როგორ მოხვდა ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი პოლიტიკაში

როგორ მოხვდა ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმი პოლიტიკაში

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი - დიმიტრი ხუნდაძე პროფესიით ექიმი გახლავთ. პოლიტიკაში მოსვლამდე კარგი სამსახურიც ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილის პირადი ექიმიც იყო. პოლიტიკურ ორომტრიალში ჩართვა კი ქვეყანაში მიმდინარე უარყოფითმა პროცესებმა და ბატონი ბიძინას თხოვნამ გადააწყვეტინა.

ექიმობა და პოლიტიკა

- სამი წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, პოლიტიკაში წახვალო, ამაზე მეტად არაფერი გამაკვირვებდა და გულიანადაც ვიცინებდი. ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა, საყვარელ საქმეს ვაკეთებდი - ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგი ვიყავი, ახლა უკვე ამ საქმიანობას მთლიანად მოვწყდი. პაციენტები არ მაკლდა და ბევრ ოპერაციასაც ვაკეთებდი. საკუთარ თავსაც და ოჯახის წევრებსაც იმის უფლებას ვაძლევდი, რომ კარგად დაესვენათ, კარგად ჩაეცვათ, დრო გასართობადაც გვქონდა და წასასვლელ-წამოსასვლელად და ა.შ. წინა ხელისუფლებასთან რაიმე პირადული პრობლემა და დაპირისპირება არ მქონია, მაგრამ როდესაც ვხედავდი, ძალადობას ჰქონდა ადგილი, პროტესტი მიჩნდებოდა. სამი შვილი და სამი შვილიშვილი მყავს. ვფიქრობდი, დღეს კარგად ვართ, მაგრამ ხვალ მათ რას ვუტოვებ-მეთქი? ის ძალადობა ალბათ ჩემს ოჯახშიც შემოაღწევდა. თუმცა მიტინგებზე არ დავდიოდი და საჯაროდ არ გამოვდიოდი. არც დრო მქონდა, არც ინტერესი, რომ დროშებით მერბინა და ინტერვიუები მიმეცა.

- თქვენ ბატონი ბიძინას ოჯახის ექიმიც იყავით. გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ივანიშვილებთან და როგორ გაიცანით იგი?

- საექიმო საიდუმლოებას არ გავცემ, თუმცა სერიოზული არაფერი იყო. უბრალოდ, ექიმი დასჭირდათ და რატომღაც მე დამიკავშირდნენ. ბატონი ბიძინას შესახებ ბევრი რამ მქონდა გაგონილი, მაგრამ ჩემს წარმოსახვაში სულ სხვანაირი იყო. მისი გაკეთებული საქმეებიდან გამომდინარე, რატომღაც ფიზიკურად ძლიერი, ყოვლისშემძლე, მხარბეჭიანი და ულვაშიანი მამაკაცი წარმომედგინა. ვაჟკაცობა, სული, გული, ადამიანობა და ქვეყნის სიყვარული ნამდვილად არ აკლია. მოკლედ, ზაფხული იყო, მანქანამ მომაკითხა და შეკვეთილში წავედით. ეზოში რომ შევედით, უამრავი ადამიანი მუშაობდა. ბაღიდან სახლამდე დიდი მანძილი იყო გასავლელი და ერთ-ერთი წინ გამიძღვა. იქ ზოგი ყვავილებს სხლავდა, ზოგი მიწას ჩიჩქნიდა და ყველას მივესალმე. მათ ერთი კაცი გამოეყო, მასაც ჩვეულებრივ მივესალმე და გზა განვაგრძე. დიდი ყურადღება არ გამომიჩენია. მერე კი აღმოჩნდა, რომ ეს მამაკაცი, რომელიც იდგა და სხვებთან ერთად ვარდებს კრეჭდა, ბატონი ბიძინა ყოფილა. ამის შემდეგ, როცა ჩემი კონსულტაცია დასჭირდებოდათ, ვურთიერთობდით, მერე კი ეს ახლო და მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდა. რამდენჯერმე ვისადილეთ, ჩემი შვილიც მახლდა. ბაკურიანშიც ვიყავით მის აგარაკზე, ბიზნესცენტრშიც ხშირად დავდიოდი. მით უმეტეს, ბატონ ბიძინასთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო იყო. თავიდან შებოჭილი ვიყავი, მაგრამ დროთა განმავლობაში გავიხსენი. ზოგადად, მკაც­რია, მაგრამ ჩემთან ეს სიმკაცრე არ სჭირდებოდა, საქმიანი ურთიერთობა ხომ არ გვქონდა?

