რაში დახარჯა თეა წულუკიანის უწყებამ საახალწლოდ 4 ათასი ლარი

რაში დახარჯა თეა წულუკიანის უწყებამ საახალწლოდ 4 ათასი ლარი

ამა თუ იმ უწყების მიერ საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვას მედია ისევ აქტიურად აკვირდება. ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში ამჯერად იუსტიციის სამინისტრო და მის მიერ გამართული საახალწლო საღამო მოექცა, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უწყებას 4 ათასი ლარი დაუჯდა. მედიის ინტერესი დღეს თავად იუსტიციის მინისტრმა დააკმაყოფილა. თეა წულუკიანი განმარტავს, რომ ღონისძიება, რომელმაც ჟურნალისტებში კითხვები გააჩინა, მისი უწყების თანამშრომლების ბავშვებისთვის, დაახლოებით 250-მდე პატარასთვის მოეწყო.

"ეს არ გახლდათ საღამო, რადგან საღამოს ბავშვებს სძინავთ, ეს არის ტრადიცია, რომელიც იუსტიციის სამინისტროში 2009 წლიდან არსებობს და, რომელიც მე არ მოვშალე. ამ ტრადიციის თანახმად, იუსტიციის სამინისტრო ყოველ ახალ წელს, იანვრის პირველ კვირებში, აფინანსებს ორნაწილიან ღონისძიებას უწყების თანამშრომლების ბავშვებისთვის, 12:00 და 13:00 საათზე. ეს არ გახლავთ კოსტუმირებული საღამო. ეს იყო გასართობი საახალწლო პროგრამა ბავშვებისთვის და მე ამ ტრადიციას ხელს ვუწყობ რომ გაგრძელდეს - მე გპირდებით, რომ თუკი გაისად ახალ წელს მე ვიქნები ამ უწყების ხელმძღვანელი, ჩვენი თანამშრომლების ბავშვებისთვის კვლავ გაიმართება საახალწლო ღონისძიება იმ დარბაზში, სადაც ახლა ჩვენ ვართ და იმ დიდ ნაძვისხესთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ ავშალეთ, რათა ბავშვებს ჰქონდეთ საშუალება, ნახონ საკუთარი მშობლები სად მუშაობენ და გაერთონ თოვლის ბაბუასთან ერთად", - განუცხადა თეა წულუკიანმა დღეს ჟურნალისტებს.

მინისტრმა იქვე განმარტა, რომ აღნიშნულის გარდა, უწყებაში "ზრდასრულებისთვის სუფრების ხალხის ფულით დაფინანსების" ტრადიციაც დახვდა, რომელიც "მოშალა".

"იყო კიდევ ერთი ტრადიცია, რომელიც მე მოვშალე. ეს გახლდათ ბიუჯეტის სახსრებით კორპორატიული საღამოების გამართვა ზრდასრული ადამიანებისთვის და ასე ვთქვათ, სუფრების დაფინანსება ხალხის ფულით. ეს ტრადიცია აღარ არსებობს", - განმარტა იუსტიციის მინისტრმა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 8 იანვარს, სამინისტროს მისაღებ დარბაზში 2 კოსტუმირებული დადგმა განხორციელდა, რომელსაც 9 გმირი და ილუზიონისტი აფორმებდა.

მარი მესხი, Ambebi.ge