ურთიერთობის ტიპი – "მე და ჩემი ფარული მტერი"
ვერძი - თევზები
კურო - ვერძი
ტყუპი -კურო
კირჩხიბი - ტყუპი
ლომი - კირჩხიბი
ქალწული - ლომი
სასწორი - ქალწული
მორიელი - სასწორი
მშვილდოსანი - მორიელი
თხის რქა - მშვილდოსანი
მერწყული - თხის რქა
თევზები - მერწყული
ჩვენს ფარულ მტერთან ანუ ჩვენგან მეთორმეტე ნიშანთან, როგორც პარტნიორული, ისე პროფესიული ურთიერთობა საკმაოდ რთული და პრობლემატური შეიძლება იყოს. უძველესი ასტროლოგები თვლიდნენ, რომ ჩვენგან მეთორმეტე ნიშანს ყოველთვის შემოაქვს რაიმე სახის მოულოდნელობა ურთიერთობაში, მაშინ როცა თავიდან კავშირი ერთობ პერსპექტიული და უღრუბლო გვეჩვენება. "ფარული მტრები" ეს ის ადამიანები არიან, ვისთანაც ჩვენ სურვილი გვიჩნდება ბოლომდე გავიხსნათ, ყველა კარტი გავშალოთ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს ვაძლევთ განუსაზღვრელ ძალაუფლებას და წვდომას ჩვენს ფსიქიკაზე.
პოლიტიკურ ასპარეზზე ამგავრი კავშირის მაგალითია მ. გორბაჩოვის და ბ. ელცინის ურთიერთობა. ელცინი (მერწყული) გორბაჩოვისთვის (თევზები) მეთორმეტე ნიშანს წარმოადგენდა და სწორედ მან შესძლო საკუთარი წინამორბედისთვის სრულად წაერთმია ძალაუფლება.
მეთორმეტე ნიშანთან ჩვენ ემოციურად დაუცველი, ზედმეტად ღია და მენტალურად გახსნილები ვხდებით. თუმცაღა ამ ხალხს უნდა მათ ეს გაცნობიერებულად თუ არა, შეუძლია ზურგიდან დაგვარტყას საბოლოო ჯამში და ყველა ჩვენი ჩანაფიქრი წამის მეასედში გააცამტვეროს. რომის იმპერატორებს შორის, ვინც თავის მხრივ უახლოესი გარემოცვის ღალატის შედეგად დაიღუპა ასტროლოგებმა საინტერესო კლასიფიკაცია გამოავლინეს – ყველა მათგანი საკუთარმა მეთორმეტე ნიშანმა გაწირა.
როცა საქმე ეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, ჩვენი მეთორმეტე ნიშანი სწორედ ის პიროვნებაა, რომელიც სამომავლოდ მტკივნეულ წერტილებს მარტივად გვიაშკარავებს და გაცნობიერებულად თუ აბსოლუტურად გაუცნობიერებლად, შესაძლოა იქცეს ჩვენი სულიერი დეგრადაციის მიზეზად. ამგვარი კავშირები საკმაოდ რთულად იწყება, ან მას ახლავს თავისებური გაურკვევლობის ბურუსი, იდუმალება.
ზოგ შემთხვევაში ურთიერთობას მეთორმეტე ნიშანთან ღრმა სულიერი მეგობრობით ვიწყებთ. თუმცა, ეს სწორედ ის ადამიანია, რომელმაც შესაძლოა გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ მიერ მისთვის განდობილი საიდუმლო გაამჟღავნოს ან უბრალოდ გვიღალატოს ისევ და ისევ გაუცნობიერებლად. სამაგიეროდ, ჩვენი მეთორმეტე ნიშანი, მოსიყვარულე და თბილი პარტნიორია. მას ინტუიციურად ესმის ჩვენი, ქვეცნობიერის დონეზე ხვდება ჩვენს საჭიროებებს და ისიც იცის, როგორ მოერიდოს ჩვენს გაღიზიანებას. ეს არის ადამიანი, რომელიც ურთიერთობაში ე.წ. "ფარული ლიდერის" პოზიციას იკავებს. თუმცა, ერთი შეხედვით პასიური ქცევის მანერა აქვს, მაგრამ რეალურად ზუსტად იგი მართავს ყოველთვის ორს შორის სიტუაციას.
თუკი ჩვენგან მეთორმეტე სახლის მფლობელი ჩვენი შვილია, იგი დროთა განმავლობაში, ნებისმიერ ოჯახურ საიდუმლოს გამოიძიებს და გაარკვევს. მასთან ურთიერთობის პოლიტიკა სირბილეს, ლოიალურობასა და დიპლომატიას უნდა ეფუძნებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი აუცილებლად გახდება ხმაურიანი სკანდალის მიზეზი თქვენს ოჯახურ ცხოვრებაში.