უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

უკრაინიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტმა უმრავლესობის რეზოლუციის პროექტს 74 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმცირესობას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე რეზოლუციის ორ ტექსტს განიხილავდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ უმცირესობა და უმრავლესობა თავიდანვე ვერ შეთანხმდა პროექტის ტექსტზე, მათ სხდომაზე თავიანთი ვერსიები წარადგინეს. საბოლოოდ კენჭისყრის დროს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ უკრაიანის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტი 27 ხმით 6 წინააღმდეგ ჩავარდა.

როგორც პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის ტექსტშია ნათქვამი, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული აგრესიული ქმედებები, მათ შორის, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთების გამოყენება ორმხრივი ხელშეკრულების პირობების დარღვევით და ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მუქარა, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოსა და მთელს ევროპას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტი:

1. გამოხატავს სრულ მხარდაჭერას თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

2. გადაჭრით გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალისმიერ და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების და ორმხრივი შეთანხმების დარღვევით განხორციელებულ სხვა ქმედებას.

3. მიმართავს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს კონსულტაციები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში ქმედითი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს მოძმე უკრაინელ ხალხს.

4. მიმართავს საქართველოს მთავრობას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით უკრაინაში დაგეგმილ სამშვიდობო, სადამკვირვებლო და ჰუმანიტარულ მისიებში.

5. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს უკრაინის ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების დარღვევით იმყოფება ქვეყანაში და შეწყვიტოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის წანააღმდეგ მიმართული ყველა ქმედება.

6. მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ევროპის კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიიღონ ქმედითი პოლიტიკური, ეკონომიკური და დიპლომატიური ზომები უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან უკრაინის დასაცავად, შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და საქართველოს დეოკუპაციის მისაღწევად.

7. მხარს უჭერს უკრაინის უმაღლესი რადის მიერ უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ სახელმწიფოთა პარლამენტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვაში ჩამოყალიბებულ სულისკვეთებას, მათ შორის ვითარების დეესკალაციის მიზნით მოლაპარაკებებისათვის საგანგებო ჯგუფების შექმნის თაობაზე.

8. მოუწოდებს ევროკავშირსა და ნატოს, დააჩქაროს ამ ორგანიზაციებში ყველა იმ ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოსი, რომლებიც ამისთვის მზად არიან და რომელთა თავისუფალ არჩევანს სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა