ზურა ხაჩიძე ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე - "ახალ ხელისუფლებას მეტი პიარი სჭირდება"

ზურა ხაჩიძე ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე - "ახალ ხელისუფლებას მეტი პიარი სჭირდება"

მომღერალი ზურა ხაჩიძე პოლიტიკაში საკმაოდ ჩახედული აღმოჩნდა. ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც თვალყურს ადევნებს და მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს სოციალური ქსელის მეშვეობით ამხნევებს.

- უკრაინელ ხალხს მხარს ვუჭერ და მათ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ევროპასთან ინტეგრირება სურთ, ვიზიარებ. თუმცა, გული მწყდება, რომ ამ სურვილისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, არაერთი ადამიანი დაიღუპა. სოციალური ქსელის მეშვეობით სულ ვაქვეყნებდი სტატუსებს, სადაც ყველას მოვუწოდებდი, რომ ერთმანეთს გაჰფრთხილებოდნენ და პროვოკაციას არ წამოგებოდნენ. ახლა გაირკვა, რომ იქ დაღუპულები ზურგიდან ნასროლ ტყვიებს ემსხვერპლნენ. ჩვენ უკრაინელების მიმართ საკმაოდ თბილი დამოკიდებულება გვაქვს და მათ ლეგიტიმურ გადაწყვეტილებებს ყოველთვის მხარს დავუჭერთ. მათ აქვთ უფლება, რომ პრეზიდენტის გადადგომა და ხელახალი არჩევნები მოითხოვონ. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და იქ რუსეთს არაფერი ესაქმება. თუ მსოფლიო თანამეგობრობა, ევროსაბჭო, უკრაინელი ხალხი და რაც მთავარია, ყირიმის მოსახლეობა იტყვის, - "ჩვენ ერთიანი უკრაინა ვართ"; თუ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთს ამ საკითხს არ დაუთმობენ, მაშინ ეს საკითხი უკრაინის სასარგებლოდ გადაწყდება. თუ ყველა ამ მოვლენებზე თვალს დახუჭავს და რუსეთს გარკვეულ გამართლებას მოუძებნის, მაშინ უკრაინა ყირიმს ისევე დაკარგავს, როგორც ჩვენ ცხინვალი და აფხაზეთი დავკარგეთ.

- ამერიკა რუსეთს ეკონომიკური ბერკეტებით ემუქრება. როგორ ფიქრობ, ეს რუსეთს შეაშინებს?

- რუსეთის პოლიტიკის შეფასება ჩემს კომპეტენციაში არ შედის. მუსიკოსი ვარ და ამ სიტუაციას მხოლოდ გარედან ვაფასებ. შესაბამისად, ნამდვილად ვერ ვიტყვი, გამარჯვება რომელ მხარეს იქნება. ვიცი მხოლოდ ის, რომ რუსეთს ევროსაბჭოსა და საერთაშორისო თანამეგობრობაში პოზიციები საკმაოდ გაძლიერებული აქვს. ფაქტია, რომ მათ თავისი გააქვთ. რუსეთი ამერიკას შეღავათს გაუწევს თუ არა, ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.

- მიუხედავად ამ მოვლენებისა, შენი აზრით, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს?

- ვფიქრობ, რომ უკრაინელი ხალხის 70-მა პროცენტმა ევროპასთან ინტეგრირებას ხმა მისცა. ჩემი აზრით, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკაში ბევრი რამ შეცვალა. უკრაინასთან მიმართებაში ძალზე მნიშვნელოვანია დასავლური ცივილიზებული სამყაროს ერთიანი პოზიცია. ისე, როგორც არასდროს, მსოფლიო თანამეგობრობას ახლა სჭირდება გაერთიანება, რათა ყირიმის რუსეთთან მიერთება, უკრაინაში არასწორი პოლიტიკის გატარება არ მოხდეს და არეულობა არ დაიწყოს. თუ თანამეგობრობა და უკრაინის ერთიანობა მოწოდების სიმაღლეზე დადგება, უკრაინა ევროკავშირში აუცილებლად შევა. მგონი, სექტემბერში ჩვენც გადავდივართ ასოცირების ხელშეკრულებაზე, ამიტომ ძალიან ვნერვიულობ, საქართველოში მოვლენები როგორ განვითარდება.

- შიშობ, რომ რუსულ აგრესიას საქართველოც ვერ გაექცევა?

- გარკვეული პროვოკაციები აუცილებლად იქნება. ნამდვილად არ მჯერა, რომ ევროპასთან ინტეგრირების ხელშეკრულებას ასე იოლად მოვაწერთ ხელს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, ევროკავშირისა და ნატოს წევრობა სურს. თუმცა, ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგია თუ არა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი.

- ჩვენს ხელისუფლებასა და მის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე რა აზრის ხარ?

- აქ ყველაფერი კარგად ვითარდება. უბრალოდ, ამ ყველაფერს პიარი არ უკეთდება და სწორედ ეს არის პრობლემა. ქართველები, წინა ხელისუფლებისგან ამდენი წლის განმავლობაში პიარს იყვნენ მიჩვეულები, ამიტომ რთულია მათ დაანახვო, კულისებში რა ხდება. ქვეყანაში ბევრი რამ უკეთესობისკენ იცვლება, მაგრამ ეს არ შუქდება.

- მაგალითად, რა შეიცვალა დადებითად?

- ბევრი რამ. მაგალითად, პოლიციის სტრუქტურაში საჯარიმო რეფორმა გატარდა. გარდა ამისა, დღევანდელი პოლიცია დეპოლიტიზებულია. სასამართლო თავისუფალია და მერწმუნეთ, ეს უკვე კარგია დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად. ქალაქის ბიუჯეტიც დაამტკიცეს. ასევე, ბევრი პრიორიტეტია ჩ ჰეპატიტთან და უსახლკარო ბავშვებთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. დღევანდელ ხელისუფლებას მხარს ვუჭერ და მათ პოლიტიკას თვალყურს ვადევნებ, თუმცა როგორც კი რაღაც შეცდომას დაუშვებენ და ამაზე ხმას არ ამოვიღებთ, ეს ერთი შეცდომა "ბევრ შეცდომად" გადაიქცევა და პრობლემაც უფრო გაიზრდება. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკა კარგად და ზომიერად მიჰყავს. უბრალოდ, უფრო მეტი დინამიკა და მათ მიერ გაკეთებული საქმეების საზოგადოებამდე მიტანაა საჭირო. თუ ადამიანი დღევანდელ პოლიტიკაში ბოლომდე ჩახედული არ ხარ, ბევრ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობ. გარედან ისე ჩანს, რომ არაფერი იცვლება, სინამდვილეში კი, ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ კეთდება.

- ანუ, მიგაჩნია, რომ პიარი მაინც საჭიროა...

- რასაკვირველია. პიარი სჭირდება იმისთვის, რომ გვაჩვენონ, თუ რა იყო და რა გაკეთდა. განვითარებისთვის სწრაფი ნაბიჯებია საჭირო.

- ახალ ხელისუფლებასთან მეტი შენიშვნა არ გაქვს?

- სამართლიანობისა და სხვადასხვა სფეროში დარღვეული ადამიანის უფლებების აღდგენის პროცესი უნდა დაჩქარდეს. გარდა ამისა, ვისურვებ, რომ კულტურის სფეროს მეტი ყურადღება მიაქციონ. ვერ მოგატყუებ, მეტი შენიშვნა ნამდვილად არ მაქვს.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება