ქალი კურო & მამაკაცი ლომი

ქალი კურო & მამაკაცი ლომი

იდეალური (ექს) წყვილი – მიკ და ბიანკა ჯაგერები

ქალი კურო და მამაკაცი ლომი, ასტროლოგიური პრინციპების მიხედვით მეოთხე-მეათე ნიშნებისგან შემდგარ წყვილს განასახიერებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულ კავშირს ნიშნავს. თუმცა თუკი ამ ორის სიყვარულს და ურთიერთსიმპათიას, მზე-მთვარის კარგი კომბინაცია უმაგრებს ხერხემალს, ეს ორი ნამდვილად გაფრინდება, თანაც საკმაოდ შორს.

თუმცა, მოდით მივყვეთ ისტორიას თავიდან...

მამაკაცი ლომი ბუნებით მაქსიმალისტია, ამიტომ იგი არაფერს აკეთებს სანახევროდ. თუ სახლს აშენებს ეს აუცილებლად სასახლე უნდა იყოს, თუ ბეჭედს ყიდულობს ეს ბეჭედი ისე უნდა ბრდღვიალებდეს ასი მეტრის რადიუსში ნებისმიერს მოსჭრას თვალი, ხოლო თუ იგი მუსიკას უსმენს, მელოდია არამარტო მთელი სახლის, მთელი კვარატლის გასაგონად უნდა გუგუნებდეს ბოლო ხმაზე. ამ დროს კი, ქალი კურო, რომელსაც შესანიშნავი სმენა და მუსიკალური შესაძლებლობები გააჩნია, ზუსტად ამ მიზეზით შეიძლება აუშარდეს მას. მაინც რაშია საქმე? საქმე იმაშია, რომ კუროს ზომიერების შეგრძნება, ლომისთვის "დეფიციტურობას" ნიშნავს, ამიტომ როცა ეს უკანასკნელი ბოლო ხმაზე ასრულებს მისი საყვარელი ქალისთვის მიძღვნილ სერენადას, კუროს როგორც ვენერას ჭეშმარიტ შვილს, მხოლოდ ერთი სურვილი აქვს – სასწრაფოდ გააჩუმონ იგი! კურო ქალისთვის ეს სერენადა კი არა მორალურ-ემოციური ზეწოლაა, რომელიც მის ფსიქიკას უხეშად ეხება.

ნებისმიერი მამაკაცი ლომი, თუნდაც იგი სულაც არ წააგავდეს გარეგნულად მეფეს, ოცნებობს იმაზე, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი მის კონტროლს ექვემდებარებოდეს. ქალი კურო დიახაც რომ მზადაა დაემორჩილოს და ანგარიში გაუწიოს თავის მამაკაცს, მაგრამ ეს "ტოტალური კონტროლის" ცნება მასში ეჭვებს ბადებს. კონტროლი ნიშნავს დიქტატურას, დიქტატურას კი არც ერთი კურო არ ემორჩილება. ეს კარგად უნდა ესმოდეს ბატონ ლომს.

პრობლემას ხშირად ისიც ქმნის, რომ ქალი კურო, რომელიც მართალია ბუნებით უზომოდ ერთგული და სტაბილურია, როგორც წესი, ნაკლებადაა მიდრეკილი საკუთარი ემოციები ხმამაღლა, მით უმეტეს ენის მოჩლექით გამოხატოს ან პერიოდული შექება-აღტაცების ნიაღვრით გაანებივროს თავისი მეორე ნახევარი. ლომი კი რისი ლომია აპლოდისმენტების გარეშე? მაგრამ, კურო ქალს თავისი კანონები აქვს და მისთვის ნებისმიერი სახის თაყვანისცემა, მით უმეტეს გაფეტიშება (თუნდაც ეს "ვინმე" საყვარელი მამაკაცი იყოს ) სიბრიყვესთან და მონურ ფსიქოლოგიასთან ასოცირდება. ლომი კი ძალიან ამაყია საიმისოდ, რომ ვინმეს მისი ავტორიტეტის არაღიარება აპატიოს.

თუმცა მიუხედავად ასეთი "მეფური" ბუნებისა, ნებისმიერი ლომი გულის სიღრმეში მოსიყვარულე და სითბოს მოყვარული კატაა. მისი შემორიგება, სულ ერთი კოცნითა და თბილი სიტყვით შეიძლება, ეს ხომ ასე მარტივი საქმეა. დიდი ამბავი, თუ მას ბოდიშის მოხდა არ ეხერხება. სად გაგონილა მეფეები ვინმეს წინაშე თავს დამნაშავედ ცნობდნენ? თუ მართლა შეცდა კიდეც, მას გაცილებით ეადვილება საკუთარი საქციელით დაგანახვოთ სინანული, რაც სხვადასხვა სახის რომანტიული სიტუაციების მოწყობასა და გულუხვ საჩუქრებში გამოიხატება. ამიტომ თუკი ქალი კურო, ცოტა უფრო მეტი ლოიალურობით მოეკიდება ამ მამაკაცის მეფურ ხასიათს, მათ ურთიერთობას იდეალური სექსუალური თავსებადობაც შესანიშნავად დააბალანსებს. ქალი კურო ხომ ის იშვიათი ქალია, რომელსაც ნამდვილად გააჩნია უნარი ლომ მამაკაცს საწოლში თავი მეფედ აგრძნობინოს. ეს კი საკმაოდ წააგდება მათ მომავალ ურთიერთობას.

თუმცა მხოლოდ ინტიმური თავსებადობა ვერ უშველის საქმეს, თუკი ეს ორი ურთიერთკომპრომისის ხელოვნებას არ გაითავისებს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ლომ მამაკაცს ძალიან უყვარს საუბარი საკუთარ ნიჭიერებაზე, მიღწევებზე, მომავლის გეგმებსა და ა.შ. ამ დროს რას აკეთებს ქალი კურო? საუბრის დასაწყისში იგი ყურადღებით უსმენს, თუმცა, როცა საქმის არსში გაერკვევა აბსოლუტურად გულგრილი სახით გააგრძელებს თავისი საქმეების კეთებას და მხოლოდ შიგადაშიგ ჩაურთავს რაიმე სახის შორისდებულს "ჰო?" "უი, მართლა?" და ა.შ. ასე რომ, ლომის მრავალსაათიან, სპეცეფექტებით გაფორმებულ მონოლოგს გაგრძელება, რაღა თქმა უნდა, აღარ უწერია. მას კი საშინლად ელახება თავმოყვარეობა, როცა ქალი (მით უმეტეს მისი საყვარელი ქალი!) ცალი ყურით უსმენს. ლომს ხომ აუდიტორია სჭირდება, რათა ბოლომდე დაიცალოს ემოციებისგან. ამიტომ თუ ქალ კუროს ამ მამაკაცის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა, სასურველია რამდენიმე ჭიქა მაგარი ყავა მოიმარაგოს  და ლომის ნებისმიერ "გამოსვლას" გაფაციცებით ადევნოს ხოლმე თვალი. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ეს ორი აუცილებლად გადააწყდება, კურო ქალის ხასიათში ენთუზიაზმის ნაკლებობაა. ლომი ცეცხლის ნიშანია, კურო – მიწის. ლომს ხშირად უბრალოდ ქმედება სჭირდება, მოძრაობა, დინამიკა, სიცილი, ჟრიამული... ამ დროს კურო ქალი მყუდროდ მოკალათებასა და სიწყნარეში ჩაის სმას არჩევს. მას ვერაფრით გაუგია რა საჭიროა ყირაზე დგომა, როცა ისედაც შესანიშნავადაა ყველაფერი. ლომი კი ამ მონოტონურ სიტუაციაში თავს კონსერვისქილაჩამოცმული კატასავით გრძნობს, რომელსაც ონავარმა ბავშვებმა სასუნთქი ჰაერი გადაუკეტეს.

ამ და კიდევ სხვა მიზეზთა გამო, "მოკლე ჩართვები" და ხმაურიანი გარჩევები კურო-ლომის წყვილის ცხოვრებაში ხშირი იქნება. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ორივე მათგანი მუდმივ ნიშანს განეკუთვნება შესაძლოა ყოველ ჯერზე, მათ მაინც შეძლონ ურთიერთობის გადარჩენა და შენარჩუნება. მთავარია, ორივე მათგანმა ისწავლოს სულ ცოტაოდენი კომპრომისი, რათა ერთმანეთს გზა დაუტოვონ ჩხუბის შემდეგ შერიგებისკენ ნაბიჯის გადასადგმელად.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?