პატრიარქის საშობაო ეპისტოლე: "ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს!"

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე: "ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს!"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში ქრისტიანობის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობს.

იხილეთ ეპისტოლეს სრული ვერსია

როგორც პატრიაქის ეპისტოლეშია ნათქვამი, თანამედროვე ეპოქა ამ მხრივ მეგა-გამოწვევებით გამოირჩევა.

"პოსტმოდერნიზმის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილის ხედვა, რომელიც ამა თუ იმ რელიგიურ მიმდინარეობას ეყრდნობა, არასწორადაა მიჩნეული, რადგან, მათი გაგებით, ცდება ყველა, ვინც აცხადებს, რომ ჭეშმარიტება იცის. თვით ათეისტებიც ცდებიან, რადგან ამტკიცებენ რაღაცას, მაგალითად, უღმერთოებას. მართალია მხოლოდ ის, ვინც არავის განსჯის.

ასეთი აზროვნებისთვის, სწორი და არასწორი აღარ არსებობს. გვაქვს უბრალოდ სისტემა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მართალია თუ არა ესა თუ ის პრინციპი, არამედ ის, თუ რამდენად მუშაობს და რამდენად სარგებლიანია იგი დღეს.

ამ სისტემაში მიჩნეულია, რომ თვითონ ადამიანია ყველაფრის განმსაზღვრელი და რაც მას მოესურვება, ისაა კარგი. ამიტომაც პიროვნების გამოსწორება კი არ არის საჭირო, არამედ მისი აზროვნების შეცვლაა მისაღწევი. მაგალითად, თუ ვინმეს ჭუჭყიანი სამოსი აცვია და იგი ჩათვლის, რომ მისი ტანსაცმელი სუფთაა და ამას თვითონაც დაიჯერებს, ის მართალი იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, სხვაც ასე ფიქრობს თუ არა", - ნათქვამია ეპისტოლეში.

პატრიარქის თქმით, სამყაროს თავისი კანონები აქვს, თანამედროვე აზროვნება კი ამბობს, რომ საერთო მოცემულობა არ არსებობს და ეს მოგონილია.

"ამდენად, შეგიძლია, შენი სურვილისამებრ, ნებისმიერი მოვლენა აღიარო, ან არ აღიარო, მიიჩნიო არსებულად, ან არარსებულად.

ტაბუ უნდა აეხსნას ყველაფერს! უნდა განვდევნოთ წარსულის ზნეობრივი შეზღუდვები, ყველაფერი კარგია, რაც მე მინდა და მსიამოვნებს! ოღონდ შეფასებებისას ერთი აუცილებელი წესი უნდა იქნეს დაცული, - სხვისი, განსაკუთრებით უმცირესობის, უფლებები არ უნდა დაირღვეს! ეს კანონია.

შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ იკარგება ზღვარი კარგსა და ცუდ საქციელს, სიმართლესა და სიცრუეს შორის. სიმართლე არის ის, რასაც მე მივიჩნევ სიმართლედ და მორჩა! შენ შენი სიმართლე გაქვს? დაიცავი შენი სიმართლე, მე ჩემსას დავიცავ. მე შენს უფლებებს არ შევლახავ, შენც ჩემი უფლებები არ შელახო. დაახლოებით ასეთია ის აზროვნება, რომლის დამკვიდრების მცდელობაც არის დღეს", - ნათქვამია ეპისტოლეში.

როგორც ილია მეორე აღნიშნავს, არჩევანის თავისუფლებას და პიროვნებაზე ძალადობრივი ქმედების მიუღებლობას ქრისტიანობაც ქადაგებს.

პატრიარქის თქმით, არჩევანის თავისუფლება უფლისგან ადამიანისთვის ბოძებული ერთ-ერთი უმთავრესი მადლია, მაგრამ ქრისტიანულ მოძღვრებასა და ფსევდო-ლიბერალების მიერ შემოთავაზებული "თავისუფლებას" შორის ფუნდამენტური სხვაობაა.

"ფსევდო-ლიბერალური "არჩევანის თავისუფლება" ასარჩევ მოცემულობათა თანაბარ ღირებულებებს გულისხმობს და ყველაფერს თანაბრად კარგად მიიჩნევს.

ქრისტიანობა (ზოგადად, რელიგიური აზროვნება) კი გვასწავლის, რა არის კარგი და რა - მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა - მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (Iკორ.10;23).

ისედაც ხომ ცხადია, არჩევანის თავისუფლება მაშინაა ღირებული, როდესაც მას ერთმანეთისაგან განსხვავებულ ფასეულობებს შორის აკეთებ, თორემ თუ ყველაფერი სულ ერთია, არჩევანსაც აზრი ეკარგება.

ყოველივეს თავი და თავი კი ის არის, რომ სეკულარულმა იდეოლოგიამ პიროვნება ღმერთისაგან დამოუკიდებელ არსებად წარმოაჩინა, კვარცხლბეკზე ცოდვით დამძიმებული ადამიანი დააყენა და ყველაფერი მის ინსტიქტებს დაუქვემდებარა, რითაც მდაბალი ვნებითი მიდრეკილებების ლეგიტიმაცია მოინდომა, მორალური და სულიერი ორიენტირები დაუკარგა და ეს ინდივიდუალიზმის საბაბით გაამართლა. ესაა ყველა მიმართულებით გაშლილი ბრძოლა ტრადიციული შეხედულებების, აღზრდისა და ზნეობის წინააღმდეგ", - ბრძანებს პატრიარქი საშობაო ეპისტოლეში.

იხილეთ ეპისტოლეს სრული ვერსია

იხილეთ ეპისტოლეს ვიდეოფრაგმენტები

-მრავალშვილიანები პატრიარქის სიგელით დაჯილდოვდებიან

-პატრიარქი აბორტზე, სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე საშობაო ეპისტოლეში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია