ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი, შესაძლებელია, მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...
ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, მოდით, გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად, თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი
როგორ მოვხიბლოთ ქალი თხის რქა
თხის რქა ქალი, გარეგნულად ცივი და უზომოდ თავდაჭერილი არსებაა. ყოველ შემთხვევაში, მანამ სანამ თქვენი ურთიერთობა ზრდილობიანი მისალმებისა და მოკითხვის დონეს არ გასცილებია, იგი აისბერგივით ცივი და შეუვალი იქნება. საქმე იმაშია, რომ პლანეტა სატურნი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, მისი გავლენის ქვეშ მყოფ ინდივიდებს აჯილდოებს წინდახედულობით, სიფრთხილითა და დისციპლინისადმი სიყვარულით. ამიტომ ქალი თხის რქის გულის მოსაგებად რაიმე სახის რომანტიკული სისულელის ჩადენა, აბსოლუტურად მიუღებელი რამაა.
უფრო მეტიც, თქვენგან ამგვარი ჟესტი თხის რქას ხანგრძლივი დროით ან საერთოდაც გაუქრობს სურვილს სერიოზულ ფაზაში გადავიდეს ურთიერთობები. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს გვერდით ღირსეული, გაწონასწორებული, მოწესრიგებული და ჭკვიანი მამაკაცი ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, იგი არასოდეს იხიბლება "ქარიზმატული ჯამბაზებით" როგორც ქალების უმრავლესობა. მისთვის მთავარია საკუთარი ცხოვრება პიროვნულად ჩამოყალიბებულ და პროფესიულად რეალიზებულ მამრს დაუკავშიროს.
შესაბამისად, თუკი თქვენ 30 წლის ასაკშიც ოცნების კოშკების შენებით ხართ დაკავებული, ნაცვლად რეალური ბინის რემონტისა, მერწმუნეთ ქალი თხის რქის ხელში ჩაგდებაზე ოცნებაც არ ღირს თქვენთვის. მართალია, ამ ქალბატონის გულის მოსანადირებლად მოთხოვნები მკაცრი და საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ ცხოვრების მეგზურად თხის რქა ქალის არჩევა ნებისმიერი თავმოყვარე მამაკაცისთვის ნამდვილად ჭკვიანური და კარგი ნაბიჯია. ეს ის ქალია, რომელიც განსაცდელის და პრობლემების შემთხვევაში თანასწორივით, ერთგულად დაუდგება გვერდით საკუთარ მეორე ნახევარს.
იგი არასოდეს იწუწუნებს სირთულეების შემთხვევაში და ყოველთვის პატივისცემითა და დიდი სიყვარულით მოეპყრობა თქვენი ოჯახის წევრებს. ასეთი ქალები, ყოველთვის კარგად ახერხებენ სამსახური და ოჯახური მოვალეობები ოსტატურად შეუთავსონ ერთმანეთს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალი, მამაკაცისთვის არამხოლოდ ცოლი და შვილების დედა, კარგი თანამოაზრე და საქმიანი კომპანიონიც შეიძლება იყოს. რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანი მომენტია მყარი და ერთიანი ოჯახის შესაქმნელად.