რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს იგი, გირჩევნიათ პირდაპირობა რაც არ უნდა გულისმომკვლელი იყოს ის რეალობა რომელსაც ამ პირდაპირობის შედეგად იგრძნობთ - მაშინ ინებეთ სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს მშვილდოსანისა და თხის რქის "ლავ-სთორი" მთელი თავისი პლუს-მინუსებით.
შესაძლებელია არსებობს ქვეყანაზე ისეთი მამაკაცი თხის რქა, რომელიც მაინცდამაინც კარგ დამოკიდებულებაში არაა საკუთარ დედ-მამასთან, თუმცა ასეთი ეგზემპლარები ბუნებაში ძალზე იშვიათია. ამიტომ, როგორც წესი, კლასიკური თხის რქის და კლასიკური მშვილდოსნის ყველაზე დიდი პრობლემა ზუსტადაც რომ ოჯახის წევრებთან დამოკიდებულება იქნება.
მაშინ როცა თხის რქისთვის ოჯახი, წინაპრები და დედ-მამა ხელშეუხებელი კულტია, მშვილდოსანი ნათესაურ კავშირებს მარტოოდენ დღესასწაულებზე იხსენებს და აღიარებს ხოლმე. ამიტომ პირველი იმედგაცრუება და გულისტკენა ქალ მშვილდოსანს ზუსტად ამ კუთხით ელის - იგი გულწრფელად ფიქრობს, რომ თხის რქის გულში ადგილი მხოლოდ მისთვის არსებობს და წარმოდგენაც არ აქვს იმის შესახებ, რომ იქ საკმაოდ "ვიწროდ" იქნება საყვარელი მამაკაცის ახლო ნათესავების გარემოცვაში. თხის რქის ერთგულება თავისი ოჯახის წევრების მიმართ უსაზღვროა და ხშირად იგი სასწორზე საკუთარ პირად ცხოვრებასაც დადებს, თუკი საქმე მეუღლესა და ცოლს შორის კონფლიქტამდე მივა. ამიტომ ბუნებით ბავშვურ, ინფანტილურ და ცოტა ეგოისტ ქალ მშვილდოსანს იმის გაცნობიერება მოუწევს, რომ მას თხის რქის სიყვარულის სხვებთან ერთად უნდა გაინაწილოს და თუ მაინც დაიჟინებს, უბრალოდ და მარტივად აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში.
მართალია, თხის რქები კირჩხიბებისგან განსხვავებით იშვიათად ცხოვრობენ საკუთარ სანათესაოს და დედის კალთას გამოკერებული მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მაგრამ მანძილი სულაც არ ამცირებს მოვალეობის შეგრძნებას, რომელიც ამ კაცს თავისი სისხლით ნათესავების მიმართ გააჩნია . მშვილდოსნისთვის კი ოჯახი, რომელშიც გაიზარდა, რაღაც "კომფორტული თავშესაფარივითაა", რომელსაც იგი მაშინ იხსენებს, როცა დღესასწაულების მხიარულად გატარება უნდა, საყიდლებზე ფული აკლდება ან უბრალოდ მშვიდად სურს გამოძინება დატვირთული ვიქენდების შემდეგ. თუმცა, თუკი ეს ხალხი მის ინდივიდუალიზმს და რაც მთავარია, თავისუფლებას ოდნავ მაინც შეზღუდავს მოვალეობების მკაცრი ბორკილებით, მშვილდოსანი დაუფიქრებლად არჩევს თავისუფლებას და შესაძლებელია წლების მანძილზე შორეული მოკითხვით შემოიფარგლოს ხოლმე დედ-მამის მისამართით.
შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მშვილდოსანი ე.წ. "ბუნების კანონების" თანახმად ცხოვრობს, რომელიც ითვალისწინებს კანონზომიერებას - ბარტყებმა ბუდე დროულად უნდა დატოვონ საიმისოდ, რომ მათ თავისუფალ და დამოუკიდებელ ფრენას არაფერმა შეუშალოს ხელი. მშვილდოსნისთვის ეს სავსებით მისაღები თეორიაა, თხის რქას კი აბსოლუტურად მიუღებლად-მეტიც ამაზრზენად მიაჩნია იგი . მისი აზრით, მშობლების მიმართ მოვალეობა შვილს ყოველთვის ეკისრება, რაც არ უნდა ცუდი და აუტანელი იყოს იგი ამ უკანასკნელის მიმართ. ამიტომ ოჯახთან დამოკიდებულებაში თხის რქისა და მშვილდოსნის პოლარულად განსხვავებული ხედვა ხშირად გახდება მათივე საკუთარ ოჯახში ქაოსის და პრობლემების მიზეზი . თხის რქა ნათესავებზე იმიტომ კი არ ზრუნავს, რომ მათ გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია, უფრო პირიქით - მიაჩნია, რომ მისი ზრუნვისა და თანადგომის გარეშე გაუჭირდებათ ამ უკანასკნელთ. ამ ხალხზე ზრუნვის მოვალეობა კი თხის რქისთვის ამ ქვეყნად უმთავრესია.
ამიტომ ქალი მშვილდოსანი, რომელიც დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ მეუღლე თხის რქასთან ერთად რომანტიკულ და საინტერესო ვიქენდს გეგმავს, ამ დროს კი მისი ქმარი უპირატესობას ანიჭებს შეუძლოდ მყოფი დედის მონახულებას ქვეყნის დასალიერში, რაღა თქმა უნდა, აღშფოთებული დარჩება მეორე ნახევრის ამგვარი საქციელით . მისთვის გაუგებარი იქნება, რატომ არ შეიძლება ადამიანმა საკუთარი თანადგომა სოლიდური საბანკო გადარიცხვით ან პირადი ექიმის აყვანით გამოხატოს დედის მიმართ ნაცვლად იმისა, რომ ფიზიკურად იყოს ამ უკანასკნელის გვერდით, როცა მას მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქი წნევის ცვალებადობა აწუხებს და სხვა არაფერი.
თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და სიმართლის მოყვარულ მშვილდოსანს ამის დანახვაც უნდა შეეძლოს. თხის რქის ამგვარი უსაზღვრო ერთგულება საყვარელი ადამიანების მიმართ უდაოდ დასაფასებელია, მას კი სწორედ რომ ემოციურად სტაბილური და ერთგული მამაკაცი სჭირდება გვერდით. ამიტომ საყვედურები იმის გამო რომ ქმარი ნაკლებად რომანტიკულია, მისთვის არასოდეს ემეტება დრო და ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ გააფუჭებს ამ ორის ურთიერთობას. მშვილდოსანს უნდა ახსოვდეს, რომ მიწის სტიქიის ჭეშმარიტი წარმომადგენელი თხის რქა მას არასოდეს დაჰპირდება ციდან ვარსკვლავების ჩამოკრეფას, თუმცა ზუსტად იგი იქნება ის ერთადერთი მამაკაცი, ვინც მათ ოქროს ქორწილს არა ბანალურ საოჯახო სადილზე, არამედ თაჯმაჰალის ულამაზესი ხედის მქონე რესტორანში აღნიშნავს მთელი თავისი დიდებულებით. ჰოდა, ნუთუ არ ღირს ასეთ კაცს ხანდახან ის უმნიშვნელო "ნაკლი" აპატიოს, რომელსაც საკუთარი დედ-მამის გულწრფელი სიყვარული ჰქვია? და საერთოდაც, იქნებ თავად მშვილდოსანს ესწავლა მისგან ამ მხრივ რამე!