შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის აღსარება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის აღსარება

უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, შეეხოთ თუ არა კანონი "ამნისტიის შესახებ". ისინი ხელისუფლებისგან რეაგირებასა და დაპირების შესრულებას მოითხოვენ. "გზას" შსს-ს ყოფილი ჩინოსანი და უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გელაძე დაუკავშირდა, რომელიც მე-18 წელია, სასჯელს იხდის. "უვადო პატიმრები დღემდე იგნორირებულნი და დისკრიმინირებულნი ვართ, ყველამ აიღო ხელი ჩვენზე და სანამ კანონი ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში არ მოვა, არაფერი გვეშველება ამ ცოცხალთა საფლავში", - ამბობს ჩვენთან საუბარში რესპონდენტი.

- ბატონო გიორგი, ადამიანები ხშირად ერთმანეთში ურევენ უვადო და სამუდამო სასჯელის ცნებას. რა განსხვავებაა მათ შორის?

- არსებობს უმძიმესი სასჯელის სამი სახე: სიკვდილით დასჯა, სამუდამო პატიმრობა და უვადო თავისუფლების აღკვეთა. ხშირად ადამიანებს ერთმანეთში ეშლებათ ბოლო ორი სასჯელი, არადა, ისინი სხვადასხვა სახის, არსისა და აღსრულების წესის სასჯელია. სამუდამო არის სასჯელის სახე, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს მსჯავრდადებულის სასჯელისაგან გათავისუფლებას. ასეთი სასჯელის სახე არსებობს თურქეთში და აშშ-ის 6 შტატში. ხოლო ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში არსებობს უვადოდ თავისუფლების აღკვეთის სასჯელი, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდგომ ითვალისწინებს მსჯავრდადებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობას. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1976 წლის 17 თებერვლის რეზოლუციის თანახმად: ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა ვალდებულია უზრუნველყოს უვადო მსჯავრდადებულთა განაჩენთა გადახედვა სასჯელის 8-დან 14 წლამდე მოხდის პერიოდის შემდგომ მათი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების პერსპექტივით. იქ უვადო სასჯელი გაიგივებულია გრძელვადიან სასჯელთან, რომლისგან გათავისუფლებაც გარკვეული პერიოდის შემდგომ, ჩვეულებრივი მოვლენაა. ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში სიკვდილით დასჯის გაუქმებისას, კანონმდებლობაში შემოიღეს უვადო და არა - სამუდამო სასჯელი და დააწესეს აღნიშნული სასჯელისაგან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების რეალური ვადები, რამეთუ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შეუმცირებელი უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი, რომლისგანაც შეუძლებელია გათავისუფლება, წარმოადგენს სიკვდილით დასჯის შენელებულ ფორმას და იწვევს კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) დარღვევას. მსოფლიოს ზოგიერთმა ქვეყანამ საერთოდ უარი თქვა ასეთ სასჯელზე და მის ნაცვლად დააწესეს გრძელვადიანი სასჯელი, რამაც რიგ ქვეყნებში კრიმინალის ზრდა არ გამოიწვია. ზოგიერთმა ქვეყანამ, უარი თქვა მანდილოსნების უვადოდ გასამართლებაზე. მათ შორისაა ჩვენი მეზობელი რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველოში უვადო თავისუფლების აღკვეთის სასჯელი 17 წლის წინ, კერძოდ, 1997 წლის 1-ლი თებერვლიდან შემოიღეს, თუმცა დღემდე არ არსებობს ევროსტანდარტებთან შესაბამისი საკანონმდებლო პოლიტიკა.

- უვადო პატიმრებისთვის თუ არსებობს რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამები? ფსიქოლოგები ან სოციალური მუშაკები თუ ირჯებიან თქვენთვის და საერთოდ, რა პირობებში გიწევთ სასჯელის მოხდა?

- კი, არიან ფსიქოლოგებიც და სოცმუშაკებიც, მაგრამ რაც უნდა იმუშაონ მათ, თუ ადამიანს არ აქვს რეალური პერსპექტივა, რომ დროთა განმავლობაში აქედან გავა, ყველანაირი პროგრამები განწირულია, შედეგს არ მოიტანს. ადამიანს აქვს სწრაფვა გათავისუფლებისკენ. მოდით, ნახეთ, სად ვცხოვრობთ. წლების განმავლობაში ადამიანი მიწაზე ფეხს რომ ვერ დადგამ, მზის შუქს რამდენიმე წუთს რომ დაინახავ დღეში, ჰაერს შეზღუდულად იღებ, ეს არ არის ადამიანისთვის შესაბამისი პირობები. არანაირი პროგრამა არ არსებობს საიმისოდ, რომ პატიმრები დასაქმდნენ, უცხო ენები შეისწავლონ ან კომპიუტერის კურსები გაიარონ. წარმოიდგინეთ, ადამიანი ოთხ კედელში ატარებს 23 საათს. არის ტელევიზორი, რადიო, ბიბლიოთეკა... ზოგი ხელნაკეთებით ერთობა. პირადად მე, დაინტერესებული ვარ და შევისწავლე თეოლოგია, ბიბლია, ყურანი, უცხო ენა, საერთაშორისო სამართალი და ა.შ. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება არ ჰქონდეთ ასეთი ინტერესი. უვადო მსჯავრდადებულებს ეკუთვნით ნახევრად ღია და არა - დახურული ტიპის დაწესებულება. 18 წელია, უკვე დახურული ტიპის დაწესებულებაში ვიხდი სასჯელს, ოთხ კედელში, ერთი საათის გასეირნებით. კომუნისტების დროსაც კი, მსჯავრდადებულს 5 წელზე მეტს დახურული ტიპის დაწესებულებაში არ აჩერებდნენ. საქართველოში არ არსებობს უვადოებთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული პოლიტიკა (პატიმრობის კოდექსში არსებობს მათზე მხოლოდ ორად ორი მუხლი. 1. მათ ეკუთვნით პირადი 24-საათიანი შეხვედრა და 2. ისინი უნდა იყვნენ დახურული ტიპის დაწესებულებაში), რაც დამთრგუნველად მოქმედებს უვადო მსჯავრდადებულებზე. ნებისმიერ სასჯელს უნდა ჰქონდეს როგორც დასაწყისი, ასევე დასასრული, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა აზრი ჰქონდა სიკვდილით დასჯის გაუქმებას? რამდენად ქრისტიანული, ჰუმანური და ევროსტანდარტებთან შესაბამისია ცოცხალი ადამიანების უიმედოდ ყოფნა ამ ცოცხალთა საფლავში?! ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი შეღავათები, პირველ რიგში, ყოველთვის უვადოებისთვის კეთდება, რადგან სასჯელი მძიმეა. უვადო პატიმრები დღემდე ვართ იგნორირებული და დისკრიმინირებული.

- დისკრიმინაციაში რას გულისხმობთ?

- როდესაც 2012 წლის 28 დეკემბერს გამოიცა საყოველთაო ამნისტია, 24 ათას პატიმარს რაღაც შეღავათი შეეხო, ჩვენ კი, უვადოებს დაგვცინეს, 83 ადამიანი დავრჩით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში (სულ 80 პატიმარია უვადო, აქედან 3 - ქალბატონი). აქ მოხდა იურიდიული კაზუსი, რომელიც შემდგომში ჩვენი ძალისხმევით იქნა აღიარებული. განაჩენებში სასამართლო გვიწერს, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესაბამისად, უვადო სასჯელი უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით, მაგრამ საბოლოოდ ისევ დარჩეს უვადო სასჯელიო. გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო. ამაზე ჩვენ ევროპის სასამართლოშიც ვიჩივლეთ. როდესაც უზენაესმა სასამართლომ განიხილა 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის კანონის აღსრულება უვადო სასჯელების მიმართ, კანონში აღმოჩნდა ხარვეზი - მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით სასჯელის შემცირება რეალურად შეუძლებელი აღმოჩნდა. საპროცესო ნორმების თანახმად, უზენაესი სასამართლო ვალდებული იყო, საქმე გადაეცა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისთვის ან კონსტიტუციური სასამართლოსთვის. სამწუხაროდ, უზენაესმა სასამართლომ კოტე კუბლაშვილის ხელმძღვანელობით, თავი აარიდა ამ საკითხს, რამაც ჩვენში გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ ეს იყო შეგნებულად გადადგმული არაკანონიერი ნაბიჯი, რათა მსჯავრდადებულები განაწყენებულიყვნენ პარლამენტზე.

- როგორც ვიცით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსი ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

- 2011 წელს ჩამოვედი საქართველოში, აზერბაიჯანიდან ვარ ექსტრადირებული, სადაც 15 წელი ვიხდიდი სასჯელს. აზერბაიჯანში როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ დააყენა საკითხი, რომ ევროპა ითხოვს და გენდერული ბალანსიდან გამომდინარე, ჩვენც უნდა შემოვიღოთ უვადო სასჯელი ქალების მიმართო, ამაზე აღვშფოთდი და ჩემი ნაცნობი უფლებადამცველების შუამდგომლობით "ფეისბუკით" პირველ ლედის - მეჰრიბან ალიევას მივმართე: ქალბატონო მეჰრიბან, თქვენც ქალი ხართ და ნუ დაუშვებთ ქალებისთვის უვადო სასჯელის შემოღებას-მეთქი. მას ასეთი ფრაზა ვუხსენე - ის ხალხი, რომელმაც 200 წლის წინ ჟანა დ"არკი დაწვა პარიზის ცენტრში, ნუ მასწავლის, როგორ უნდა მოვექცეთ კავკასიაში ქალბატონებს. სწორედ ეს ფრაზა აიტაცა ამ ქალბატონმა, ჩაჭრა კანონპროექტი და არ დაუშვა, რომ კანონმდებლობაში მიეღოთ უვადო სასჯელი მანდილოსნების მიმართ. საქართველოში რატომ აკეთებენ ამას, ვერ გამიგია. ქალბატონი წულუკიანი დაგვპირდა, სს კოდექსში ევროსტანდარტებთან შესაბამისად უნდა შევიდეს ცვლილებებიო, მაგრამ რეალური არაფერი ჩანს. თუ ის 24 ათასი პატიმარი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ჩვენ - 83 ადამიანი არ ვიყავით? რა ნიშნით გამოგვარჩიეს? ყველაზე დიდი ზეწოლა ჩვენზე ხდებოდა, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენ არ გვქონდა მომავალი. არც ძველმა და არც ახალმა ხელისუფლებამ დახმარების ხელი არ გამოგვიწოდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩ ჰეპატიტზე მკურნალობა პირველად ჩვენგან დაიწყეს. აქ ბევრს აქვს ჰეპატიტი, ტუბერკულოზი და შიდსი. არ ყოფილა შემთხვევა, რომ უვადო მძიმე პატიმრისთვის ჯანმრთელობის სიმძიმის გამო სასჯელი გადაევადებინათ. როგორც კეთროვნებს, ისე გვექცევიან. კი ბატონო, დამნაშავე ვარ, მეკუთვნის სასჯელი, მაგრამ არა - ამ პირობებში. არც ერთი ადამიანი არ უნდა მიიჩნიონ გამოუსწორებელ კრიმინალად. უვადო პატიმრობა არ უნდა იყოს შენელებული სიკვდილის ფორმა.

- საქართველოში რომელი მუხლებით იხდიან სასჯელს უვადოები?

- საქართველოში უვადო პატიმრები ოთხი მუხლით იხდიან სასჯელს: ტერორიზმის (ტერაქტებისთვის 3 პატიმარია ასეთი), განზრახ მკვლელობის, დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკის რეალიზაციის ან გადაზიდვის მუხლებით.

- თქვენზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა...

- 18 წელია, სასჯელს ვიხდი (აზერბაიჯანში კაცი შემომაკვდა და აზერბაიჯანის სასამართლომ გამასამართლა). თავიდან მომისაჯეს 15 წელი, როცა აზერბაიჯანისა და საქართველოს კანონმდებლობაში უვადო სასჯელი საერთოდ არ არსებობდა. ერთი წლის შემდეგ კი იმავე საქმეზე უვადო პატიმრობა მომისაჯეს. დიდი ბრძოლის შემდეგ, 2011 წელს გამომაგდეს აზერბაიჯანიდან, საქართველოს არ უნდოდა ჩემი მიღება, მაგრამ ზურაბ ადეიშვილი აიძულეს, ექსტრადიცია გაეკეთებინათ და ჩამომიყვანეს. იმის ნაცვლად, რომ უვადო სასჯელი გაეუქმებინათ და 15 წელი მოესაჯათ, რაც ავტომატურად გამოიწვევდა ჩემს გათავისუფლებას, ესენი ადგნენ და აზერბაიჯანის მიერ გამოტანილი უკანონო უვადო სასჯელი დატოვეს ძალაში. სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს წინააღმდეგ. განზრახ მკვლელობის მუხლი მაქვს წაყენებული. მართალია, დანაშაული სულ სხვა მოტივით იყო ჩადენილი, მაგრამ სადაც კანონი შემიცვალეს, იქ კვალიფიკაციაც მიაყოლეს.

შსს-ს და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თანამშრომელი ვიყავი, როდესაც საქართველოში ჩამომიყვანეს და მერაბიშვილს ჩემზე უთხრეს, დამსახურებები აქვს საქართველოს წინაშეო, საჯაროდ განაცხადა, - საქართველოში სირცხვილია იმის თქმა, რომ შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ვარო. მითხარით, რა უფრო სირცხვილია - იყო საქართველოს შს ყოფილი მინისტრი, თუ იყო გიორგი გელაძე, რომელიც ყოფილი თანამშრომელია? დღეს მერაბიშვილი მე-9 დაწესებულების კრიტში ზის, ღია დაწესებულებაში ვერც შედის, რადგან იქ არ მიიღებენ თანამშრომლები. 15 წელი მეკუთვნოდა და 18 წელია, ვზივარ. აქ არიან ისეთებიც, ვინც უკანონოდ სხედან. მიკვირს, რომ ბიჭებს იმხელა თვითშეგნება რჩებათ, ითმენენ და თვითდაზიანებებისა და სუიციდის ფაქტები არ ხდება. როდესაც ღარიბაშვილი გეგუთის ამბების დროს გამოვიდა და მსჯავრდადებულებს უმადურები უწოდა, ძალიან მომხვდა გულზე. რატომ ვარ მე, - უვადო მსჯავრდადებული უმადური? რა გაგვიკეთა ახალმა ხელისუფლებამ, რომ მადლიერები ვიყოთ?

ნანა ფიცხელაური

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