას მუშაობ?

- მოდი, ამ თემაზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩემი სამსახურების გასაიდუმლოებას დიდი ხნით ნამდვილად არ ვაპირებ, უბრალოდ, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ.

- ის მაინც გვითხარი, რამდენი სამსახური გაქვს?

- სულ სამი სამსახური მაქვს.

- სამი სამსახური თუ გაქვს, მაშინ ყოველთვიურად სოლიდური შემოსავალიც გექნება.

- ახლა, თვის ბოლოს პირველად ავიღე სამივე სამსახურიდან ერთდროულად გარკვეული თანხა. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, რამდენი მეკუთვნოდა. არადა, ჩემს ერთ ახლობელს დაუანგარიშებია, მოვიდა და მითხრა, - სამივე სამსახურიდან, თვის ბოლოს, ამდენი ლარი დაგიგროვდებაო. ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე.

- როცა ამა თუ იმ დაწესებულებაში მუშაობის დაწყებას აპირებ, წინასწარ არავის ეკითხები, ანაზღაურება რამდენი გექნება?

- რა თქმა უნდა, ამითაც ვინტერესდები. უბრალოდ, ამჯერად ის არ მქონდა დათვლილი, სამივე სამსახურიდან ერთდროულად რამდენი ლარით შეივსებოდა ჩემი ბიუჯეტი. ჰოდა, გამოდის, რომ ჩემს მეგობარს უფრო მეტი უფიქრია ამ საკითხზე (იღიმის).

- ფულის ყაირათიანი მხარჯველი ხარ?

- ოოო... "ყაირათიანობა" - ეს სიტყა არ შემეფერება. ფულის ყადრი მართლა არ ვიცი. ზოგადად, ფული მიყვარს. როცა ჯიბეში გარკვეული თანხა გიდევს, უფრო მეტად თავდაჯერებული ხარ, რაღაცნაირ სიძლიერეს გრძნობ... ოჰ, ეს ფული.... ყველას ფული სჭირდება, მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია.

- ოდესმე ყულაბა თუ გქონია?

- ყულაბა ბავშვობაში ხშირად მქონდა, მაგრამ მის გავსებას არასოდეს ველოდებოდი, როგორც კი რაღაც თანხა მოგროვდებოდა, ვტეხდი.

- შეგროვებული თანხით ძირითადად, ტკბილეულს ყიდულობდი?

- არა, ტკბილეული არ მიყვარდა და არც ახლა ვგიჟდები სასუსნავებზე... ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შეგროვებულ თანხას ალბათ, მეგობრებთან ერთად ვხარჯავდი.

- დანაზოგის გაკეთებას თუ ახერხებ?

- არა, ამას ვერასოდეს ვახერხებ, ძალიან მხარჯველი ვარ. ზოგჯერ შეიძლება, რაღაც თანხა გადავდო, მაგრამ რომ გითხრა, დიდხანს მიმყვება-მეთქი, მოგატყუებ.

- როცა მატერიალურ კრიზისს განიცდი, დასახმარებლად ვის მიმართავ?

- ფინანსური კრიზის დასაძლევად გამოსავალის პოვნა არ მიჭირს, ამისთვის ათასნაირი გზა არსებობს. ისე, ძირითადად, ასეთ დროს დახმარებისთვის მეუღლეს მივმართავ.

- ოდესმე ფული გისესხებია?

- ფული მისესხებია და გამისესხებია კიდეც, მაგრამ დიდ თანხას არასოდეს არავის ვასესხებ. ყოველთვის ვცდილობ, იმდენი გავასესხო, რომ თუ ჩემი მევალე გადახდას ვერ შეძლებს, თამამად ვუთხრა: იმ თანხას გჩუქნი-მეთქი. ასეთ შემთხვევაში, არც ის იქნება უხერხულ სიტუაციაში და არც მე ვინერვიულებ.

- მაღაზიიდან რაიმე ნივთი ან სამოსი ნისიად თუ წაგიღია?

- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ უფრო ხშირად, ნისიად რაღაცის შეძენაზე უარს ვამბობ. რაიმე რომ მომეწონება, მაღაზიაში თავად კონსულტანტები მეუბნებიან, - ფული თუ არ გაქვს, წაიღე და როცა გექნება, მოიტანეო.

- ხელფასს ძირითადად, რაში ხარჯავ? ფულის გადახდა რაში არ გენანება?

- ფულის დახარჯვა არაფერში მენანება. მას საჭიროებისამებრ ვხარჯავ. ძირითადი თანხა მაინც, საკუთარი თავის მოვლასა და უცხოეთში მოგზაურობაში მეხარჯება. მიყვარს, როცა კოსმეტიკასა და სუნამოს ვყიდულობ. ყველაზე მეტად, ფულის დახარჯვა საჭმელში მენანება, თუმცა, ეკონომიას ამ მხრივაც ვერ ვაკეთებ. განსაკუთრებით, ხორციანი კერძები მიყვარს. რესტორანში ან მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ყველაზე ხშირად, ხორციან სტეიკს ვუკვეთ.

- საფულეში ფულს ხშირად აკონტროლებ?

- ძალიან დიდი ხანი საფულეს არ ვატარებდი, მის საჭიროებას ნაკლებად განვიცდიდი და ფული ყოველთვის უდიერად მეყარა ჩანთაში. ახლახან მეგობრებმა გადაწყვიტეს, ჩემთვის საფულე შეეძინათ. ჰოდა, მიყიდეს კიდეც. ახლა ამ საფულეს ძალაუნებურად, ვიყენებ, მაგრამ მასში ფული დიდხანს არ მიჩერდება.

- ე.ი. საკუთარ თავს ფულის მფლანგველ ადამიანად მიიჩნევ?

- (იღიმის) ფაქტია, რომ ხელმომჭირნე არ ვარ, ფულის შენახვა არ გამომდის და რა ვქნა? ჩემი აზრით, ფული იმისთვის არსებობს, რომ მისი ხარჯვით ისიამოვნო და შეიძინო ის, რაც გჭირდება, საკუთარი თავი და ახლობლები გაახალისო. თუმცა ვაღიარებ, ზომიერების დაცვა ყველაფერში საჭიროა.

- თუ იცი, ამწუთას საფულეში რამდენი ლარი გაქვს?

- (ფიქრობს) 15 ლარი დამრჩა. ხელ­ფასამდე ეს თანხაც მეყოფა, ალბათ.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

იხილეთ ასევე:

- ვისთან ერთად აპირებს დასასვენებლად გაპარვას ანი გიუნტერი

- ანი გიუნტერი - არასწორია იმის თქმა, რომ ქალის ერთადერთი მისია - დედობაა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება