, თხის რქა - თევზები გაცილებით ჰარმონიულია მაშინ, როცა ქალია თევზის ნიშნით დაბდებული, ხოლო მამაკაცი - თხის რქის. თუმცა, ამჯერად ჩვენ ამ კომბინაციის შეტრიალებულ ვარიანტზე ვისაუბრებთ და ქალი თხის რქისა და მამაკაცი თევზების, რთულ თუმცა საინტერესო თანაცხოვრების პერიპეტიებზე გიამბობთ.
ნეპტუნი, რომელიც თევზების ზოდიაქოს მართავს თანამმართველ იუპიტერთან ერთად მამაკაც თევზებში აყალიბებს ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორიცაა უდარდელობა, ქაოსურობა, მომავლის ბუნდოვანი აღქმა და აწმყოში ორიენტაციისას უმისამართო მანევრირება. იშვიათად შეხვდებით ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს, რომელიც საკუთარ ცხოვრებას მკაცრად გაწერილი გრაფიკის მიხედვით წარმართავას და მით უმეტეს, ყურადღებას აქცევს მორალისა და საზოგადოებაში მკაცრად მიღებული ქცევის წესებს. დიახ, თევზები ლოიალური ნიშანია, თხის რქისთვის კი რომელიც წესრიგის, პასუხისმგებლობის და "ხუთოსანი გოგონას" ჭეშმარიტი განსახიერებაა ბავშვობიდან, ასეთი კაცი ხშირად ძალიან გამაღიზიანებელიც შეიძლება იყოს.
არ აქვს მნიშვნელობა სად უწევს ცხოვრება თხის რქას, მდიდრულ სასახლეში თუ მიტოვებულ ვაგონში (სადაც საეჭვოა იგი დიდხანს დარჩეს, ან შესაძლებელია სულაც სამსახურეობრივმა მიზნებმა აიძულოს მას იქ ცხოვრება, ქალი თხის რქები ხომ ნებისმიერ მამაკაცურ პროფესიას ითვისებენ შესანიშნავად), იგი ფორმალური და "კანონიერია" ყველაფერში, რასაც აკეთებს გასაოცარ კანონმორჩილებას და "სისწორეს" ამჟღავნებს. ის გასაოცარ წონასწორობას ინარჩუნებს კიბეზე დგომისას, როცა ზემოთ მიიწევს, თუმცა ეს ჩვეულებრივი კიბე კი არა ცხოვრების კიბეა, სადაც თხის რქები ჯიუტად, ნაბიჯ-ნაბიჯ და თავდაჯერებულად იკავებენ ახალ-ახალ საფეხურებს. ამ ქალის მიზნებში შედის თუ მთელი სამყაროს არა, თანამშრომლებისა და მეუღლის ოჯახის წევრების მხრიდან პატივისცემის დამსახურება, რასაც იგი შესანიშნავად მოახერხებს. იგი შესანიშნავად უძღვება ოჯახს, არის კარგი დედა და სამაგალითო დედმამიშვილი. თუმცა, მამაკაც თევზს, რომელიც ჩანსახშივე არ გამოირჩევა თხის რქის მსგავსი "სისწორით" და "წარჩინებულობით", მოუწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ მეუღლეს უნდა დაუთმოს ოჯახში ლიდერის როლი. არა იმიტომ, რომ ეს ქალი მასზე ძლიერია, არამედ იმიტომ, რომ ეს მართლაც ასეა და ფაქტს თვალი თამამად უნდა გაუსწოროს თევზმა. მაგრამ, გინახავთ სადმე თევზი, რომელსაც ფაქტებისა და რეალობისთვის თვალის გასწორება ეადვილება?
თევზები დუალური ნიშანია და მსგავსად მშვილდოსნისა, რომელსაც ასევე პლანეტა იუპიტერი მართავს, მისთვის დისკომფორტის შემქმნელია იმის აღქმა, რომ ვიღაც უყურებს მხარს მიღმა, ზემოდან. რომ ოჯახში ლიდერის როლი ოფიციალურად და არაოფიციალურად მისთვის არც განიხილება. მართალია, მამაკაცი თევზი პასიური და საკმაოდ ინერტული ინდივიდია, მაგრამ არა უამბიციო. ამასთან ერთად, გაიხსენეთ ისიც, რომ თევზები მხოლოდ აკვარეუმში კი არ სახლობენ, ოკეანის თავისუფალი ბინადრებიც არიან და თუ თხის რქას ზუსტად ასეთი "ოკეანის ბინადარი" არგუნა ბედმა, ბუნტი ოჯახში გარდაუვალი იქნება. მამაკაც თევზს სჭირდება იმის განცდა, რომ მისი თავისუფალი ცურვის ლიმიტი განუსაზღვრელია და ჩარჩოები, რომელსაც ამ კაცს მისი "ყოველმხრივ სწორი" ცოლი დაუწესებს თევზისთვის აუტანელი იქნება.
ამიტომ, როცა თხის თხის რქის "შინაური დიქტატურა" ზედმეტად თვალშისაცემი ხდება, ქმარი თევზები აუცილებლად იწყებს "სადმე გაძვრომას", რაც ხშირად მსუბუქი ფლირტის ან ახალი გატაცების ობეიქტის გაჩენაში გამოიხატება. თხის რქა ქალი კი, მიუხედავად იმისა რომ თავს უფლებას არასოდეს მისცემს ქმარს სახალხოდ გაუმართოს სცენები, საკმაოდ ეჭვიანი და მესაკუთრე ინდივიდია, რომელიც თავის საკუთრებას არაფრის დიდებით არ შეელევა. აქ თხის რქამ უნდა გაიხსენოს ის, რომ თევზი თავისი ბუნებით არ არის მოღალატე ნიშანი. ამიტომ მიზეზი ოჯახური უთანხმოებისა ისევ და ისევ ქალი თხის რქის ზედმეტ "იდეალურობაშია". მისი მეუღლე კი, რომელიც მასთან შედარებით თავს ჩვეულებრივ, ნაკლოვან მოკვდავად მიიჩნევს, ასეთი ცოლის გვერდით უბრალოდ კომპლექსდება. ზუსტად ეს არის მიზეზი მისი მხრიდან გამოვლენილი "ბუნტისა", რაც სხვადასხვაგვარად ვლინდება. თევზ კაცს უბრალოდ ესაჭიროება საკუთარი თავისთვის "რაღაცის" დამტკიცება. ერთადერთი ხერხი ამ პრობლემის გადასალახავად არის ის, რომ თხის რქამ უნდა ისწავლოს მეუღლისთვის საკუთარი ქალური მხარის დანახება. იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი თევზი გრძნობს მეორე ნახევრის მხრიდან საჭიროებას დაიცვას იგი, თანადგომა და მხარდაჭერა გამოუხატოს მას, თავს უფუნქციო ნივთად აღარ ჩათვლის ამ "რკინის ლედის" გარემოცვაში და ბედნიერი იქნება იმით, რომ ვიღაცას მისი არსებობა რეალურად ესაჭიროება.
სხვა დანარჩენ დუალურ ნიშნებს შორის (მშვილდოსანი, ტყუპი) თევზი მამაკაცი ყველაზე მეტად აფასებს იმას, რომ ვიღაც მას უპირობოდ ენდობა. ამიტომ თუკი ცოლ თხის რქას, მუდმივად ეპარება ეჭვი მის ერთგულებაში ეს თავისთავად ხდება თევზების ღალატის მიზეზი... ხომ გაგიგონიათ - "შეძახილმა ხე გაახმოო", იგივე ადამიანებსაც ემართებათ.
თუმცა, თხის რქა, სხვა ასტროლოგიური დობილებისგან განსხვავებით ბრძენი და ჭკვიანი ქალია, რომელიც ემოციებს არ ჰყვება. ამიტომ მისთვის შესაძლებელია ნებისმიერი შეცდომის სიღრმისეული გააზრება. იგი ყოველთვის პრიორიტეტს ანიჭებს ოჯახს და მის კეთილდღეობას, ამიტომ საკმარისია მან გააცნობიეროს ის, თუ სად ცდება, აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამ კუთხით კი მათ სექსუალური თავსებადობაც დაეხმარებათ. იმიტომ რომ, ინტიმური სფერო ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ქალი თხის რქა ასე თუ ისე იხსნის "რკინის ნიღაბს" და ჩვეულებრივი ქალი ხდება. მით უმეტეს, რომ მამაკაც თევზებს შესწევთ ძალა განუმეორებელი კომპლიმენტების მეშვეობით, ქალს თავი დედოფლად აგრძნობინონ და მოუხსნან ყველა არსებული თუ არარსებული კომპლექსი, რომელიც სექსის თემატიკას შეეხება.
თხის რქა ბუნებით მშენებელია, ასტროლოგები თვლიან, რომ ზუსტად ეს ზოდიაქო მართავს მშენებლობისა და ინჟინერიის თემას. ამიტომ წყვილი თევზები-თხის რქა, სავსებით შესაძლებელია, რომ ნებისმიერი რყევის შემდეგაც გადარჩეს და შედგეს როგორც ოჯახი, ზუსტად ქალი თხის რქისთვის დამახასიათებელი "მშენებლის ნიჭის" გამო. თუ ამ ქალმა სიტუაციის სწორი ანალიზი შეძლო, ეს ის იშვიათი შემთხვევა იქნება, როცა "გატეხილი ჭიქაც" და გატეხილი გულიც, ორივე მხარეს გამთელდება.