და აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი თხის რქა
თუკი თქვენ ულტრათანამედროვე, კოსმოპოლიტური აზროვნების მქონე ქალების კატეგორიას მიეკუთვნებით, მინდა გულწრფელი რჩევა მოგცეთ, მანამ სანამ მამაკაცი თხის რქის გულის მონადირებას გადაწყვეტთ, საკუთარ გარდერობსა და მსოფლმხედველობას საფუძვლიანი რევიზია ჩაუტაროთ.
თხის რქა მამაკაცი თავიდან ფეხებამდე რეალისტია. იგი გარკვეული სიცივითაც გამოირჩევა ემოციების გამოხატვის კუთხით, განსაკუთრებით ურთიერთობის საწყის ეტაპზე, მანამ სანამ ჯერ ვერ გაურკვევია ვინ ხართ, რა სახის ინდივიდი და კონკრეტულად რა ადგილის დაკავებას ლამობთ მის ცხოვრებაში. იგი ჯიუტი და უზომოდ პრინციპულია. აფასებს ოჯახს, ტრადიციებსა და ზოგადად პატრიოტული სულისკვეთება გააჩნია. ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავიდან მოგეჩვენათ, რომ იგი თანამედროვედ აზროვნებს ნუ მოიტყუებთ თავს. ცხოვრების მეგზურად ამ კაცს გაწონასწორებული, მშვიდი, ჭკვიანი, მაგრამ ნაკლებად ჰიპერაქტიური და ექსტრავაგანტური აზროვნების მქონე ქალი სჭირდება.
მისი გულის მოგება მარტივი საქმე არ გახლავთ. საიმისოდ, რომ მისი სიფრთხილე გაანეიტრალოთ, ჯერ ნდობა უნდა მოიპოვოთ მასში და მხოლოდ ამის შემდეგ ისაუბროთ სიყვარულზე. პრინციპში, რა სიყვარულზე ვსაუბრობთ? თხის რქა ამ თემაზე ცხოვრებაში ალბათ სულ ერთხელ თუ ილაპარაკებს ღიად და გახსნილად. ეს მაშინ მოხდება, როცა ჯვრისწერისას მღვდელს უპასუხებს, რომ ეს ქალი უყვარს და სურს საკუთარი მეუღლის რანგში იხილოს. ჰო კიდევ, ჯვრისწერა და ტრადიციული ნათესავ-მეგობრებით დაკომპლექტებული ქორწილი რომ გექნებათ მთელი თავისი ეროვნულ-ნაციონალური ადათ-წესების გათვალისწინებით, ამ ფაქტსაც წინასწარ შეეგუეთ, რაკი თხის რქა მამაკაცი გყავთ გულში ჩავარდნილი. თუმცა ჯვრისწერამდე ჯერ სიმპათია, ნდობა, პატივისცემა და ბოლოს სიყვარული უნდა მოიპოვოთ მის გულში. ეს კი ერთ, ორ ან სამ თვეში სულაც არ არის შესაძლებელი. თხის რქას ხარისხი ურჩევნია რაოდენობას.
იგი ერთგული მამაკაცების რიცხვს მიეკუთვნება. შესაბამისად, ქალი, რომელსაც მეწყვილედ ირჩევს, უცილებლად იმავე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. იგი ნაკლებად გაგანებივრებთ ლამაზ-ლამაზი სიტყვებითა და რომანტიკული საქციელით. უფრო მეტიც, ხშირად შესაძლოა სამსახური ამჯობინოს ოჯახსა და მეუღლის გვერდით ყოფნას. ზოგადად მისი სამსახურეობრივი მოვალეობები ერთადერთი ფაქტორია, რაზეც შეგიძლიათ საფუძვლიანად იეჭვიანოთ. იმიტომ რომ თხის რქას კარიერიზმი ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. თუმცა, ყველაფერი ეს მაინც თქვენთვის, ოჯახისთვის უნდა. ამიტომ ზედმეტად მკაცრად ნურასოდეს განსჯით თუკი სამსახურიდან სახლში გვიან ბრუნდება ან სულაც რჩება იქ, როცა მის კომპანიას დედლაინები "უჭერენ".
სამაგიეროდ, როცა მისი კარიერული ნიშნული და შესაბამისად ფინანსური დანაზოგი, სოლიდურ მაჩვენებელს მიაღწევს, იგი სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, ორმოცდაათი წლის ასაკში მოგიწყობთ დაუვიწყარ თაფლობის თვეს მთელი თავისი რომანტიკული საჩუქრებითა და სიურპრიზებით. მას არასოდეს დაეტყობა ასაკი, ყოველთვის ფორმაში იქნება და თამამად შეგეძლებათ იამაყოთ საკუთარი მეორე ნახევრით. რომელიც თავს არამხოლოდ წარმატებული პროფესიული მიღწევებით, ოჯახისა და მეუღლის მიმართ ერთგულებითაც არაერთგზის გამოიჩენს.