იდეალური წყვილი: ლეგენდარული რომეო და ჯულიეტა
როგორც ყველა ქალი, რომელიც მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტის გავლენით მოევლინა ქვეყანას (ამ შემთხვევაში საუბარია პლანეტა მარსზე), ქალი ვერძების უმეტესობასაც არცთუ იშვიათად ეპარება ეჭვი საკუთარ ქალურობასა და სინაზეში. მას ხომ უკვე ბაღიდან ნერვებს უშლიდა, ის ფაქტი რომ გოგონა, საცეკვაოდ აუცილებლად ბიჭმა უნდა გამოიწვიოს და მას არ შეუძლია თავისუფალი კუნტრუშით დაარტყას წრე დარბაზს, ისე როგორც მოეხასიათება. რა გასაკვირია, ისიც რომ მოგვიანებით, მამაკაცების უმრავლესობა, ვინც მისი სილამაზით მოიხიბლა (და ვერძებს ნამდვილად არაფერი აქვთ საწუწუნო ამ მხრივ), მიახლოვებისთანავე პანიკაში ჩავარდნილა, ამ ერთი შეხედვით სიფრიფანა და უმწეო არსებისგან რკინისებური ხასიათის გამომჟღავნების პრეცენდენტით და სასწრაფოდ გაქცევით უშველია თავისთვის. ქალი ვერძი, ზედმეტად პირდაპირი და ალალია საიმისოდ, რომ ქალურ ეშმაკობას მიმართოს და მამაკაცს თავი მოაჩვენოს მაინც, რომ ამ უკანასკნელის ხელშია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლება ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, მოიტოვებს რა უკან რამოდენიმე არშემდგარ „ლოვ-სთორის“, ვერძ-ქალს საბოლოოდ უმტკიცდება შეხედულება იმის შესახებ, რომ პირდაპირობა სასიყვარულო საქმეებში არცთუ საიმედო მოკავშირეა და ნელ-ნელა გულში, საკუთარი არაქალურობის და არამომხიბვლელობის მიმართ გაჩენილი ეჭვიც იკიდებს ფეხს, რაც თავის მხრივ არასრულფასოვნების კომპლექსს ბადებს მასში. აი სწორედ ამ დროს ჩნდება მის ცხოვრებაში კირჩხიბი მამაკაცი, რომელიც მას როგორც პრინცესას ისე ექცევა. ანებივრებს საჩუქრებით და ყურადღებით, მხიარულად იცინის მის ბავშვურ დაუდევრობებზე და მისთვის აფსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ ვინ აღებს პირველი კარს ან რომელი მათგანი ურეკავს დილით მოსაკითხად მეორეს. და ვერძი ქალიც ბოლოს და ბოლოს ბედნიერია! როგორც იქნა იპოვნა მამაკაცი, რომელთანაც შეუძლია მოიქცეს ისე როგორც მას მოესურვება და იგი არ ხედავს აუცილებლობას იმაში, რომ მან ნაირ-ნაირი ქალური ხრიკების ფლობა ისწავლოს. თუკი ამ ორის პირადი კოსმოგრამების მიხედვით, ჰარმონიული ასპექტები ფიქსირდება მათ მთავარ პლანეტებს შორის, შესაძლებელია ქალი ვერძი მართლაც დაიჯერებს იმას, რომ სინამდვილეში კაპასი ალქაჯი კი არა, ნაზი ფიფქიაა, როგორც ამას მისი კირჩხიბი უმტკიცებს (პრინციპში ამას ხომ თავადაც ყოველთვის ეჭვობდა?), თუმცა თუ მათ პირად რუკაში, დისჰარმონია შეინიშნება, ფიფქია მოკლე ხანში აღმოაჩენს რომ ტყეში მარტო ცხოვრობს, ერთ-ერთი მახინჯი გნომის ტოტალურ ტყვეობაში და კვლავინდებურად დაჟინებით ელის საოცნებო პრინცს. საქმე იმაშია, რომ ვერძიც და