- პოლიტიკაში როგორ აღმოჩნდით?

- როცა ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განცხადება გააკეთა, გამიხარდა, რაღაც ნათელი წერტილი გაჩნდა, თუმცა ვერ წარმომედგინა, რომ ამ ორომტრიალში მეც აღმოვჩნდებოდი. მოვლენები ნელ-ნელა ვითარდებოდა. მახსოვს, მცხეთაში "ინფო 9"-სთვის ოფისს ეძებდნენ და არავინ აძლევდა, "ნაციონალების" ეშინოდათ ან დიდ ფულს ითხოვდნენ. მცხეთაში ვცხოვრობ, სამსართულიანი სახლი მაქვს და გადავწყვიტე, ჩემი სახლის პირველი სართული დამეთმო და ამისთვის მხოლოდ სიმბოლური თანხა გავაფორმეთ. რა თქმა უნდა, იმ საღამოსვე მომაკითხეს, - გაუშვიო... ამან ჩემში უფრო დიდი პროტესტი გამოიწვია, თანაც გურული ვარ, ჩემს ღირსებას შეეხნენ! - ჩემს სახლში რასაც მინდა, იმას ვიზამ, მით უმეტეს, კანონს არ ვარღვევ-მეთქი. ცუდად არავის არაფერი უთქვამს და წავიდნენ. მერე ბატონ ბიძინას "გვერდიდან" ვეხმარებოდი, მაგრამ - "შიგნით" უნდა შემოხვიდეო, მეუბნებოდა და ბოლოს მოხდა ისე, რომ მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატად დამასახელა. ეს ყველასთვის გასაკვირი იყო. ასე აღმოვჩნდი ამ "შარში". მცხეთა ადეიშვილისა და მერაბიშვილის კლანის პირდაპირი გავლენის ქვეშ იყო. იქ რომ ვინმე ისეთი დასახელებულიყო, რომელსაც კომპრომატს მოუძებნიდნენ, "გააფუჭებდნენ", მე კი ბიზნესი არ მქონდა და პაციენტებს ხომ ვერ დამითვლიდნენ? საკმაოდ მაღალი ხელფასი მქონდა, ახლანდელზე მეტი. პროფესიიდან გამომდინარე, ჩემს რაიონში ყველა მიცნობდა, ოჯახი არ იყო, შეხება რომ არ მქონოდა. მერეც მომაკითხეს, - მეტისმეტს ნუ მოინდომებო, მაგრამ იქაც კარგი პასუხი გავეცი. ვერ ვიტყვი, მემუქრებოდნენ-მეთქი, მაგრამ სულ ვიღაც დამდევდა მანქანით და ბოლოს ხელს ვუქნევდი, ვესალმებოდი ხოლმე (იცინის). ჩემი სახლის ეზოში კარგი გამწვანება მაქვს, დეკორაციებია, ლამაზი ყვავილები... ჰოდა, ვიღაცები ღამით გადმოძვრებოდნენ და ხმაურობდნენ ხოლმე, ვითომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ. ეს ბიძინას რომ ვუთხარი, კამერები დამიყენა და მერე მოგვეშვნენ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობა

