"იქნებ ილიამ თავის სულს არ ესროლა ირემში?!"

"იქნებ ილიამ თავის სულს არ ესროლა ირემში?!"

აკაკი ბაქრაძეს წიგნში "წიწამური, ანუ ილია ჭავჭავაძის ცხოვრება" საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული წმინდანად შერაცხილი დიდი ქართველისა და ირმის მისტიკური კავშირის შესახებ. ამ ვერსიის უკეთ გასააზრებლად ორ ცხოვრებისეულ ეპიზოდს იხსენებს, რომელთაგან ერთი ილიას ირემზე ნადირობის ცნობილი ამბავია, მეორე კი ილიას მკვლელობის ადგილთან დაკავშირებული აუხსნელი მოვლენა.

როგორ არ მოკლა ილიამ ირემი, მისი დისშვილი კოტე აფხაზი იხსენებს: "ილიას საზოგადოდ ნადირობა არ უყვარდა. მახსოვს, ერთხელ ალაზანზედ წავედით სანადიროდ. ჩემ გვერდით, ცოტა მოშორებით იდგა ილია. ძაღლებმა უკვე დაჰყეფეს. როგორც ეტყობოდა, კვალს მიაგნეს. გაფაციცებით ველი ნადირს და არ გავიდა ბევრი ხანი, რომ გამოჩნდა დიდი ირემი, მაგრამ ხეებს ისე იყო ამოფარებული, ვერ ვესროდი, ილიასთვის კი ირემი მეტად მარჯვედ იდგა. ველი გულის ფანცქალით, რომ აი, ან ეხლა გავარდება ილიას თოფი, ან ეხლა-მეთქი, თქვენც არ მომიკვდეთ. კარგა ხანი გავიდა, იდგა, იდგა ირემი, მერე ერთი დაიფრუტუნა და გადახტა და გაჰქრა ტყეში. გავქანდით ილიასკენ, დავუწყე ჯავრობა: "კაცო, რა ჰქენი, რატომ არ ესროლე?" - უხ, ისეთი ლამაზი, ისეთი მოხდენილი რამ იყო, მაგას როგორ ვესროდი, როგორ გავიმეტებდი!"

"ვინც მითოლოგიას კარგად იცნობს, ამ ამბის წაკითხვის შემდეგ უსათუოდ გაახსენდება პარციალური სულის რწმენა. მის თანახმად, ადამიანის სული კაცის სხეულის გარეთაც ცხოვრობს, - ხეში, ბალახში, ფრინველში, ცხოველში და ა.შ. ხომ არ ცხოვრობდა ილიას პარციალური სული ირემში? იქნებ, ცხადია, გაუცნობიერებლად, საკუთარ სულს არ ესროლა ილიამ? არავინ იცის ეს. არც არავის ძალუძს პასუხის მოცემა. ფაქტი კი ის არის მხოლოდ, რომ ილიას სიკვდილის მერე ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით ირემს", - წერს აკაკი ბაქრაძე წიგნში და იქვე ერთი ამბავიც მოჰყავს, რომელიც პირველად 1909 წლის 2 თებერვალს დაბეჭდილა "ივერიის" მეხუთე ნომერში. წერილს ხელს აწერს ამბის მონაწილე, მონადირე ნიკოლ ივანეს ძე ბერიძე, რომელიც საგურამოსა და გლდანის ტყის მცველიც ყოფილა.

"1907 წლის 24 დეკემბერს ნიკოლ ბერიძე ორ მეგობართან, ზაქარია აფციაურთან და ალექსა შერემეტოვთან ერთად სანადიროდ წასულა საგურამოსა და ზედაზნის შემოგარენში. საღამო ჟამს, ზედაზნის მონასტრისკენ მიმავალთ თეთრი ხარირემი შემოჰფეთებიათ. გამოცდილ მონადირე ბერიძეს ორი ტყვიით დაუჭრია ირემი, წინ მხარში და უკან, ბარკალში. დაჭრილი ტყეში გაუჩინარებულა. რახან ბნელდებოდა, მონადირეებს ირემი აღარ უძებნიათ. მონასტრისკენ გაუწევიათ, იქ შეუფარებიათ თავი. ბერიძეს გაურკვეველი მიზეზის გამო გუნება გაჰფუჭებია, სევდა და ნაღველი შემოსწოლია. რათა ხარ, კაცო, მოწყენილიო, ჩასცივებია ზედაზნელი ბერი იოანე, მაგრამ მონადირემ თავად არ უწყოდა დარდის მიზეზიო. ღამით კი დასიზმრებია: ორი ანგელოსი მოსულა და უკითხავთ, ირემი დავკარგეთ და ხომ არ გინახავსო. თავზარდაცემულს გაუღვიძია ბერიძეს. ყველაფერი უამბნია ბერ იოანესთვის და შეხვეწნია, იოანე ზედაზნელს შემავედრე და ჩემთვის პატიება გამოსთხოვეო. ბერს აუსრულებია მონადირის სურვილი. ბერიძეს ხატისათვის სანთელი და ერთი მანეთი მიურთმევია. დილით კი ამხანაგებთან ერთად, დაჭრილი ირმის კვალს გაჰყოლია.

წიწამურის გზაზე, იქ, სადაც ილია ჭავჭავაძე მოკლეს, მაშინ ქვის ჯვარი მდგარა. დაჭრილი ირმის კვალს იმ ჯვართან მიუყვანია მაძებრები, სისხლიანი კვალი იქიდან ისევ უკან მონასტრისკენ ბრუნდებოდა. მონადირენიც უკან გაჰყოლიან კვალს, ნახევარი გზაც არ ჰქონიათ გავლილი, რომ დაჭრილი თეთრი ხარირემი დაუნახავთ. სამჯერ ასულა ასე ირემი მონასტერში და უკან, ქვის ჯვართან დაბრუნებულა. გაშმაგებული პირუტყვი რქებით ლეწავდა და ანგრევდა ყველაფერს, რაც წინ ეღობებოდა და გზას ისე მიიკვლევდაო. ბოლოს სისხლით დაცლილი და დაქანცული ჯვრის წინ დამხობილა, რქები მიწაში ჩაურჭვია და ისე დაულევია სული"(!).

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს