დაკარგული მეორე ნახევრის ძიებაში - კირჩხიბი & თხის რქა

დაკარგული მეორე ნახევრის ძიებაში - კირჩხიბი & თხის რქა

ტოლფასის პოვნა ჭირს. არც ის შენი ნამდვილი ნახევარი არგია სხვას და არც შენ სხვის ნახევარს. ორივეს ცხოვრება დაღლილი წამებაა და ძებნა უპოვარისა. ხანჯლით შუაზე გაჩეხილი არიან ადამიანები და სხვის ნახევარს სახელდახელოდ ნაჩქარევად მიკერებული. ვერ ჰგუობს სხეული უცხო სხეულს და ერთმანეთს წამლავს, ათასში ერთს თუ გამართლებია და თავისი ნახევარი დასტოლებია" – როცა სტატიის წერა დავიწყე და მონდომებით ვარჩევდი ეპილოგად გამოსადეგ ფრაზას, ჩემდა გასაოცრად არაჩვეულებრივი ქართველი მწერლის – ოტია იოსელიანის სიტყვები ამოტივტივდა გონებაში.

ამჯერად რიგით მეორე წყვილს წარმოგიდგენთ – ეს არის კირჩხიბი და თხის რქა

წყვილი რომლის ურთიერთობის ქვაკუთხედი შეიძლება ითქვას ემოციებისა და პრიორიტეტების სწორი გადანაწილებაა. კირჩხიბი მთვარის "შვილია" – შესაბამისად, მას ემოციების ზღვა ახასიათებს, მაშინ როცა თხის რქა მოზომილი და გრძნობების აფიშირების საკითხში საშინლად ძუნწია. ერთი შეხედვით შესაძლოა იფიქროთ "რა ესაქმება ამ ორს ერთად?" და ალბათ ურთიერთობის საწყის ეტაპზე ამ კითხვას საკუთარ თავს ორივე მათგანიც არაერთგზის დაუსვამს ცალ-ცალკე. კირჩხიბი იტყვის, რომ არ ღირს ცხოვრება დაუკავშიროს ამ უგრძნობ, უემოციო ტიპს. თხის რქას კი მისი სენტიმენტალიზმი და მოთქმა-გოდებისკენ მიდრეკილება დააფრთხობს. სად აქვს მას დრო და მით უმეტეს მოთმინება ცრემლები წმინდოს მუდამ მოწუწუნე კირჩხიბს, მაშინ როცა არც არაფერია რეალურად სატირალი.

თუმცა მიზიდულობა მათ შორის დიდია, ამას არც ერთი უარყოფს. კირჩხიბი იხიბლემა თხის რქის ნებისყოფითა და სიძლიერით. გრძნობს რომ მის გვერდით საკუთარი შიშების აღარ შეეშინდება. თხის რქას კი გულში სასიამოვნოდ უღიტინებს, როცა კირჩხიბი ჩვეული მზრუნველობით მოიკითავს მას, გამოჰკითხავს როგორ განწყობაზეა, ოჯახის წევრებსაც გადაწვდება და თავისიანებთან ურთიერთობის მაგალითზეც დაუზარლად მისცემს რჩევას როგორ ჯობია მოქცევა გაჯიუტებულ ნათესავებთან... და აი, აქ მოხდება პირველი ძლიერი ჩართვა... ოჯახი ორივეს სისუსტეა. ორივე აფასებს და ზრუნავს ტრადიციებზე, ერთიც და მეორეც "სახლის ტიპია". შესაბამისად, ის თუ როგორი ამინდია ოჯახში დიდწილად განაპირობებს, როგორც თხის რქის ისე კირჩხიბის საერთო განწყობას. ჰოდა, სხვა რაღაა საჭირო პერსპექტიული ურთიერთობის დასაწყებად?

მართალია მათ შორის ყინული ნელ-ნელა დნება და კიდევ არაერთგზის მოუწევს კირჩხიბს მრავალსაათიანი სლუკუნი თხის რქის გულცივობის გამო, როცა იგი ულმობელი ტონით უბრძანებს, რომ "მორჩეს ბოლოს და ბოლოს ბავშვივით სლუკუნს და გაიზარდოს!" თხის რქას კი წყობიდან გამოიყვანს კირჩხიბის დეპრესიულობა (ვითომ თავისი თავი არ ეყოფოდა ამ მხრივ?!) მაგრამ გულის სიღრმეში ორივე ხვდება, ის რაც მეორე მხარეს აქვს ხასიათში (და, რაც ზოგჯერ გამაღიზიანებელიც კი ეჩვენებათ) საოცრად ესაჭიროება პირველს. მიზანი, ორივესთვის ერთია – ზრუნვა და ახლო წრეში მოპოვებული აღიარება. მათი კულტი ოჯახია, კირჩხიბი კეთილგანწყობის მოპოვებას მაქსიმალური სითბოს გამოვლენით ცდილობს, თხის რქა კი მატერიალური კეთილდღეობის ბაზისის შექმნით – სანაცვლოდ ორივე ერთსა და იმავეს ელოდება დაფასებას, სიყვარულს, პატივისცემას. კირჩხიბს შეუძლია ასწავლოს თხის რქას, როგორ გახდეს ოჯახში მთავარი შემომტანის გარდა გარშემო მყოფებისთვის მესაიდუმლე და სულიერი მეგობარი, თხის რქა კი თავის მხრივ ასწავლის მას როგორ შეძლოს ოჯახის წევრებთან საჭირო დისტანციის დაცვა, რათა რომელიმე თავხედი ნათესავი უბოდიშოდ არ წამოაჯდეს თავზე.

და საბოლოო ჯამში, თუკი როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ ისინი, ოპოზიციური წყვილი უმთავრეს პრინციპს – კომპრომისის ხელოვნებას დაეუფლებიან, ამ შემთხვევაში სახეზე გვექნება კიდევ ერთი გამთლიანებული ორი ნახევარი. მკაცრი, წინდახედული თხის რქა და  რბილი, მზრუნველი კირჩხიბი, – ერთი მედლის ორი მხარე და ბედნიერი პარტნიორული კავშირი.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?