საქართველოში ხელფასი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა

საქართველოში ხელფასი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეკონომიკა

საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორსა და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულებს აქვთ. სპეციალისტების განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩება საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის მაჩვენებელს. ასეთი ტენდენცია განვითარებადი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, 2013 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 800 ლარია. ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო სექტორში დასაქმებულებს აქვთ - 1288 ლარი, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების საშუალო ხელფასი კი 1173 ლარია.

ყველაზე დაბალი ხელფასი ისევ სოფლის მეურნეობასა და განათლების სექტორებში დასაქმებულებს აქვთ: განათლებაში - 402 ლარი, სოფლის მეურნეობაში 493 ლარი. სასტუმროებსა და რესტორნებშიც 400 ლარს იხდიან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში საშუალო ხელფასი 800 ლარია, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანია, რომელიც ამ რაოდენობის ხელფასს იღებს. ქვეყანაში დასაქმების დონე იმდენად დაბალია, რომ 800-ლარიანი ანაზღაურება მაღალ ხელფასად მიიჩნევა და ბევრისთვის ოცნებაა.

2003 წელთან შედარებით, ხელფასის თანაფარდობა მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში თითქმის 4-ჯერ გაიზარდა, 6%-დან 24%-მდე, მაგრამ ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, როდესაც ევროპაში თითქმის 40%-ია (დანიაში 52%). ექსპერტების განცხადებით, ხელფასების წილი მშპ-ში უნდა გაიზარდოს არა მარტო ერთეული ხელფასის ზრდით, არამედ დასაქმების საერთო დონის გაუმჯობესებით. საქართველოში პრობლემა არის ის, რომ ხელფასის ამღებთა რაოდენობა არ იზრდება.

ქვეყანაში უფრო მეტად ვითარდება მსხვილი ბიზნესი, ვიდრე საშუალო და მცირე. სამუშაო ადგილების შექმნის მეტი შესაძლებლობა კი სწორედ ამ უკანასკნელს აქვს.

სტატისტიკის ექსპერტის, სოსო არჩვაძის განცხადებით, 2003 წლის ბოლოდან, როდესაც ქვეყანაში ახალი ძალა მოვიდა, სახელმწიფო მმართველობაში კორუფციის აღმოსაფხვრელად ხელფასები გაზარდეს. მას შემდეგ, ეს ტენდენცია გრძელდება, გადასახადის გადამხდელების ხარჯზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულების ხელფასი იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდა დაბალია. კერძო სექტორში დასაქმებულების მაჩვენებელი არ იცვლება.

არჩვაძის ინფორმაციით, საჯარო სექტორში ეკონომიკის ზრდის დონე ბევრად ჩამორჩება ხელფასების ზრდის დონეს. "სახელმწიფო მმართველობის სფეროში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ დონესთან შედარებით, ხელფასები უფრო სწრაფად იზრდება. მაგალითად, 1 სულ მოსახლეზე ამერიკის ეკონომიკური დონის მაჩვენებელი საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო ხელფასის დონე", - ამბობს არჩვაძე.

იმისთვის, რომ კერძო სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი მიუახლოვდეს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების ხელფასების დონეს, ბიზნესი უნდა გაძლიერდეს.

"ბიზნეს სექტორი დაბალი ტემპით ვითარდება და, ბუნებრივია, ნაკლები სამუშაო ადგილები იქმნება. მსხვილ ბიზნესს უკეთესი ტექნიკური აღჭურვილობა აქვს, ამიტომაც ცოცხალი შრომის მონაწილეობა შედარებით მცირეა. შეიძლება ჩვენ გავზარდოთ მშპ, ეკონომიკური ზრდაც გვქონდეს, მაგრამ სიღარიბის ფონზე, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა სახარბიელო არ იყოს. ამიტომ ჩვენ გვინდა ხელფასების, ასე ვთქვათ, ორნაირი ზრდა - რაოდენობრივი და ხარისხობრივი; ანუ არა მარტო საშუალო ხელფასის გაზრდა, არამედ ხელფასის მიმღებ ადამიანთა რაოდენობის მატებაც", - ამბობს არჩვაძე.

ექსპერტის აზრით, 800-ლარიანი ხელფასი ნიშნავს, რომ ადამიანი საშუალო დონეზეც არ იმყოფება. საქართველოში სოციალური ფენა 3 კატეგორიად არის დაყოფილი - მდიდრები, საშუალო ფენა და ღარიბები, თუმცა მოსახლეობის დაყოფა უკვე 5-ზე მეტ ფენად უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სადაც 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 800 ლარზე მეტი ხელფასი, დაახლოებით, 210 ათას ადამიანს აქვს, 800 ლარზე ნაკლები ხელფასი კი - 400 ათას ადამიანს. ამ მიმართულებით, სტატისტიკის სამსახურს გამოკვლევა 2006 წლის შემდეგ აღარ ჩაუტარებია.

მეორე საკითხია ის, რამდენად რეალურია საშუალო ხელფასის ოდენობა. მაგალითად, ამერიკაში საშუალო ხელფასის დაანგარიშებისას გამორიცხავენ მაღალანაზღაურებადი ადამიანების ხელფასებს (ცნობილი მსახიობები, ადვოკატები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები). საქართველოში კი საშუალო ხელფასის გაანგარიშებისას შედის იმ მაღალანაზღაურებადი ადამიანების ხელფასებიც, რომელთა ოდენობა წელიწადში 2-3 მილიონი ლარიც კია.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია