სომხეთის ციხეებში ქართველ პატიმრებს აწამებენ?

სომხეთის ციხეებში ქართველ პატიმრებს აწამებენ?

ფაქტი, რომელიც საქართველოში ჯერ არ გახმაურებულა. იცის თუ არა ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორ ექცევიან მის მოქალაქეებს? რას აკეთებს სომხეთში საქართველოს კონსული? რა გაუგებრობაში მოყვა ბიზნესმენი მამუკა მერკვილაძე და რა სისასტიკე მიიღო მან ამ ქვეყნის წარმომადგენლებისგან? რა მიზეზით არ ეთმობა ერევანს ქართველი პატიმრები?

"ალიას" მამუკა მერკვილაძის მეუღლე, მეგი ქართლელიშვილი ესაუბრა:

- მეგი, თქვენი მეუღლე სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს, როგორც ინტერპოლის მიერ ძებნილი და ერთი თვეა, ციხეში ჰყავთ. როგორც მითხარით, იმ დოკუმენტებით, რაც თქვენ გაქვთ, არც ინტერპოლის თბილისის ბიურო და არც გერმანია, სადაც ის საქმიანობდა, მას არ ეძებს. რატომ მოხვდა ასეთ გაუგებრობაში?

- მამუკა მეგობარს გაჰყვა ერევანში, გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, დააკავეს, დაადეს ბორკილები და წაიყვანეს ნოემბერიანის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში. 3 დღეში ჩატარდა სასამართლო, ისე, რომ ადვოკატიც არ ჰყოლია, სახაზინოც კი. მიუსაჯეს 15 წელი. მანაძორის ციხეში გადაიყვანეს ამის შემდეგ, იმ პირობით, რომ გერმანია წაიყვანდა.

- გერმანია რატომ ითხოვდა?

- არ ითხოვდა... გერმანიაში ადვოკატი გვყავს აყვანილი, რომელმაც გაარკვია, რომ არანაირი ინტერპოლი არ ეძებს, არანაირი კანონდარღვევა არ აქვს ჩადენილი, ამიტომ ერევანს საქმის გარკვევამდე ჰყავდა დატოვებული იზოლატორში. ჩვენ ვნახეთ განაჩენი, სადაც წერია, თითქოს გერმანიიდან არის გამოგზავნილი მოთხოვნა მამუკას დაპატიმრების მოთხოვნაზე. ამ ქალაქის პროკურატურას დავუკავშირდით და უარყოფენ, არანაირი მოთხოვნა არ გვქონიაო. ეს დოკუმენტი გვაქვს თავისი გერბით და პროკურორის ხელმოწერით.

- რით ადასტურებს სომხური მხარე, რომ ინტერპოლით ძებნილი დააკავა, როცა საქართველოს ბიუროს არ დაუდასტურებია მისი ძებნა?

- ამის არანაირი საბუთი არ გვაქვს, ყველაფერზე გვესაუბრებიან ზეპირად, სიტყვიერად, დოკუმენტად ჩვენი საუბრის გაფორმებაზეც უარს ამბობს სომხური მხარე.

- სომხეთში აყვანილი ადვოკატი რას გეუბნებათ?

- საინტერესო რამ მოხდა ამ ადვოკატის აყვანამდე. წინასწარი პატიმრობა რომ დაუმთავრდა მამუკას, სამხილების არარსებობის გამო გაათავისუფლეს. ციხის ადმინისტრაციას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, პატიმარი ციხეში გაეჩერებინა და იძულებული გახდა, გამოეშვა. ჩავედით ოჯახი წამოსაყვანად, 3 საათი ერთად ვიყავით ერევანში, სანამ საბუთები ოფიციალურად გაფორმდებოდა და ამ ლოდინში უცებ მოვიდნენ, ახალი მოთხოვნა გამოიგზავნა და უკან უნდა შევაბრუნოთ ციხეშიო. აქედან დაიწყო ჩვენი წამება. ავიყვანეთ ადვოკატი, ჩატარდა სასამართლო იჯევანში და ისევ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. რის საფუძველზე გაგრძელდა ეს ვადა, ამ წუთამდე არ ვიცით. რა საბუთიც არ უნდა მოვითხოვოთ, არ იძლევიან, ნებისმიერ პატიმარს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და მამუკას არ აძლევენ. სტრესის ნიადაგზე განუვითარდა ფსიქიკური აშლილობის მძიმე ფორმა. იმდენად მძიმე, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მიიყენა თვითდაზიანება, ჭკუა არ მოეკითხება, განიცდის მეტისმეტად მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, აქვს ენის ბარიერი და რას ეუბნებიან, არ ესმის. მითხრა, წყალს რომ ვსვამ, ძალიან უცნაური შარდი მაქვსო, ყველაფერს, რასაც ჭამს, უკან აღებინებს, ფეხები ეწვის. მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ იქ მას სცემენ ან ისეთ პრეპარატებს აძლევენ, რომ ითიშება. სიგარეტის მოწევის შემდეგ თავს უცნაურად გრძნობს, ჰალუცინაციები აწუხებს. ამას მიაღწიეს ერთ თვეში. ჩვენ ვითხოვდით საქართველოდან ექიმის ჩაყვანას, არც ჩვენ ჩაგვაყვანინეს, არც თავად მიიყვანეს, როცა ნახეს, როგორი არაადეკვატური იყო. ვითხოვდით საავადმყოფოში გადაყვანას თვითდაზიანების მიყენების გამო, მაგრამ ამის მაგივრად, სხვა ციხეში გადაიყვანეს. შევუყვანეთ ქართულად მოლაპარაკე ექიმი, რომლის დასკვნაც საგანგაშოა. იქაურ ექიმს რომ ვუთხარით ამის შესახებ, იცით, რა გვითხრა? კაცია და უნდა გაუძლოს, აბა, როგორ გინდათო. არადა წამების კლასიკური მაგალითია.

- კი მაგრამ, უცხოელი უფლებადამცველები არ არიან სომხეთში, არ შედიან მონიტორინგზე?

- რას ამბობთ, სომხეთში ისეთი ვითარებაა, როგორც აქ იყო "გაი"-ს დროს. თუ თანხას გადაიხდი, ყველაფერი შესაძლებელია ამ ქვეყანაში. რომ დავრეკავ, ვიჩხუბებ ექიმთან, ვინმე ნანაიანთან, მხოლოდ მაშინ შედის და ამოწმებს მის მდგომარეობას.

- მაინც ვერ გავიგე, თუ ამბობთ, რომ უდანაშაულოა რატომ ჰყავთ ციხეში, რაღაც მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს?

- ერევანში პირად საუბარში მითხრეს, რომ ერევანსა და გერმანიას შორის გაფორმებულია მემორანდუმი, რომლის თანახმადაც რაც მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ეყოლებათ ციხეში, მით მეტ გრანტს მიიღებენ. შესაბამისად, ერევნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მათ ციხეში იქნება მოთავსებული. რის გამო ზის ჩემი ქმარი ციხეში, ის მაინც მითხრან, როცა საქმეში მტკიცებულებები არ დევს. 8-ტომიანი საქმეა საიუველირო მაღაზიის გატეხის შესახებ, სადაც ვინმე ნოზაძე და კაკაბაძე ფიგურირებენ, ერთხელაც კი არ არის ნახსენები მერკვილაძე რაიმე ფორმით. ერევანში მითხრეს, თქვენი ქმარი 10 ივლისიდან არის ინტერპოლის ძებნაზეო. თუ ინტერპოლი ეძებდა, როგორ გადავკვეთეთ ოჯახმა თურქეთის საზღვარი, რატომ იქ არ დააკავეს? გერმანიაში ადამიანი მიდიოდა, მოდიოდა, ძვირადღირებული მანქანები ჩამოჰყავდა. მეტიც, 2 თვის წინ საკმაოდ სოლიდური სესხი აქვს გამოტანილი ბანკიდან ადამიანს, რომელსაც ახლა ეუბნებიან, რომ ინტერპოლით არის ძებნილი? ყველაფერი, რასაც გეუბნებით, მაქვს ასახული დოკუმენტებში. ბოლო საბუთი, რომელიც ერევანში ვნახეთ, არის გერმანიის დოკუმენტი, რომელიც სთხოვს ერევანს, შეგვატყობინეთ, მამუკა მერკვილაძე რამდენ ხანს გეყოლებათ ციხეშიო? თუ აქ გარიგებას არ აქვს ადგილი, რას ნიშნავს ეს დოკუმენტი?

