ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გასვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება

ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გასვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება

ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე, ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი, ნიორის გარდა, რომელზეც რაოდენობრივი შეზღუდვა იმოქმედებს, ევროკავშირის ბაზარზე გასვლისას საბაჟო ტარიფისგან გათავისუფლდება.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც ასოცირების შეთანხმების ნაწილია, ითვალისწინებს ქართული სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული პროდუქციის თავისუფალ განთავსებას ევროკავშირის ბაზარზე და ასევე, ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის მიწოდებას.

შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, მხარეებმა უნდა გააუქმონ ყველა საბაჟო გადასახადი, თუმცა გარკეული შეზღუდვები მაინც იარსებებს. კერძოდ, წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტია ნიორი. აღნიშნული კვოტა 220 ტონას შეადგენს, რომელზე გადაჭარბების შემთხვევაშიც, საქართველოს საბაჟო გადასახადის გადახდა მოუწევს.

გარდა ამისა, 28 დასახელების პროდუქტი, რომელთა შორის ძირითადად, ღვინო და ბოსტნეულია, ევროკავშირში იმპორტისას უნდა დაექვემდებაროს საბაჟო გადასახადის გადახდას, ამ გადასახადის ადვალორული (ტვირთების გადაზიდვის გადახდაზე, საბაჟო გადასახადებზე და სხვა გადასახადებზე, რომელიც ირიცხება არა ტვირთის ერთეულისთვის, არამედ მისი ღირებულების პროცენტებში) კომპონენტის გარეშე.

ამასთან, ცალკე ჩამოთვლილია გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმს დაქვემდებარებული პროდუქტები, რომელზეც იმპორტის ზღვრული დონეა დაწესებული.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, მხარეებმა უნდა გამართონ კონსულტაციები ვაჭრობაში საბაჟო ტარიფების ლიბერალიზაციის მასშტაბის გაფართოებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ჯერ კიდევ მის რატიფიცირებამდე შეიქმნება, ვინაიდან შეთანხმების ძალაში სრულად შესვლამდე გარკვეული თავების დროებითი გამოყენება მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