თევზი ქალი & თევზი მამაკაცი

თევზი ქალი & თევზი მამაკაცი

თანაცხოვრება იშვიათი გამონაკლისების გარდა ნაკლებადაა ჰარმონიული. ამ გამონაკლისებს შორის შედის ვერძების წყვილი, ორი კირჩხიბი, ორი ქალწული, ორი მორიელი და რა თქმა უნდა, ”აკვარიუმი” - ანუ ორი თევზი. ზუსტად ამ წყვილზე გვექნება საუბარი დღეს.

თუმცა, სანამ უშუალოდ თემაზე გადავალთ, ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ თევზები ორმაგი ნიშანია, ამიტომ ორი თევზის წყვილში არა ორი, არამედ ოთხი თევზი იქნება გაერთიანებული. აი, რატომ ვუწოდე მათ ოჯახურ კავშირს თავშივე ”აკვარიუმი”.

მოგეხსენებათ, თევზების ზოდიაქოს დიდი ოდენობით მეოცნებეებს, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ინდივიდებს და ფანტაზიორებს წარმოშობს. ამიტომ ორი თევზი შესანიშნავად იარსებებს ერთ ჭერქვეშ, თუკი მათ საერთო სფეროში უწევთ მოღვაწეობა და ეს სფერო ხელოვნებაა. მათ სახლში მართალია მუდმივად იქნება ფერადი ქაოსი და მხატვრული უწესრიგობა , მაგრამ მეგობრებისთვის თევზების მყუდრო აკვარიუმი მართლაც რომ საუკეთესო ადგილი იქნება დროის გასატარებლად და გასართობად.

თევზების წყვილში ურთიერთობის დაბალანსებას ასევე უწყობს ხელს ის, რომ თავად ამ ნიშნისთვის დამახასიათებელია გარკვეული სირბილე და მოქნილობა პარტნიორთან დამოკიდებულებაში. ამასთან ერთად, თევზები ექსტრასენსორული უნარებითა და ძლიერი ინტუიციითაც არიან დაჯილდოებულნი. შესაბამისად, გაგიკვირდებათ თუ თქვენი ნაცნობი თევზების წყვილი ერთმანეთს დღის მანძილზე თითქმის არც კი ესაუბრება, მათთვის მარტივია ერთმანეთის აზრებისა და ემოციების ”თევზურად” ანუ უხმოდ და უთქმელად ამოცნობა . თუმცა მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად ამ წყვილში ყველაზე დიდი როლი ენიჭება იმას, თუ რამდენად ჰარმონიულადაა განლაგებული მთვარის ნიშნები მათ პირად ჰოროსკოპში. თუ ეს ასპექტი სახეზეა მათ აკვარიუმში არასოდეს დაისადგურებს ქაოის და კონფლიქტური სიტუაცია.

თუმცა კონფლიქტურობა ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით თევზებისთვის არცთუ დამახასიათებელი ჩვევაა. სამაგიეროდ, ორი თევზის პირად ცხოვრებაში საკმაოდ ხშირია გაბუტვები და თევზურად ”პირში წყალის ჩაგუბების“ პრეცენდენტს არაერთგზის ექნება ადგილი ამ წყვილის ურთიერთობაში. თუმცა ნეპტუნით მართული ნიშნისთვის (თევზების ზოდიაქოს პლანეტა ნეპტუნი მართავს) გაცილებით მარტივია ინტუიციურ დონეზე გაიგოს და გააცნობიეროს პარტნიორის ემოციები. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დროულად გადადგამენ შესარიგებლად ნაბიჯებს და არასოდეს გაუჭირდებათ თანადგომის გამოხატვა მაშინ, როცა მეუღლეს ემოციური მხარდაჭერა ჰაერივით დასჭირდება.

თევზების წყვილი ნაცნობობას საზაფხულო არდადეგებზე, ტბის ნაპირას გატარებული უიქენდისას, საკონცერტო დარბაზში ან სულაც ფოტოგამოფენაზე იწყებს. ძალზე იშვიათად შესაძლოა მათი პირველი შეხვედრა ეკლესიაში ან ფსიქოლოგიური ხასიათის ტრენინგებზეც შედგეს. ეს ის ადგილებია, რომელიც აკვარიუმის ბინადრებს ზოგადად მაგნიტივით იზიდავს. შესაბამისად, ერთი თევზი მეორეზე ”სათევზაოდ” და ანკესის ჩასაგდებად ზუსტად ამ ადგილებს უნდა ესტუმროს ხოლმე.