- საქართველოს ხელისუფლება ჩააყენეთ საქმის კურსში?

- დიახ, ყველა უწყებას მივმართეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაწყებული, პარლამენტით დამთავრებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვცა პასუხი, რომ განცხადებას აწერია "სასწრაფოდ" და გადაეგზავნა საკონსულოს. საკონსულოდან კი პასხუი არ გვაქვს.

"ალია" ეცადა საქართველოს კონსულთან, ზვიად ტატიშვილთან დაკავშირებას. ორი ტელეფონის ნომრიდან ერთი გამორთული აქვს, ხოლო მეორეს, შეტყობინების მიუხედავად, არ უპასუხა.

ამის შემდეგ "ალია" საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს მარი ნარჩემაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ სიტუაციაში გაერკვეოდა და ჩვენს კითხვებს უპასუხებდა. მოგვიანებით კი გვითხრა:

- ჩვენ ვესაუბრეთ ერევანს და როგორც გვითხრეს, გერმანიის მხარის მოთხოვნით დააკავეს. არსებობს საბრალდებო საქმე, რომლის მიხედვითაც მერკვილაძეს ჩადენილი აქვს დანაშაული გერმანიის ფედერაციაში. სომხეთი არაფერ შუაში არაა, ის მხოლოდ შემსრულებელია.

- მერკვილაძე ციხეში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, იცით ამის შესახებ?

- ვიცით, კონსული მეუბნება, რომ პერმანენტულად უკავშირდება ციხის ადმინისტრაციას და კითხულობს მის ამბავს, მას მართლაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და სამედიცინო მომსახურება ეწევა. თუ რამე გაუჭირდება, ყველანაირი დახმარებისთვის მზად ვართ.

- ექსტრადაციის საკითხი როგორ იქნება?

- გერმანია ითხოვს მერკვილაძის დაკავებას. არ ვიცი, აქვს თუ არა საქართველოს უფლება, მოითხოვოს ექსტრადაცია.

სიტუაციის გასარკვევად "ალია" საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიასაც დაუკავშირდა:

- განცხადება, მამუკა მერკვილაძის შესახებ, საქართველოს პარლამენტში ორი დღის წინ შემოვიდა მისი ადვოკატის ლანა გვარლიანის მიერ. დავიწყეთ შესწავლა უკვე. განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი, როგორც დააკავეს მამუკა მერკვილაძე. ბევრი დეტალია მითითებული.

- პარლამენტიდან რის გაკეთება შეიძლება?

- თქვენთან საუბრის მერე კიდევ უფრო მივაქცევ ამ საქმეს ყურადღებას, შევისწავლი მის ყველა დეტალს. დავიწყებთ მომზადებას, დავაყენოთ შუამდგომლობა. იუსტიციის მინისტრი არის უფლებამოსილი, ექსტრადიციის საკითხი დააყენოს. ჩვენ მოვამზადებთ შუადმგომლობას და რეკომენდაციას. რახან მომართვა არსებობს, უკვე დავიწყებთ შესწავლას. ვიცით მერკვილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რამდენიმე დღეში თავად დავუკავშირდებით.

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