რუსეთი დოლარზე უარის თქმით იმუქრება

რუსეთი დოლარზე უარის თქმით იმუქრება

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სენატი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, ფედერაცია იძულებული გახდება შექმნას თავისი ფულადი ანგარიშსწორების სისტემა და უარი თქვას დოლარზე, - ამის შესახებ დღეს РИА Новости-სთან ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, სერგეი გლაზევმა განაცხადა.

"ძალიან კარგი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს ჩვენს პარნტიორებთან აღმოსავლეთსა და სამხრეთში და მოვძებნით გზას, რომ არა მხოლოდ გავანულოთ ჩვენი ფინანსური დამოკიდებულება აშშ-ზე, არამედ ამ სანქციებს თავს დავაღწევთ ჩვენთვის ძალიან სარგებლიანად. მცდელობა, რუსეთის ფედერაციისათვის სანქციების დაწესებისა, დასრულდება კრახით აშშ-ის ფინანსური სისტემისათვის, რაც გამოიწვევს აშშ-ის მსოფლიო ფინანსურ სისტემაზე დომინირების დასასრულს", - განაცხადა გლაზევმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სანქციები გამოყენებული იქნება რუსულ სამთავრობო სტრუქტურებთან მიმართებაში, რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდება ფაქტიურად შეუძლებლად სცნოს იმ კრედიტების დაბრუნება, რომლებიც რუსულ სტრუქტურებზე იქნა გაცემული აშშ-ის ბანკების მიერ.

"სანქციები ხომ ორმხრივად მოქმედი იარაღია და თუკი აშშ გაყინავს ჩვენს აქტივებს, ანალოგიურად, გაიყინება ჩვენი ორგანიზაციის პასივებიც დოლარში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბანკები და ბიზნეს დაწესებულებები არ დაუბრუნებენ სესხებს ამერიკულ ბანკებს", - განმარტა გლაზევმა.

ამასთან, მისი თქმით, თუკი ამერიკა გაყინავს რუსული ბიზნესებისა და მოქალაქეების ანგარიშებს, რუსეთის ხელისუფლების რეკომენდაცია მათდამი იქნება, რომ გაყიდონ აშშ მთავრობის ობლიგაციები.

"ამერიკელები რუსეთს სანქციებით ემუქრებიან და ევროკავშირს ითრევენ რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო-ეკონომიკურ ომში. ამ სანქციებს შეიძლება მოჰყვეს შემდეგი სცენარი: ყველაზე მეტად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით დაზარალდება თავად აშშ, რადგან თუ ვისაუბრებთ ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობებზე, ჩვენ მათზე არანაირად არ ვართ დამოკიდებულები. ჩვენ გვაქვს სოლიდური სავალუტო რეზერვი - 200 მილიარდ დოლარზე მეტი და თუ აშშ გაბედავს და გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ სანქციებს რუსული ბიზნესებისა და რუსი მოქალაქეების ანგარიშების გაყინვის გზით, ჩვენ ვეღარ განვიხილავთ ამერიკას, როგორც საიმედო პარტნიორს. ამიტომ, რეკომენდაციას გავცემთ, რომ ყველამ უარი თქვას რეზერვებზე ამერიკულ დოლარში, უარი თქვას თავად დოლარზე, როგორც ვალუტაზე, რომელშიც ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებულები და გამოვიდნენ ამერიკული ბაზრიდან", - განაცხადა გლაზევმა РИА Новости-სთან საუბრისას.

ამერიკელმა სენატორმა კრის მერფიმ, რომელიც სენატში ევროპასთან ურთიერთობის ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობს, გუშინ განაცხადა, რომ სენატმა რუსეთს შესაძლოა სანქციები დაუწესოს უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. მერფიმ აღნიშნა, რომ სანქციები, ძირითადად, რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კერძო ინვესტორების ფინანსური აქტივების გაყინვაში შეიძლება გამოიხატოს. ასევე, რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაში. თუმცა, სენატორმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს მცირე ეფექტი ექნება, თუკი ანლოგიურ ქმედებებს არ მიმართავს ევროპაც.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა