ქალი კურო & მამაკაცი კირჩხიბი

ქალი კურო & მამაკაცი კირჩხიბი

იდეალური (ისტორიული) წყვილი ანა ბოლეინი და ჰენრი მერვე

გულის სიღრმეში, ნებისმიერი კირჩხიბი მამაკაცი რაც არ უნდა ვაჟკაცური გარეგნობის იყოს, ოცნებობს იმაზე, რომ საყვარელმა ქალმა მაქსიმალურად გაანებივროს. ქალი კურო კი, დიახაც, რომ მიდრეკილია იმისკენ კომფორტი შეუქმნას თავის მამაკაცს. თუმცაღა, ამ ორი თვისების გაერთიანებით ერთი ნახვით შეყვარების ისტორიაზე საუბარი ნაადრევია და მე გეტყვით რატომ.

კირჩხიბი ის კაცი არ არის, რომელიც გრძნობებს აჰყვება და იმპულსების კარნახით იწყებს მოქმედებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მან კურო ქალში მისი ცხოვრების ჭეშმარიტი მეწყვილე დაინახა (ნუ დაგვავიწყდება, კირჩხიბები ძლიერი ინტუიციით გამოირჩევიან), იგი ამ უკანასკნელის შტურმით აღებას და დაპყრობას არაფრის დიდებით არ შეეცდება. კირჩხიბი პოტენციურ "მსხვერპლს" ჯერ შორიდან ზვერავს, შემდეგ უფრო ახლო პერიმეტრზე გადმოიჩოჩებს რათა დეტალებში უკეთ გაერკვეს და ნებისმიერი სახის მოულოდნელობა გამორიცხოს, ამის შემდეგ შეიძლება საერთოდაც გულგრილი პოზით გადგეს გვერდზე და თავისი საქმით დაკავდეს. მაგრამ საკმარისია, მისი ინტერესის ობიექტისკენ კონკურენტმა გაიწიოს, კიბო უმალ აამუშავებს თავის საცეცებს და მსხვერპლი გაოცებასაც ვერ მოასწრებს ისე ერქმევა მას უკვე ვიღაცის ცოლი. კირჩხიბი იშვიათი მესაკუთრეა, ამიტომ იმას, რასაც იგი თავისად ჩათვლის მარტივად არაფრის დიდებით დათმობს.

ქალი კუროც არ განეკუთვნება ქალბატონების იმ კატეგორიას თავდავიწყებით რომ იციან გადაშვება ვნებისა და თავგადასავლების მორევში. მისი გრძნობები მამაკაცის მიმართ, ამ უკანასკნელის მხრიდან ხანგრძლივი თაყვანისცემის, ყურადღებისა და პატივისცემის გამოხატვის შემდეგ ღვივდება. კურო მიწის ნიშანია, შესაბამისად ამ ქალს ფეხქვეშ მყარი ნიადაგი ესაჭიროება ურთიერთობისას, საიმისოდ რომ მან თქვენ მიგიღოთ და გაღიაროთ. ახლა ხომ მიხვდით, რატომ არის გამორიცხული კირჩხიბის და კუროს შემთხვევაში ერთი ნახვით შეყვარების სინდრომი? უფრო მეტსაც გეტყვით, სანამ ამ ორის ურთიერთობა მყარი ოჯახური კავშირით დაგვირგვინდება, თვეები და ხშირად წლებიც კი შეიძლება გაგრძელდეს. სამაგიეროდ, როცა ეს წყვილი საბოლოოდ დაუკავშირებს საკუთარ ბედს ერთმანეთს, ორივეს ეცოდინება როგორ მიანიჭოს პარტნიორს ბედნიერება და შეუქმნას იდეალური ოჯახური ატმოსფერო.

პრინციპში, კირჩხიბის და კუროს ურთიერთობა შესაძლოა იდეალურად ან იდეალურთან მიახლოვებულად ჩაითვალოს, რომ არა მამაკაცი კირჩხიბისთვის ესოდენ დამახასიათებელი "დედის ტიპის ძიების" კომპლექსი. და ეს კომპლექსი, ნებისმიერი მამრობითი სქესის კირჩხიბში მეტ-ნაკლები ინტენსივობით არის ყოველთვის წარმოდგენილი. ამიტომ გასაკვირი არაა რატომ აღმერთებენ და აფეტიშებენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული კაცები მთელი ცხოვრების მანძილზე დედას. თუკი ქალი კურო მის ამ აღფრთოვანებას იზიარებს, პრობლემა ნამდვილად არ გაჩნდება, თუმცა იმ შემთხვევაში როცა კირჩხიბი ზედმეტად ხდება დედის ფაქტორზე დამოკიდებული, ბუნებით ძლიერ კურო ქალში ადრე თუ გვიან ეს აღშფოთებას გამოიწვევს. მართალია კუროს მოთმინება ამ შემთხვევაში ის უნიკალური გასაღებია, რომლის მეშვეობითაც სრულიად შესაძლებელია სიტუაციას ეშველოს, მაგრამ თუ კირჩხიბი იმდენად ინფანტილური აღმოჩნდება რომ ვერ მოახერხებს ერთხელ და სამუდამოდ, საკუთარი სახელი დაარქვას ყველაფერს, ქალი კუროს მოთმინების ძაფიც გაწყდება. კურო მომთმენია, მაგრამ როგორც ასტროლოგები ამბობენ, ცხვირში რგოლს არავის გააყრევინებს. ეს კარგად უნდა ესმოდეს კირჩხიბ მამაკაცს.

ამ ორს შორის პრობლემას კიდევ ერთი ფაქტორი – წყენის მალე ვერდავიწყების ჩვევაც შექმნის. თუკი ცეცხლის სტიქიის წყვილები ერთმანეთთან ურთიერთობას ხმაურიანი სკანდალებით არკვევენ, შემდეგ კი მშვიდდებიან და ძველებურად უყვართ ერთმანეთი, კუროსა და კირჩხიბის შემთხვევაში დაგროვილი წყენა ღრმად იდგამს ფესვებს და დროთა განმავლობაში შეიძლება იგი გულგრილობის ცივ აისბერგად იქცეს. ერთიც და მეორეც საკმაოდ ჯიუტია საიმისოდ რომ შერიგებისკენ გადადგას ნაბიჯი, არადა ამ ფაქტს რომ სხვა კუთხით შევხედოთ გაბუტვა ხომ ერთობ არაპრაქტიკული საქციელია, არაპრაქტიკულობას კი ვერც კირჩხიბი იტანს, ვერც – კურო. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის ის, რომ კურომ მისთვის დამახასიათებელ საუკეთესო თვისებას – მოთმინებას მოუხმოს, სანამ მთვარის ფაზებით გამოწვეული კირჩხიბის უახსიათობა გადაივლის; კირჩხიბმა კი თავის მხრივ სითბოსა და ზრუნვის მორიგი ულუფა გაიმეტოს საყვარელი ქალისთვის. "მთვარეულების" განწყობა ხომ ასე გადამდებია, არ აქვს მნიშვნელობა სევდა იქნება ეს თუ სიხარული.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?