გავრცელებული სარეკლამო ფრაზა "ორი ერთში" – Two in one და ახლავე აგიხსნით რატომ...
ქალი კუროს გაცნობა მშვილდოსანი მამაკაცის ცხოვრებაში მართლაც რომ სარფიანი გამართლებაა. იგი ერთბაშად იძენს კარგ მეგობარს, ერთგულ თანამოაზრეს საქმეში და თანაც ქალს... ლამაზ, მომხიბვლელ ქალს ცხოვრების მეგზურის პოტენციურ პოსტზე. თუმცა მშვილდოსნების შემთხვევაში მსგავსი პოსტი ან მუდმივად თავისუფალია, ან იქ სრული განურჩევლობა და ვაკხანალია სუფევს. კურო ქალს კი, მთელი თავისი მიწიერი სიმტკიცით და გასაოცარი სიჯიუტით არც "მარადმწვანე საყვარლის" როლი მოხიბლავს დიდად და არც მეორეხარისხოვანი, ან სულაც "ჯიგარი დაქალის" პოზიცია მამაკაცი მშვილდოსნის ცხოვრებაში. და რაც ყველაზე მთავარია, ის ყველაფერ ამას სრულიად მოურიდებლად და შულამაზებლად "ააფარებს" გაღიმებულ სახეზე მშვილდოსან მამრს, რომელიც გამუდმებით ამტკიცებს იმას, რომ მას სიმართლე ამქვეყნად ყველაზე მეტად უყვას. ა, ბატონო ინებეთ სიმართლე!
კურო ქალს, ეს თავქარიანი ხულიგანი სავსებით გასაგები მიზეზების გამო შეიძლება შეუყვარდეს. ის ხომ მხიარულია, კარგი მოსაუბრე, პერიოდულად წაუფილოსოფოსებს კიდეც, არც ბიზნესში მისდის საქმეები ურიგოდ (თუმცა უფრო ხშირად უბრალოდ უმართლებს) და რაც მთავარია, შინაგანად აბსოლუტური ბავშვია, ზუსტად ისეთი წლების წინ ეზოში მოკლე შორტებით რომ დარბოდა ფეხშიშველა. ჰოდა, ამ ბავშვს ხომ სამომავლოდ მოვლა-პატრონობა სჭირდება?
ქალი კურო მშვილდოსნის ქარიზმატულობით გაცნობის წამიდანვე იხიბლება, მაშინაც კი თუ ამ უკანასკნელმა გაცნობის ღამესვე მოახერხა მასთან მთელ თავის "ყოფილებზე" წაჭორავება (რაც მამრ მშვილდოსნებს დიახაც რომ ახასიათებთ, მათდა საუბედუროდ). მაგრამ მშვილდოსანს უნდა ახსოვდეს, რომ კურო მიწის ტიპური ნიშანია, ამიტომ ცეცხლი, რომელსაც იგი ამ ქალის გულში გააღვივებს, შეიძლება მის თავზე ავბედითად გაწოლილ შავ ღრუბლად იქცეს თუკი იგი ვერ შეძლებს საკუთარი ხელით დანთებული კოცონის ბოლომდე შენარჩუნებას.
კურო ქალი სტაბილურობის მოყვარული ინდივიდია, ამასთან ერთად საოცრად მესაკუთრე და ჯიუტი. ამიტომ სასიყვარულო ბადის გაბმისთანავე ამ ორს შორის, ქალბატონი ბოჩოლა აუცილებლად შეეცდება ამ კაცის გულიდან და შესაბამისად ცხოვრებიდან, ერთხელ და სამუდამოდ ამოძირკვოს ყოფილი "გატაცებები". იგი არ განეკუთვნება ლომი ან ვერძი ქალივით ბრმად ეჭვიანთა კატეგორიას, ამიტომ მამაკაც მშვილდოსანს ამაო გამოხდომებით და ისტერიკის მოწყობით გულს არასოდეს შეუწუხებს. მაგრამ თუკი მან რეალური მიზეზი მონახა საყვარელ ადამიანში ეჭვის შესატანად - მერე მშვილდოსანს ვეღარც ისრები უშველის და ვეღარც აბჯარი.
პრიცნიპში ალალად რომ ვილაპარაკოთ, მშვილდოსან მამრებს შეუძლიათ კიდეც ბოლომდე უერთგულონ ერთ ქალს. თუმცა ამ კაცის პრობლემა ყოველთვის არის ის, რომ მისგან ელიან ერთს, ის კი იქცევა აბსოლუტურად საპირისპიროდ და სხვანაირად. ამიტომ თავდაპირველად მისი სიალალე და ყველაფერის ღიად საუბრის ჩვევა, იქნებ მოეწონოს კიდეც ქალ კუროს, მით უმეტეს, რომ ამით კარგად ჩანს მშვილდოსნისთვის უუნარობა იყოს ყალბი ურთიერთობისას. თუმცა ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ სანამ ერთ დღესაც, მშვილდოსანი ალალად არ მოუყვება როგორ შეუარა წინა საღამოს თავის "ყოფილს" უბრალოდ სტუმრად, ჩაის დასალევად. ამ დროს კი მან იგი მომავალ კვირას თხილამურებზე სასრიალოდაც მიიწვია.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ისეთ შემთხვევაში, როცა მშვილდოსნის სიალალე ასე, ყოველგვარ დაშვებულ ზღვარს სცდება მის პარტნიორ კუროს, ისღა დარჩენია ზემოხსენებული თხილამურები არც მეტი, არც ნაკლები მას თავზე გადაალეწოს დასამშვიდებლად.