კირჩხიბიც, ორივე უზომოდ ეჭვიანი ნატურაა, თუმცა მათი ეჭვიანობა სხვადასხვა კუთხით და ფორმით ვლინდება. კირჩხიბს მოსწონს კიდეც, როცა საყვარელი ქალი მის მიმართ მძაფრ მესაკუთრულ გრძნობებს ამჟღავნებს, მაშინ როცა ვერძისთვის პარტნიორი კირჩხიბის მხრიდან გამოვლენილი იგივე ემოციები, ხშირად „ასფიქსიის“ შემთხვევასთან ასოცირდება და ადრე თუ გვიან, იგი აუცილებლად შეეცდება თავი დაიხსნას ამ მახრჩობელა კაცის გავლენისგან, თუნდაც ძალიან უყვარდეს იგი. მეორე და არცთუ უმნიშვნელო პრობლემა ამ წყვილის ცხოვრებაში ფული იქნება. მართალია ორივე მათგანს ძალიან უყვარს კუპიურების ტკაცუნი, თუმცა განსხვავება ვლინდება იმაშიც, რომ ვერძს მათი სასწრაფოდ დახარჯვის სურვილი აქვს ყოველთვის, კირჩხიბი კი სიამოვნებით გამოიყენებს ზემოთხსენებულ კუპიურებს თუნდაც შპალერის სახით, საძინებელ ოთახში, ოღონდ ვინმემ მისი დახარჯვა არ აიძულოს. აქედან გამომდინარე, ტიპიური ვერძი ვერასოდეს გაიგებს იმას, როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას, მაშინ როცა გამუდმებით წაგების მოლოდინშია და ნებისმიერ, უმცირეს ნაბიჯსაც კი ზომავს. ვერძი-კირჩხიბის წყვილის ერთი შეხედვით უღრუბლო ოჯახური ცხოვრების დაჩრდილვა, კირჩხიბისთვის დამახასიათებელ პესიმისტურ-დეპრესიულ შემოტევებსაც არანაკლები ინტენსივობით შეუძლია. ოპტიმისტი და ენერგიული ვერძი, ვერაფრით გაიგებს და რაც მთავარია არასოდეს შეეგუება, იმას რომ მეუღლე პერიოდულად უარს აცხადებს მასთან კონტაქტზე და ურჩევნია, დროის რაღაც მონაკვეთი მარტოობაში ან ჭიქა ვისკის გარემოცვაში გაატაროს. კიდევ ერთი საბაბი კირჩხიბ ქმართან კამათის დასაწყებად, ვერძი ქალისთვის კიბოსთვის დამახასიათებელი საიდუმლოებების სიყვარული იქნება. აქედან გამომდინარე, როცა კირჩხიბი პირქუშად დუმს და სამომავლო სვლებს გონებაში ჩუმად აანალიზებს, ცნობისმოყვარე და ფანტაზიორ ვერძს მისი ამ დუმილის მიზეზად, ღმერთმა უწყის რა სახის კოშმარები აღარ მოუვა თავში. მაგრამ ყველაზე უფრო დიდი დილემა ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაკომპლექტებული წყვილისთვის, მაინც ე.წ „დედამთილის პრობლემაა“ , ამიტომ თუ მეუღლის დედა ცოცხალია და მითუმეტეს ჯანზეა, კირჩხიბ ქმარს არაერთგზის მოუწევს ცოლსა და დედას შორის გამართულ საოჯახო დუელში ადიუტანტის როლის გათამაშება. თუმცა თუ ისევ და ისევ პლანეტარული კომბინაციების ჰარმონიულ განლაგებას მოვიშველიებთ, იმ შემთხვევაში თუ ვერძს და კირჩხიბს შორის, სინასტრიულად უმთავრესი ასპექტების დადებითი კონფიგურაცია შეინიშნება, დედამთილი მისაბაძ მაგალითად შეიძლება იქცეს, რომელსაც ნებისმიერი თავმოყვარე ვერძი ქალი, აუცილებლად გაეჯიბრება საიმისოდ, რომ მეუღლეს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს საკუთარი სიყვარული.