შესაბამისად, ყველა მათგანის ერთ ქვაბში მოხარშვას და ქოქოლის მიყრას ნუ იჩქარებთ, თუკი რომელიმე მათგანთან სასიყვარულო ურთიერთობა არ გამოგივიდათ. იქნებ აქამდე არ შეგხვედრიათ თქვენი "ნახევარი"... ამას ჯობია, ჩვენი ახალი სტატიების ციკლს ჩაუსაფრდეთ და ზუსტად გაეცნოთ, რომელ მამაკაცთან ურთიერთობისას რას უნდა ელოდეთ მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
მაშ ასე, თუკი თქვენი ინტერესის ობიექტი ვერძია
უნდა იცოდეთ, რომ ამ კაცს გვერდით ისეთი ქალი სჭირდება, რომელიც ორ ძირითად კრიტერიუმს აკმაყოფილებს - აქვს სწრაფი ადაპტაციის ნიჭი და ნებისმიერ საქმეში 100% დახარჯვის უნარი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს შორის ერთს ან სულაც ვერც ერთს ვერ აკმაყოფილებთ, ვერძთან თქვენი რომანი (ერთობ მოკლევადიანი) კატის და აკვარიუმში გამომწყვდეული თევზის დიალოგს დაემსგავსება. ის ვერსოდეს გაიგებს რატომ ხართ თქვენ ასეთი მოსაწყენი, პრინციპში არც დროს დაკარგავს დიდად ამის გასარკვევად.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს მოსწონთ, როცა ვინმესთან პაექრობის საშუალება გააჩნიათ. მის გვერდით უნდა იყოს ქალი, რომელსაც გააჩნია გამჭრიახი გონება, კარგი იუმორის გრძნობა და უნარი პერიოდულად მას შეეწინააღმდეგოს კიდეც. ამასთან ერთად, პარტნიორი ქალი ვერძის იდეებსა და მიზნებსაც უნდა იზიარებდეს, მხარს უჭერდეს მის ნებისმიერ წამოწყებას და აქეზებდეს ამ უკანასკნელს ახალ-ახალ საგმირო საქმეებზე.
მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თქვენ გვერდით ფიცხი, თავქარიანი, მაგრამ ძალიან გულღია, კეთილი და მომენტებში აბსოლუტურად უეშმაკო მამაკაცი იქნება. ვერძი ჭკივიანია, მაგრამ ვერასოდეს იქნება ვირეშმაკა ან გაიძვერა. ამ ადამიანებს ყოველთვის გულწრფელობა ურჩევნიათ შემოვლითი გზით და მიკიბულ-მოკიბულ საუბარს.
ვერძისთვის აუცილებელია გამუდმებით გააჩნდეს რაიმე მიზანი, რომლისკენაც სწრაფვაში იგი მთელ თავის ენერგიასა და პოტენციალს ჩადებს. მეუღლე და პარტნიორი მას ამ მხრივ უნდა შთააგონებდეს, მხარს უჭერდეს და ამხნევებდეს. ხოლო თუკი თქვენ სიმშვიდის მოყვარულ, სკეპტიკოსთა (თუმც კი თქვენი აზრით საღად მოაზროვნე ადამიანების) რიცხვს განეკუთვნებით, ვერძი თქვენ გვერდით მალე საშინელ მოწყენილობას იგრძნობს, რაც მოკლე ხანში აგრესიაში გადაუვა. თუკი ამის შემდეგაც არ მოეშვებით მისთვის თითის ქნევას და ნიშნის მოგებით ჭკუის დარიგებას ფრაზებით "ხომ გაფრთხილებდი!", "ასეც ვიცოდი", "ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა, რომ ვამბობდი!", ვერძი უბრალოდ და მარტივად მიგატოვებთ, თანაც სასწრაფო წესით.