- იმ დროს, როცა ბიძინა კომიტეტის თავმჯდომარეებსა და წევრებს ასახელებდა, მე და ჩემი მეუღლე მაღაზიაში ვიყავით და ხალხი მირეკავდა და მილოცავდა, მე კი არაფერი ვიცოდი. მანამდე არ შევთანხმებულვართ, რომ ამ თანამდებობაზე უნდა დავენიშნე. მაჟორიტარობა ერთი დიდი საქმეა, ამას პლუს კომიტეტი, მეტისმეტი იქნებოდა და ვიფიქრე, მხოლოდ მაჟორიტარობას დავჯერდები და ჩემს ხალხს რასაც დავპირდი, ბოლომდე მივიყვან-მეთქი. დავურეკე ბიძინას, ჭორვილაში იყო, მეორე დღეს კი პარლამენტში ამ საკითხის დამტკიცება ხდებოდა. - ვისვენებ და თუ სერიოზული საქმე გაქვს, ჩამოდი, რამე ისეთზე - არაო. ჩავედი და ვუთხარი, - თავმჯდომარეობა არ მინდა, პოლიტიკაში გამოუცდელი ვარ, რაიონში ათასნაირი პრობლემაა და ორი საქმის ცუდად კეთებას, ერთის კარგად გაკეთება მირჩევნია-მეთქი. გაუკვირდა, - ამ თანამდებობისთვის ხალხი თავს იკლავს და შენ უარს ამბობო? - მოკლედ, წამოვედი. მეგონა, ეს ერთი პრობლემა მოვიშორე, მაგრამ დილით გამომიცხადა, - გუშინ რომ შევთანხმდით, ეგ საქმე არ გამოვაო და ასე შემოვრჩი აქამდე. ახლა ორი კი არა, უკვე სამ ფრონტზე ვიბრძვი - დემოგრაფიულ პრობლემებსაც შევეჭიდე.

კომიტეტის საქმიანობა

- თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან ჩემთვის ახალი სტრუქტურა იყო, მაგრამ დიდი დრო არ დამჭირვებია, სიტუაციაში რომ გავრკვეულიყავი. იმისათვის, რომ კო­მიტეტი სარგებლობის მომტანი იყოს, წევრები ისე შევარჩიე, რომ მათი პოტენციალი მაქსიმალურად გამომე­ყენებინა. ჯანდაცვაში დიდი რეფორმა განხორციელდა, სერგეენკოც ერთ-ერთი აქტიური მინისტრია და ამ სფეროში წარმატება სწორედ იმან განაპირობა, რომ კომიტეტსა და სამინისტროს შორის კარგი სიმბიოზია. მანამდეც ვმეგობრობდით, დათოც ბიძინას ექიმი იყო. ამას წინათ აქუსთან ვიყავი და იხუმრა, - აი, სრული ნეპოტიზმი: ერთი ექიმი მინისტრი, მეორე - კომიტეტის თავმჯდომარეო (იცინის).

დემოგრაფიული ფონდი

- საქმეში კარგად რომ ჩავიხედე, მივხვდი, რომ დემოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა. "გაეროს" მონაცემები რომ მოვიძიე, 2050 წლისთვის, ჩვენი მოსახლეობა შესაძლოა 28%-ით შემცირდეს, თანაც ეს ციფრი ქართულ გენოფონდზე მოდის. საქართველოში შობადობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლა. 1961 წელს შობადობის პიკი 104 ათასი იყო, ახლა დაახლოებით 45 ათასია. მასშტაბური კვლევები ჩავა­ტარეთ. დაახლოებით ერთი თვის წინ, რაჭაში ვიყავით და კატასტროფული მდგომარეობაა, თუ არაფერი შეიცვლება, 10-15 წელიწადში შეიძლება გაუკაცურდეს. დათოვლილი იყო, ენით აღუწერელი სილამაზეა და ონიდან ამბროლაურამდე გზას რომ მივუყვებოდით, ბავშვი არსად თამაშობდა. სახლი ბევრია, მაგრამ მიტოვებული, კვამლი მხოლოდ აქა-იქ ამოდიოდა. საზღვრისპირა რეგიონია და როგორ შეიძლება ასე? ჩვენ რომ ავსახლდეთ, სხვები ჩასახლდებიან და უომრად დავთმობთ.

