მორიელის ზოდიაქოს სავიზიტო ბარათია. თუმცა სასურველია, მორიელს სცოდნოდა, რომ არსებობს კიდევ რაღაც სულ სხვა, ექსკლუზიური სახის წინასწარხედვის ნიჭი, რომელსაც ასტროლოგები "ურანულ ხედვას" უწოდებენ და ეს ნიჭი, ქალი მერწყულის ხელში ერთობ საშიში იარაღია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მანდილოსანი, გაცნობისთანავე ხვდება მორიელის ფარულ ზრახვებს. თანაც ისე, რომ საამისოდ არც მესამე თვალი სჭირდება არც ტრანსში გადასვლა. მაგრამ მერწყული ჰაერია ამიტომ მიხვედრილობა ერთია და სიფრთხილის გამოჩენა - მეორე. შესაბამისად, ქალი მერწყული ჩვეული უდარდლობით და მსუბუქი ინტერესით შეიძლება მოეკიდოს ამ კაცს, მაშინ როცა თავად იგი "ჰაეროვანი ლედის" ყველა ნაბიჯს მკაცრად გააკონტროლებს. მერწყულებს თავსატეხები უყვართ, ამიტომ სავსებით შესაძლებელია ქალი მერწყული ძალიანაც გაიტაცოს მორიელის მიმიკების და ორაზროვანი ღიმილის მიღმა ფარული ქვეტექსტების ამოცნობამ . მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მორიელის სხვადასხვაგვარი გაღიმების "კალეიდოსკოპში" არის ერთი, ერთობ სახიფათო ღიმილიც, რომელსაც ძველად, წინასაუკუნეებში "ავბედითს" უწოდებდნენ. დღეს კი უბრალოდ გამაფრთხილებელ ჟესტად შეიძლება ჩაითვალოს. ზუსტად ამ ღიმილით იწყებს ჰაეროვანი მერწყულის ნაბიჯების შესწავლას მამაკაცი მორიელი და გულში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებს - "მაინც ამოვთხრი"!
არის ხოლმე პერიოდები, როცა ურანიანელი ქალი აბსოლუტურად წყდება რეალობას და სადღაც ღრუბლებში, უფრო სწორად ღრუბლებს იქეთ - გალაქტიკებს შორის მოგზაურობს. პირველი და ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება მის ხასიათში სწორედ ეს იქნება მორიელისთვის. მერწყული ხშირად შეაცბუნებს მას საკუთარი დაუდევრობით და სრული გულგრილობით, რომელიც პოზა კი არ არის გულწრფელი საქციელია. მორიელები კი მოგეხსენებათ, თუკი რამეს ვერ იტანენ ამ ქვეყნად ეს გულგრილობა და უყურადღებობაა საყვარელი ქალის მხრიდან. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ გააღვივებს მის სურვილს, სამუდამოდ და საბოლოოდ დაიმორჩილოს იგი. ჰაერის ჭიქაში გამომწყვდევას კი რომელი ჭკუათმყოფელი შეძლებს? მორიელმა ეს არ იცის, მაგრამ არც აინტერესებს, ალბათ.
სამაგიეროდ, ამ ქალში ბევრია ისეთი თვისებაც, რაც მორიელის უდიდეს პატივისცემას და მოწონებას იმსახურებს. მათ შორისაა უსაზღვრო ჰუმანიზმი, დამოუკიდებლობა და სიკეთე. ის არანაკლებ იხიბლება ამ ქალის ინდივიდუალიზმით, ხომ იცით მამაკაც მორიელებს ექსკლუზიური ქალები მოსწონთ მხოლოდ. მართალია, იგი ხანდახან აუცილებლად შეეცდება, მიწაზე დააბრუნოს თავის ჰაეროვანი მიჯნური, მაგრამ გულის სიღრმეში ალბათ იამაყებს იმით, რომ ამ ქალს ყველგან და ყოველთვის შეუძლია დარჩეს იმად ვინც არის, არასოდეს უღალატოს საკუთარ "მეს".
შესაძლოა, საქმე ზოგჯერ "წყალნარევ" - ანუ ატიპურ ქალ მერწყულთან ჰქონდეს მორიელს და მაშინ იგი მისთვის იდეალურთან სავსებით მიახლოებულ წყვილად ჩაითვლება. იმიტომ რომ გაცილებით უფრო რბილი, ქალური და დამყოლი იქნება ურთიერთობაში. თუმცა მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მერწყული ფიქსირებული ნიშნის წარმომადგენელია და აზრს არსოდეს იცვლის, რაც არ უნდა დიდი ზეწოლა განიცადოს ვინმეს მხრიდან. შესაბამისად, მორიელისთვის დამახასიათებელ პლუტონიანურ დესპოტიზმს და დიქტატურას, მასზე მაინც არანაირი გავლენა არ ექნება.
მორიელი ხშირად აქცევს ყურადღებას სხვების აზრს, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ექსტრემალი და რისკიანია. მერწყულისთვის კი ხალხის აზრი აბსოლუტურად უმნიშვნელო თემაა. ამიტომ პირველი დიდი კონფლიქტი მათ შესაძლოა ზუსტად ამ თემაზე შეემთხვეთ. თუმცა, თავად წყვილი მერწყული-მორიელი უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს არის "ჭკუის სასწავლებელი" ურთიერთობა, რომლის ხარჯზეც ორივე პარტნიორი პიროვნულად უნდა გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ნიშნებს შორის დაძაბული ასპექტი "კვადრატურა" ერთობ მტკივნეულ და რაც მთავარია, დამანგრეველ კავშირად გადაიქცევა, სადაც ვერც ერთი მხარე ვერ გამოვა გამარჯვებული.
მერწყული, გაცილებით მაღლა დგას კარმული განვითარების კიბეზე მორიელთან შედარებით. ამიტომ მორიელი შინაგანად მაინც იგრძნობს ამ ქალის მიმართ გარკვეულ მოწიწებას და მორჩილებას. მერწყული ქალის შედარებით მსუბუქი და მარტივი დამოკიდებულება ცხოვრებისეული პრობლემებისადმი, უნარი აპატიოს და დაივიწყოს წყენა, ადვილად "გადააგოროს" იმედგაცრუებები - დიახაც რომ აღტაცების ღირსია მორიელის მხრიდან . თუმცა, არც ის იქნებოდა ურიგო, ხასიათის მსგავსი შტრიხები თავადაც აეთვისებინა მორიელს. ყოველ შემთხვევაში ეცადა მაინც ამის გაკეთება!
ქალი მერწყული ერთი შეხედვით ალისას წააგავს, ლუის კეროლის ცნობილი ზღაპრიდან "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" და ზოგჯერ მართლაც ტოვებს უსაშველოდ დაბნეული, ქაოსური, მიამიტი ინდივიდის შთაბეჭდილებას. მაგრამ რაც ჭეშმარიტად იწვევს მორიელის გაოგნებას ეს მისი ხასიათია - ამ სიტყვის სრულფასოვანი გაგებით . ეს არის ქალი, რომელსაც გამოკვეთილი ხასიათის სიმტკიცე და მყარი ფასეულობები გააჩნია. ამის გამო კი იგი უდავოდ იმსახურებს თაყვანისცემას. მორიელები კი პატივს მხოლოდ ძლიერ ინდივიდებს სცემენ. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს!
მაგრამ აქ კიდევ ერთ პრობლემას ვხვდებით აუცილებლად. მერწყული ქალისთვის დამახასიათებელი ექსცენტრიკული ხასიათი, აუცილებლად იჩენს თავს უცნაურ საქციელში ან დემონსტრაციულად პროტესტის გამოხატვის ჩვევაში, როცა ისინი საზოგადოებაში ერთად იქნებიან. მორიელს კი არაფერი აღიზიანებს ისე, როგორც საკუთარი "ბინძური თეთრეულის" საყოველთაოდ და ყველას დასანახად გამოფენა . ამიტომ მერწყულს მოეთხოვება, თავისი შენიშვნები და პრეტენზიები იმ დროისთვის შემოინახოს, როცა ისინი სრულიად მარტო დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მორიელის შურისძიება საკმაოდ მტკივნეული და რაც მთავარია, ულმობელი იქნება.
მათი სექსუალური ცხოვრებაც ერთობ არაპროგნოზირებადი შეიძლება იყოს ხშირად. ისინი ან გამუდმებით ეცდებიან ერთმანეთის მოთმინება ზუსტად ამ კუთხით გამოსცადონ, ან სექსი მათთვის ემოციური და სულიერი ერთიანობის უმთავრეს მაკავშირებელ რგოლად გადაიქცევა. რის ხარჯზეც ისინი ყველაზე მტკივნეული პრობლემების გადახარშვასაც კი შეძლებენ, ისევ და ისევ შეკავშირების და ყველაფრის თავიდან დაწყების ხარჯზე.