მოწყვლადი ემოციები, როგორც ქალბატონებს. თუმცა, საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულება "კაცი ხარ და იყავი ძლიერი", ხშირად უბიძგებს მამაკაცს საკუთარი ემოციები გულში ჩაიკლას და გრძნობებს გამოხატვის საშუალება ნაკლებად მისცეს. სწორედ ამაში გამოიხატება ქალური გადმოსახედიდან მამაკაცური სიძლიერე – ხოლო საექიმო პრაქტიკით კი გულის ან სტენოკარდიული შეტევის დიდ ალბათობა. თუმცა, მედიცინისა და ასტროლოგიის კავშირზე, როგორმე სხვა დროს ვისაუბროთ, ამჯერად კი მინდა ყველაზე გულსათუთი, დეპრესიული და ემოციური მამაკაცების ტოპ-ხუთეული გაგაცნოთ... შესაძლოა, რომელიმე მათგანი სახალხოდ არასოდეს აღვარღვარებს ცრემლებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მისი ფსიქიკა ხშირად იმაზე სუსტია, ვიდრე ეს გარეგნულად მოჩანს.
კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცის ყველაზე დიდი სისუსტე პანიკიორობაა. კირჩხიბი ბუნებით სიმყარის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მოყვარული ნიშანია. იგი არ მიეკუთვნება რისკიანთა კატეგორიას, ამიტომ სანამ ნაბიჯს გადადგამს ასიათასგზის გადაამოწმებს ამ ნაბიჯის სისწორესა და მართებულობას. ჰოდა, ღმერთმა დაიფაროს, რომ იგი მაინც მცდარი აღმოჩნდეს მიზეზთა და მიზეზთა გამო. ასეთ შემთხვევაში კირჩხიბი ღრმა დეპრესიაში ჩავარდება. აუცილებლად დაუმეგობრდება სასმელს და გარკვეული პერიოდის მანძილზე მიეკედლება დედას.
დეპრესიიდან მისი გამოყვანის გზები – ფსიქოლოგიურად გაამხნევეთ. დაანახვეთ, რომ მის გვერდით ხართ ბედსა თუ უბედობაში. რომ ხვალ ისევ ამოვა მზე და სამომავლოდ უფრო მეტად გაუმართლებს.
თხის რქა – ერთი შეხედვით ძალიან მყარი, ამტანი და გამტანი ჩანს არა? არ დაიჯეროთ, ამ კაცის კარგად დაყენებული იმიჯის უკან საკმაოდ სათუთი ფსიქიკა და დეპრესიისკენ მიდრეკილი ხასიათი იმალება. თხის რქა სატურნით მართული ნიშანია, ეს პლანეტა კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად ერთობ მუქ და უღიმღამო ფერებში უხატავს მომავალს. თხის რქა მკაცრი რეალისტია, მისი სამყარო იშვიათადაა ფერადი. შესაბამისად, ყოველთვის უჭირს კარგის დაჯერება, ეშინია პოზიტივის, ხმაურის და ზედმეტი ღიმილის ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ამ კაცს წარუმატებლობის პანიკური შიშის გამო, წინასწარ ემართება ხოლმე ფსევდო-დეპრესია. ახასიათებს ჩივილები ცხოვრების უსამართლობაზე და ა.შ.
დეპრესიიდან მისი გამოყვანის გზები – საკუთარ მაგალითზე დაუმტკიცეთ და დაანახვეთ რომ ცხოვრება მშვენიერია. ეცადეთ აიყოლიოთ გართობაში. იყავით ერთგული, გულისხმიერი და ყურადღებიანი.
თევზები – ნეპტუნით მართული მამაკაცები (თევზების ზოდიაქოს პლანეტა ნეპტუნი მართავს), ყველაზე მეტად გამოირჩევიან სასმელთან მეგობრობის განსაკუთრებული სიყვარულით. თუმცა, თევზი კაცის პრობლემატური ხასიათი, ხშირად სასმელის კი არა მისივე ლაბილური ფსიქიკის და უმოტივაციობის შედეგია. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა მამრებმა (რაღა თქმა უნდა ყველამ არა!) ხშირად თავადაც არ იციან რა უნდათ ამ ცხოვრებაში ან საერთოდ უნდათ კი რამე? სასმელისადმი მისი დამოკიდებულება კი რეალური სამყაროსგან, გაცილებით უფრო უპრობლემო და კომფორტული ილუზორიული სამყაროსთვის თავის შეფარების მეთოდია, სხვა არაფერი. თანაც ვისკის ბოთლი ხომ არასოდეს მოსთხოვს მას პასუხისმგებლობას ჩადენილ საქციელზე.
დეპრესიიდან მისი გამოყვანის გზები – წაახალისეთ, მოუნახეთ მის ნიჭსა და ტალანტს მოტივაცია. დაეხმარეთ პროფესიული რეალიზების კუთხით. ნაკლებად გააკრიტიკეთ.
სასწორი – დიახ, არ მოგჩვენებიათ! სწორედ სასწორი მოხვდა დეპრესიული მამაკაცების ხუთეულში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ვენერას მმართველობაში მყოფი ნიშანია და წესით, რა ედეპრესიება. თუმცა, სასწორის ცხოვრებაში არც ისე უღრუბლოდ და ვარდისფრად მოჩანს ყველაფერი, როგორც ერთი შეხედვით გვგონია. მერე რა, თუ იგი მუდამ თავაზიანად იღიმება, მოწესრიგებულად და გემოვნებით იცმევს, ყოველთვის სასიამოვნო სუნამოს სურნელი ასდის და შეხვედრისას მხიარულად გიპაჭუნებთ თვალს, გულის სიღრმეში ამ დროს შესაძლოა ღრმა დეპრესიაც აწუხებდეს, რომლის გამოხატვის უფლებას მისი ვენერიანული ბუნება არ აძლევს. თუმცა მარტო რომ დარჩებით და გულის გადაშლას მოისურვებს, მიხვდებით რატომ. სასწორი მამაკაცები, ყველაზე მეტად იტანჯებიან ხოლმე საკუთარი უსუსურობით. მათ უმრავლესობას აუცილებლად მართავს რკინის ხელი, რომელიც ან ცოლს ან დედას ეკუთვნის. ხოლო მარიონეტის როლში ყოფნა მითხარით რომელ კაცს მოეწონება. მაგრამ სხვა გზა თუ არ აქვს?
დეპრესიიდან მისი გამოყვანის გზები - მიაჩვიეთ "არას" თქმის ხელოვნებას. ასწავლეთ პრინციპულობა. დაარწმუნეთ იმაში, რომ თავაზიანი უარი სამყაროს დასასრულის აღმნიშვნელი დეფინიცია სულაც არ გახლავთ და ამის გამო ანათემას არავინ გამოუცხადებს მას.
მორიელი – ალბათ ყველაზე მეტად ამ ხუთეულში მორიელი კაცის მოხვედრამ გაგაოცათ. თუ ეს ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი მორიელის შესახებ მარტოოდენ ასტროლოგიურ სტატიებში წაგიკითხავთ, რეალურ ცხოვრებაში კი მასთან ახლო შეხება ჯერ არ გქონიათ. ან გქონიათ, მაგრამ არცთუ საკმარისად დიდი დოზით. მორიელის ბუნებას დესტრუქციული, სულიერი ტრანსფორმაციის განმგებელი პლუტონი მართავს. ამიტომ ამ მამაკაცში ნგრევისა და შენებისკენ მიდრეკილება ერთი და იგივე დოზითაა ჩადებული. ხოლო ის თუ რომელს უფრო გამოიყენებს იგი ცხოვრებაში, მთლიანად კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული და არა ვარსკვლავების განლაგებაზე. ამიტომ დეპრესიაში მყოფი, დეგრადირებული და "სახე ახეული" მორიელის ნახვა, იმაზე ხშირადაა შესაძლებელი რეალურ ცხოვრებაში, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ და მითი მისი "ჰიპერ-სიძლიერისა" და "სუპერ-სექსუალურობის" შესახებ ერთ წამში შეიძლება დაინგრეს თქვენს თვალწინ, თუკი მორიელმა საკუთარი სულის დაუცველი მხარე დაგანახვათ.
დეპრესიიდან მისი გამოყვანის გზები – მოთმინება, მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება. აცალეთ, თავად ამობობღდეს ჭაობიდან, თუმცა, უნდა იცოდეს, რომ თქვენ სადღაც შორიახლოს ელოდებით. ეს მას სტიმულსა და ბრძოლის ჟინს გაუღვივებს. და კიდევ, არასოდეს შეიბრალოთ იგი! ნგრევა და შენება მისი ბუნების ნაწილია. ამიტომ დღეს თუ ნანგრევებში მოხვდა, ხვალ საძირკველს გაასუფთავებს და ახლის შენებას დაიწყებს აუცილებლად.