- მიზეზი სოციალური მდგომარეობაა?

- არა, ქვემო ქართლში სხვა სოციალური მდგომარეობაა? სხვა მთავრობაა? მაგრამ იქ შობადობა მაღალია. ამიტომ მხოლოდ სოციალურს ვერ დავუკავშირებთ. მენტალიტეტი, ოჯახის ინსტიტუტი, ტრადიციები და ა.შ. რატომღაც ისე დამკვიდრდა, რომ ერთი შვილი უნდა გვყავდეს და მთელი ქონება მას მივცეთ, მოწილე არ გავუჩინოთ. ერის მატებისთვის ოჯახში ორი ბავშვიც არ არის საკმარისი. ამიტომ ახლა პარლამენტში მესამე ბავშვის დაფინანსების პროგრამა შემაქვს, სერგეენკოსთან ერთად ვმუშაობ. ერის გამრავლებას მესამე ბავშვი განსაზღვრავს და მინდა, წავახალისოთ და კოეფიციენტები მთაში უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ბარში, რომ შიდა მიგრაცია შევაჩეროთ. 2002 წლის შემდეგ, 164 სოფელი აღარ არსებობს, 172 სოფელში კი მაქსიმუმ 8-10 კომლია. მთელი საქართველო თბილისში ცხოვრობს, ამიტომ მთის კანონის განხილვა გვქონდა. ამ საკითხში დავით ნარმანიაა აქტიურად ჩართული, კომპლექსურადაა მოსაგვარებელი. მთავარია, სახელმწიფოს მიდგომა უკვე შეიცვალა. ორი პრობლემა თითქმის უტოლდება ერთმანეთს - ტერიტორიული მთლიანობა და დემოგრაფიული პრობლემები. რად გვინდა ტერიტორია, თუ ჩვენი მოსახლეობა არ იქნება იქ? ყოფნა-არყოფნაზე, ერის ფიზიკურ გადარჩენაზეა საუბარი და არა - ციფრებსა და სტატისტიკაზე.

- მუდმივად დგას მრავალშვილიანი ოჯახების პრობლემა, მათი სტატუსიც კი ვერ განისაზღვრა.

- მინდოდა, კომიტეტში ეს საკითხიც დამეყენებინა. ეს ხალხი თუ არ წავახალისეთ, არაფერი გამოვა. თუმცა 5-6-7 შვილი იმდენად ვერ წყვეტს დემოგრაფიულ პრობლემას, როგორც ყოველ ოჯახში გაჩენილი მესამე ბავშვი. ესაა მთავარი. ჩვენი დემოგრაფიული ფონდი, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, აქტიურად მუშაობს, კონსულტაციებს მათთანაც ხშირად გავდივართ და ბატონ ბიძინასთანაც. ვფიქრობ, თუ ყველა ერთად დავდგებით - ერიც, ბერიც, ეკლესიაც, მთავრობაც, პარლამენტიც, ამ პრობლემას გადავჭრით.