ამასთან ერთად მამაკაცი თევზი, ამ ნიშნის ქალი წარმომადგენლისგან განსხვავებით გაცილებით უფრო ინერტული, ჩუმი და ასოციალურია. მას ურჩევნია ყოველთვის დამკვირვებლის ან მსმენელის როლში იყოს, ვიდრე ხმამაღალი ლოზუნგებით გამოსულმა მოაწონოს საზოგადოებას თავი . ქალ თევზს კი თავისი შინაგანი მოთხოვნილებით გვერდით ჰყავდეს არადიქტატორული ხასიათის, გამგებიანი და თანმგრძნობი პარტნიორი ძალიან მარტივად შეუძლია ამ მამაკაცში ჭეშმარიტი სულის მესაიდუმლე და მეგობარი ამოიცნოს, თუნდაც ეს უკანასკნელი თავისთვის იჯდეს სადღაც კუთხეში ხმაურიანი წვეულების დროს და ნება-ნება წრუპავდეს ლუდს ან ვისკის.

და აი, ალკოჰოლის ხსენებისას მივადექით კიდევ იმ წყალქვეშა რიფს, რომელმაც შეიძლება ორი თევზის ცხოვრებაში სერიოზული ბზარი შემოიტანოს. საქმე იმაშია, რომ მამაკაცი თევზი ქალი თევზისგან განსხვავებით, ალკოჰოლდამოკიდებულებაში გამოხატავს სტრესთან ბრძოლის მცდელობას . რა თქმა უნდა, ისეთი მამრებიც არსებობენ ამ ნიშნით დაბადებული, ვისაც აბსოლუტურად ფხიზელი თვალით შეუძლია თვალი გაუსწოროს ცხოვრებისეულ სირთულეებს, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისია, რომელიც წესის სისწორეს ამტკიცებს. ამასთან ერთად, ქალი თევზი არ გამოირჩევა თვისებით პრინციპულად ებრძოლოს ქმრის ხასიათში სასმელის მიმართ დამოკიდებულებას. ის უფრო მეტად უთანაგრძნობს მას და მზად იქნება ყველაფერი მორჩილად აიტანოს, ვიდრე ულტიმატუმი წამოაყენოს ”ან ოჯახი, ან ალკოჰოლი”. აქედან გამომდინარე, სტრესი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს ელოდება ცხოვრების გზაზე ხშირად ხდება თევზი მამაკაცისთვის ალკოჰოლთან დამეგობრების, შემდგომ ამისა კი ოჯახური პრობლემების მიზეზი.

ხოლო თუ მისი მეუღლეც თევზების ნიშნითაა დაბადებული, ეს ნეგატიური პერიოდი საკმაოდ ხანგრძლივი ვადით შეიძლება გაგრძელდეს და არც ერთს არ ექნება ძალა საიმისოდ რომ დინების მიმართულების წინააღმდეგ გაცურვა შესძლოს. მართალია ქალი თევზები უფრო მეტი გამძლეობით და მოქნილობით არიან გამორჩეულნი, მაგრამ თვისება შეიცოდოს ქმარი ნაცვლად იმისა რომ ამ უკანასკნელს კატეგორიულად მოსთხოვოს ცხოვრების მავნე წესისთვის თავის დანებება მისთვის შესაძლოა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე იქცეს მძიმე ტვირთად, რომლის ტარებაც მას მოთმინებით მოუწევს. თევზები კი მოგეხსენებათ თავგანწირვის სინდრომითაც არიან გამორჩეულნი. ამიტომ ძნელი სათქმელია რამდენად მოსწონს ან არა თევზ ქალს ე.წ „წამებულის“ როლი. არსებობს შემთხვევები როცა ამ ნიშნის ქალები ცხოვრებისეულ პრობლემებს როგორც დამსახურებულს და კუთვნილს ისე იღებენ და მართლაც რომ არაფერს აკეთებენ მათ გამოსასწორებლად. უბრალოდ ზიან და ელიან.

თუმცა ზემოთ განხილული მაგალითი ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ორი თევზის თანაცხოვრება ნეგატიური მოვლენებით იქნება სავსე. ჩვენ მარტოოდენ რისკფაქტორებზე ვამახვილებთ ამ შემთხვევაში ყურადღებას. სხვა მხრივ კი თევზების წყვილი, თუკი რომელიმე მათგანს მაინც პირად რუკაზე გააჩნია ძლიერად გამოხატული ცეცხლის ან მიწის სტიქიის გავლენა (და სასურველია ეს ”რომელიმე” მამაკაცი იყოს) სავსებით ბედნიერად და ჰარმონიულად იცხოვრებს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. მათ ოჯახში მუდამ იქნება მხატვრული უწესრიგობა. სამაგიეროდ, არასოდეს იქნება ჩხუბი და ხმაურიანი, დრამატული ისტორიები. მომავალი ბავშვები კი როგორც მშვიდ, ლამაზ აკვარიუმში ემოციურად დაცულ, მოსიყვარულე გარემოში გაიზრდებიან . ეყვარებათ მუსიკა, პოეზია, მხატვრობა, იქნებიან სასწაულების მორწმუნე და ჰუმანური ინდივიდები. ჰოდა, სხვა რა უნდა წყვილს ბედნიერებისთვის?

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?