თუმცა, თუკი ქალი კურო, ზემოხსენებულ დიალოგს მშვიდი სახით გაატარებს ან აბსოლუტურად არ მიაქცევს ყურადღებას - ჯადოსნური რამ მოხდება. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი მამაკაცი მშვილდოსანი სულის სიღრმეში ოცნებობს ქალზე, რომელიც უპირობოდ ენდობა მას. თუკი მან იცის, რომ ქალი რომელიც უყვარს, ყოველგვარი ულტიმატუმების და ჯვარედინი დაკითხვების გარეშე, უბრალოდ და მარტივად ბოლომდე ენდობა მას, მშვილდოსანი საკუთარ თავსაც კი "გადაახტება" ამ ნდობის გასამართლებლად მის თვალში. მოგეხსენებათ - "ნდობა, ყველაზე დიდი ბორკილია ამქვეყნად".
მას გვერდით სჭირდება ქალი, რომელსაც მისი ყველა ოცნების ბოლომდე სჯერა და სწამს. რომელიც სასაცილოდ არასოდეს აიგდებს მის მისწრაფებებს. ქალი, რომელიც მოამარაგებს სითბოს და ზრუნვის საკმარისი დოზით, რომელსაც ამასთან ერთად არ ეხამუშება მისი ეს შინაგანი თავისუფლება. მას სჭირდება მხიარული, ღიმილიანი და ოპტიმისტი თანამგზავრი ცხოვრების გზაზე, რომელიც ამასთან ერთად მარტოც შესანიშნავად ივლის საკუთარი ფეხით, დამოუკიდებლად. და ქალი კურო, თითქმის ყველა ზემოჩამოთვლილ პუნქტს შეესაბამება. ბონუსად კი მას აქვს ერთი, ყველაზე უნიკალური თვისება - კარგად ეხერხება მოსმენა, რაც მშვილდოსანივით დემაგოგიისკენ მიდრეკილი მამაკაცისთვის ჭეშმარიტი მონაპოვარი და საჩუქარი იქნება.
ქალი კურო ოცნებობს ისეთ მამაკაცზე, რომელთან ერთადაც რომანტიკული საღამოების ბუხრის პირას გატარებას შეძლებდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქალი ქრონიკული დიასახლისის როლზეა თანახმა. თუმცა არც რომელიმე სკვერში ან პარკში ჩამომჯდარი გაატარებს ცხოვრებას უკეთესი მოლოდინის ოცნებაში საყვარელ ადამიანთან ერთად. ამიტომ მშვილდოსანს, რომელიც როგორც წესი მასშტაბური და ცოტა გაზვიადებული აღქმით გამოირჩევა სამყაროს მიმართ მეოთხოვება იმის ცოდნა, რომ ამ ქალის მოთმინებით ბოროტად სარგებლობას ერთობ სავალალო შედეგი მოჰყვება. სამწუხაროდ, როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ლომის შემდეგ, სწორედ მშვილდოსანი მამრია ის "ბედნიერი" კანდიდატი, ვისაც ქალი კუროს გაბრაზება შეუძლია, და მარტო გაბრაზება კი არა - გააფთრებაც.
ამ ორის ცხოვრებაში შესაძლოა წვრილმანი უსიამოვნებები კარგმა სექსუალურმა თავსებადობამაც "მიჩქმალოს" ასე თუ ისე. თუმცა, აქაც საჭიროა, ერთმანეთის მოსმენა და გაგება. არადა, ხშირად ხდება, რომ მათ ზუსტად ამ კუთხით უჭირთ გახსნა და გულწრფელობა ერთმანეთთან.
ქალი კურო ძლიერი სექსუალური ტემპერამენტის პატრონია, თუმცა მშვილდოსნისგან განსხვავებით იგი ემოციებს ხმაურით ან ჟესტებით ვერასოდეს გამოხატავს. ამიტომ სექსუალური ურთიერთობისას, ამ ორს შორის დისბალანსი სწორედ ამ კუთხით წარმოიქმნება. სექსის დროს კურო უბრალოდ დუმს, მაშინ როცა მშვილდოსანი აქტიურად ცდილობს საკუთარი ემოციების სიტყვებით ან შეძახილებით გადმოცემას.
ამ ორის ქორწინებას კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ბზარი ოჯახური და ნათესავური კავშირებისადმი აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომის გამო შეიძლება გაუჩნდეს. მშვილდოსანს ნაკლებად ახასიათებს საკუთარი ფესების მიმართ მიჯაჭვულობა, კურო კი დიდ პატივს სცემს თუ ბებია-ბაბუის არა, მინიმუმ დედ-მამის ოჯახს. თუმცა, თუ ამ ორის მთვარის ნიშანი, ურთიერთჰარმონიაში იმყოფება სავსებით შესაძლებელია ეს პრობლემა მარტივად და უმტკივნეულოდ დარეგულირდეს საოჯახო პიკნიკების და საღამოების მოწყობის ხარჯზე. მშვილდოსანს მასხარას როლი მოსწონს, კუროს დიასახლისობა - მათი სახლის კარი ყოველთვის იქნება ღია მხიარული დღესასწაულებისთვის, რომელშიც ოჯახის წევრებს მრავალრიცხოვანი მეგობრებიც აქტიურად შეუერთდებიან.