ოჯახი და შვილები

- გიორგი 24 წლისაა, ახლახან შვილი შეეძინა - დიმიტრი გიორგის ძე ხუნდაძე, თიკას ორი შვილი ჰყავს, ყველაზე პატარა კი ნიტაა, 9 წლის. ადრე ყოველ საღამოს, დროს მასთან ერთად ვატარებდი, ახლა კი როცა შინ მივდივარ, სძინავს. ხშირად ვეღარ მხედავს და პროტესტის გრძნობა გაუჩნდა, დედა რომ ეტყვის, - აი, მამიკო ტელევიზორშიაო, არ უყურებს, არ უნდა. გიორგი ლონდონში სწავლობდა და მანამდე ძალიან მაგარი "მიშისტი" იყო. აქ რომ ჩამოვიდა და სიტუაციას შეხედა, "ოცნებაში" ჩემზე ადრე გაწევრდა. ბიძინამ მითხრა, - ისევ ლონდონში გავუშვათ, ისწავლოს და თუ ყველაფერი კარგად დასრულდა, მერე ჩამოვიდეს, რომ მისით შენზე მანიპულირება ვერ მოახდინონო, მაგრამ გიორგიმ კატეგორიული უარი თქვა. შენ რომ სხვის შვილებს დაუძახებ, როცა გკითხავენ, შენი შვილი სად არისო, რა უნდა უპასუხო, - სწავლობსო? რამდენიმე წლის წინ, მცხეთაში კლინიკა გავხსენი და ჩემი მეუღლე იქ, ლაბორატორიაში მუშაობდა, მაგრამ ძალიან დავიტვირთე და დავხურე. მაშინ ვაკეში, მეცხრე საავადმყოფოში და კიდევ ერთ კლინიკაში ვმუშაობდი და ვეღარ ვასწრებდი. სამი შვილი გაზარდა, ამაზე მეტი საქმე რა უნდა აკეთოს? (იღიმის).

დაზღვევა და უკმაყოფილო პაციენტები

- სახელმწიფო დაზღვევაზე პაციენტებიც უკმაყოფილონი იყვნენ და ექიმებიც. ამ პროექტის არსი ისაა, რომ ქვეყანაში არც ერთი მოქალაქე არ უნდა იყოს დაუზღვეველი. სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება უძვირესია, ახლა კი თითოეულს 15.000-ლარიანი ლიმიტი აქვს.

- ამბობენ, რომ დაზღვეული პაციენტების მიმართ ექიმები უფრო გულგრილები არიან, ეს კერძო დაზღვევასაც ეხება და მათ სათანადო მომსახურებას არ უწევენ. გარდა ამისა, მუდმივ პრობლემად რჩება ექიმების კვალიფიკაცია. რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს სახელმწიფო ამ კუთხით?

- ეს მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ექიმებს დაზღვეული პაციენტები იმიტომ არ უნდოდათ, რომ ანაზღაურებას დროულად ვერ იღებდნენ. როცა ის საოპერაციოში შედის და პაციენტი შეჰყავს, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კარგი შედეგი მიიღოს, მაგრამ მედიცინაში გარანტიები არ არსებობს და ყველაფერი ინდივიდუალურია. ექიმი თვითონაც სტრესის ქვეშაა, დიდი ენერგია სჭირდება და ბუნებრივია, ენთუზიაზმზე ვერც ერთი მათგანი ვერ იმუშავებს, მათაც ოჯახები ჰყავთ და შესაბამისი ანაზღაურება სჭირდებათ. პარლამენტში რომ წავედი, ოპერაციებს ხომ აღარ ვაკეთებდი და ექიმობის დროინდელი გადმორიცხვები იმდენად გვიან მომდიოდა, რომ 7 თვე იმ ხელფასს ვიღებდი. ახალი პროგრამის ფარგლებში ეს შეიცვალა. ახლა ექიმს პაციენტი ნამდვილად უნდა უნდოდეს.

- რა ხდება მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით? იმაზეც მუდმივადაა საუბარი, რომ ფასები ხელოვნურადაა გაბერილი.

- ფასებს თვალყურს ვადევნებთ, არაპირდაპირი ბერკეტები გვაქვს, მაგრამ ჩარევის პირდაპირი მექანიზმები - არა, რადგან ეს ფარმაკოლოგიური ბიზნესია და ზეწოლას ვერ მოვახდენთ. ჩვენთან ის პრეპარატები შემოდის, რომლებიც წამყვან ევროპულ ქვეყნებშია რეგისტრირებული და ლიცენზირებული და დამატებით ლიცენზიას არ ვითხოვთ. რამდენიმე თვეა, ისრაელიდანაც ხდება იმპორტი. კონტროლის მექანიზმები უნდა იყოს, გეთანხმებით.

- რა მდგომარეობაა ონკოლოგიული დაავადებების დაფინანსებასთან დაკავშირებით?

- ასეთი პაციენტების რიცხვმა საგრძნობლად იმატა, მსოფლიოში თითქმის ოთხჯერაა გაზრდილი და ეს სერვისი განსაკუთრებულად ძვირია. გეგმური ოპერაციების დაფინანსებაში სახელმწიფოს წილობრივი თანამონაწილეობა 70%-მდე გავზარდეთ. ონკოლოგიის ნაწილში - ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, 80%-იანი თანადაფინანსებაა. ცუდი სიტუაცია იყო ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვისაც, ძვლის ტვინის გადანერგვას რამდენიმე ათასი დოლარი და ევრო უნდა. ახლა ისე გავაკეთეთ, რომ 18 წლამდე მოზარდებს სახელმწიფო ამ კუთხით სრულად აფინანსებს. საქართველოში ასეთი პაციენტი წელიწადში 8-10-ია. სამწუხაროდ, ყველგან შედეგი არ გვაქვს, მაგრამ ამ თანადგომით რამდენიმე სიცოცხლე გადავარჩინეთ.

- კეთილი. პარლამენტზეც გკითხავთ, "ნაციონალებთან" როგორი ურთიერთობა გაქვთ? შესვენებებზე ერთმანეთს თუ ეკონტაქტებით?

- ხშირი ურთიერთობა მაქვს. ვინაიდან ჩემი კომიტეტი ჯანდაცვისაა, ვინმეს რაიმე ოპერაციაზე დახმარება თუ სჭირდება, მოდიან ხოლმე. პოლიტიკურ თემებზე საკამათოდ ტრიბუნა არსებობს, პირად ურთიერთობაში შეურაცხყოფა რატომ უნდა მივაყენო? აგრესიულები არც თვითონ არიან. გარეთ უფრო სხვანაირები არიან, ვიდრე - შიგნით. მაგალითად, გიგი წერეთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, პატივს ვცემ. პოლიტიკურად სადავო თემები ნორმების ფარგლებში უნდა გაირჩეს და არა - "ორი გვამი მომგვარეთ" პრინციპით. ოპოზიცია უნდა არსებობდეს, უბრალოდ, ჯანსაღი უნდა იყოს.

- ყბადაღებულ "შეუსრულებელ დაპირებებზე" რას იტყვით?

- ხალხს რაც მეტს უკეთებ, მეტი უნდებათ და მერე უკმაყოფილებაც ეზრდებათ. ვინც ვერ დავასაქმეთ, მათი უკმაყოფილება გასაგებია, მაგრამ ვინც დავასაქმეთ, კიდევ უკეთესი თანამდებობა სურთ. მინდა ყველას მეგობრულად ვუთხრა, რომ ნუ იქნებიან ნეგატიურად განწყობილნი. ყველა სურვილს, რა თქმა უნდა, ვერ დავუკმაყოფილებთ, მაგრამ თუ კარგ საქმესაც არ "მიწიხლავენ", მეტი სტიმული მოგვეცემა. ჩვენ ერთნი ვართ, მთავრობა ცალკე ერთეული არ არის, ხალხის ნაწილია, ეს ქვეყანა მარტო ჩემი არაა, ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ და ყველამ თავისი საკეთებელი აკეთოს. ცუდს თუ ჩავიდენთ, მიგვითითონ, მაგრამ ზოგჯერ კარგზეც მადლობა გვითხრან.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია