გმირები ყოველთვის ატარებენ, ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს. დაფიქრებულხართ რომელი ზოდიაქოს ნიშნით იქნებოდა დაბადებული მაგალითად კერი ბრედშოუ საყოველთაოდ აღიარებული სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მთავარი გმირი. ან მის განუყრელ დაქალებს შარლოტას, სამანტასა და მირანდას რომელი ზოდიაქოს ნიშნის თვისებებს მიუსადაგებდით? ხომ არ გაგონებთ რომელიმე მათგანი თქვენს ნაცნობს, ახლო მეგობარს ან კოლეგას?
მოდით, ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხზე:
თუკი ასტროლოგიური პრინციპებით მივყვებით და გმირების სახასიათო შტრიხებს დეტალურად განვიხილავთ, სერიალის მთავარი გმირი – მეოცნებე, იდეალისტი და პრანჭია კერი დიდი ალბათობით შესაძლებელია თევზების ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი იყოს. თუმცა მის პირად რუკაში ალბათ ცეცხლის სტიქიის გავლენაც დომინირებს. იმიტომ რომ ტიპური თევზისგან განსხვავებით, საკმაოდ მტკიცე ხასიათის შტრიხებით გამოირჩევა პერიოდულად. თუმცაღა მისი ორი გატაცება – წერა და ჩაცმა-დახურვის, "შოპოჰოლიკობის" სიყვარული უდაოდ თევზებისაა. ასევე თევზებისაა დაბნეულობა, რომლითაც ფილმის გმირი არაერთგზის იქცევს ყურადღებას.
უდაოდ ლომის ზოდიაქოს ტიპური წარმომადგენელია ფლირტის მოყვარული, მარად ახალგაზრდა და ეპატაჟური სამანტა. მისი მხრიდან პარტნიორების "წინდებივით ცვლა" და ასაკით პატარა თაყვანისმცემლების სიმრავლე, სწორედ რომ ძუ ლომისთვის დამახასიათებელი თვისებაა. გაიხსენეთ პოპ-დივა მადონა – ასევე ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი და მისი გატაცება ასაკით პატარა პარტნიორებით.
პრაქტიკული, ანგარიშიანი და უზომოდ საქმიანი მირანდა კი თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი იქნება. როგორც ვიცით, თხის რქა ქალები ემოციური თავდაჭერილობითა და მოწესრიგებულობით გამოირჩევიან. მათთვის საქმე ყველაზე და ყველაფერზე წინ დგას ცხოვრებაში (გაიხსენეთ როგორ დადის ორგანაიზერით ფილმის გმირი ყველგან, რომ გართობასთან ერთად არც საქმეს ჩამორჩეს). გარდა ამისა, მირანდა არც განსაკუთრებული გლამურულობით არ გახლავთ გამორჩეული, რაც სავსებით ესადაგება კლასიკური თხის რქის ტიპაჟს.
ხოლო სათნო, გულჩვილი და სენტიმენტალური შარლოტა უდაოდ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა. მისი გამუდმებული სწრაფვა, როგორმე შეიქმნას მყუდრო ბუდე, ჰქონდეს იდეალური ოჯახი და ჰყავდეს მოსიყვარულე ქმარი, ძირითადად ქალი კირჩხიბისთვის დამახასიათებელ სახასიათო შტრიხებში ჯდება. გარდა ამისა, სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალებს ახასიათებთ დათმობებსა და კომპრომისზე წასვლა, როცა ამას ოჯახის და მეუღლის ინტერესები მოითხოვს (გავიხსენოთ შარლოტას ებრაული ნათლობა და მისი დაინტერესება ზოგადადა ებრაული ტრადიციებით).
ახლა კი დავაჯამოთ რა აკავშირებს ამ ოთხეულს ერთმანეთთან მეგობრობის კუთხით.
თხის რქას თევზების თანამგრძნობი ბუნება ხიბლავს, თევზებს – თხის რქის მტკიცე ხასიათი. თევზებს და ლომს სავარუდოდ ჩაცმა-დახურვის თემატიკა გააერთიანებს. ხოლო ლომსა და თხის რქას შეუძლიათ ერთმანეთს კარიერულ წინსვლაში შეუწყონ ხელი. თევზები ლომისგან მამაკაცებთან მიმართებაში ღირსეული რეპუტაციის შენარჩუნებასა და თავის დაფასებას სწავლობს, ხოლო კირჩხიბი თევზების სახით გულითად მსმენელს იძენს, რომელიც მზადაა მისი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანოს და მასთან ერთად ღვაროს ცრემლები.