იდეალური წყვილი – მიშელ მონაგანი და პიტერ უაითი
მოდით, დასაწყისშივე შევთანხმდეთ, ვერძი ქალისა და მერწყული მამაკაცის დუეტს წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერია, თუკი ქალი ვერძი ერთ მარტივ ჭეშმარიტებას გააცნობიერებს. ანუ იმას, რომ მამაკაცი მერწყული ყველაზე მეტ სისულელეს სწორედ მაშინ სჩადის როცა სევდიანია. ხოლო თუკი იგი თავს ბედნიერად გრძნობს, პირიქით სიტყვაძუნწი და ჩაფიქრებული სახით ივლის მთელი დღეების მანძილზე. აქედან გამომდინარე, ყურებამდე შეყვარებულიც რომ იყოს, იგი ყოველთვის შეეცდება დაარწმუნოს საკუთარი თავიც და ქალი ვერძიც, რომ გვიან არ არის მათი ურთიერთობა, ისევ მეგობრულ ჩარჩოებს დაუბრუნდეს. რა საჭიროა საერთოდ ეს სიყვარული? ის ხომ ხელ-ფეხს უკრავს ადამიანს? მერწყულს კი ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისუფლების დაკარგვის ეშინია. ამიტომ, თუკი ვერძი ქალი, საბოლოოდ გაიგებს მისი საყვარელი მერწყულის მიერ წამოწყებული ორმაგი თამაშის რეალურ სცენარს, მას აღარ მოუწევს სიბრაზისგან გააფთრებამდე მისვლა, როცა სინამდვილეში მასზე შეყვარებული მერწყული, ყველა შესაძლო თუ არაშესაძლო გზებით შეეცდება მისთვის იმის დამტკიცებას რომ "ეს ის არ არის რაც მას ჰგონია".
მართალია, ვერძს უყვარს თამაში, მაგრამ მხოლოდ ისეთი სახეობის, რომელშიც თავად იქნება გამარჯვებული. მაგრამ სიუჟეტის ასეთი განვითარება, ნაკლებად აძლევს ხელს მერწყულს, ამიტომ ამ ორს შორის ცივი ომი, ზოგჯერ საკმაოდ ხანგრძლივ სახესაც კი იღებს. სწორედ მერწყულია ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთი შეხედვით ძლიერი და მამაცი ვერძი ქალი ცრემლებამდე მიიყვანოს თავისი გულგრილი დამოკიდებულებით. შემდეგ კი ნიშნის მოგებით უთხრას: "ძალიან მაფიქრებს შენი ასეთი ემოციურობა, განა შენ არ იყავი წინა კვირას რომ თანასწორუფლებიან კავშირზე საუბრობდი ცოლ-ქმარს შორის და გენდერული თანასწორობის პრინციპებს იცავდი, დღეს რამ აგაღელვა ასე? თანასწორობა გინდა? კი ბატონო, თავად შეაკეთე გაფუჭებული ონკანი, გადაადგილე ავეჯი, გამოცვალე საბურავი... შენ ხომ ყოჩაღი ქალი ხარ?"
ზემოთ თქმული მონოლოგის შემდეგ, გასაკვირი არ არის თუ ურთიერთობის საწყის ეტაპზე მაინც, ვერძი ქალი მერწყულ მამაკაცს სადისტს, მაზოხისტს, შიზოფრენიკს და სულით დაავადებულს უწოდებს (ვერძები ხომ, როგორც წესი, ვერასოდეს არჩევენ ნახევარტონებს – მისთვის ცუდი ბოლომდე ცუდია, ყოველგვარი პოზიტივის გარეშე). თუმცა, რეალურად რომ განვიხილოთ სიტუაცია, ეს მამაკაცი სულაც არ არის მონსტრი, მით უმეტეს ბოროტი მონსტრი. პირიქით, მერწყულების უმეტესობა უჩვეულოდ ჰუმანური და კეთილია ყველას მიმართ. თუმცა მისი სიკეთე მთელ კაცობრიობას ეკუთვნის და არა კონკრეტულ ინდივიდებს. მაშინ როცა ვერძი მკაფიოდ მიჯნავს, "კარგებს" და "ცუდებს", მერწყულისთვის ყველა ადამიანი ერთნაირად საინტერესოა. მას რა თქმა უნდა შეუძლია იყოს მოსიყვარულეც, მზუნველიც, თბილიც და ემოციურიც, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თავად აწყობს ეს. თუმცა ვერძი ქალის თვალში, მისი "ყინულის ნიღაბი" ყოველთვის იარსებებს, რაც არ უნდა დაახლოვდეს ეს ორი. სამწუხაროდ, ჰაერი ვერასოდეს გაათბობს ცეცხლს საკმარისად.
შესაძლოა, პრობლემების წყაროდ მერწყულის მრავალრიცხოვანი სამეგობროც იქცეს. თქმა არ უნდა, ქალი ვერძი რომელიც ბუნებით ძალიან ეჭვიანია, ვერასოდეს გაიგებს და მით უმეტეს, ვერ შეეგუება იმ ფაქტს, რომ მერწყულს მეგობრებთან დროის გატარება ურჩევნია, მასთან ერთად სადმე მყუდრო კაფეში განმარტოებას. არადა, მერწყულისთვის ამგვარი ბანალური რომანტიკა ზოგჯერ სულის ხუთვას ჰგავს და უბრალოდ მოსაწყენია. თუმცა პერიოდულად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული კაცებისთვის დამახასიათებელი ურანული სიცივე და არაპროგნოზირებადობა, ვერძ ქალში მარსიანულ ბრძოლის ჟინსა და ცეცხლსაც გააღვიძებს, შესაბამისად მას დაუცხრომელი სურვილი გაუჩნდება ბოლოს და ბოლოს ხელში ჩაიგდოს ეს ამოუცნობი კაცი. თუმცა ვერძს, როგორც კარდინალური ნიშნის წარმომადგენელს, სიტუაციის მართვა და მბრძანებლობა უყვარს, მერწყული კი ნაკლებად დაემორჩილება ვინმეს ბრძანებას. ამასთან ერთად, ორივე მათგანს მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტა მართავს. შესაბამისად, როცა მარსის ცეცხლი გაღვივდება, ურანი მეტი სიმძაფრისთვის ნავთს გადაასახამს ზედ. საბოლოო ჯამში კი რაიმე ატომური აფეთქების მსგავს სიტუაციას მივიღებთ. რომელიც არამარტო ამ ორს, მათ ახლობელ-მეგობრებსაც შეაწუხებს და წალეკავს ხმაურით. თუმცა, თუკი ვერძი შეეცდება, მეტი გაგებით მოეკიდოს მერწყულისთვის ესოდენ აუცილებელ თავისუფლების მოთხოვნილებას, მასთან ურთიერთობის ქვაკუთხედად მეგობრობას აიღებს და ამ უცნაურ კაცში, პირველ რიგში ინტელექტუალურ თანამოაზრეს და მოკავშირეს დაინახავს, მაშინ მერწყულიც შეძლებს თავის მხრივ, ვერძის მებრძოლი სულის და ნოვატორული იდეების დაფასებას და მხარდაჭერას.
ამ ორს შორის შესაძლებელია, არაჩვეულებრივი სამსახურეობრივი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს; რაც მათ ყველაზე უმტკივნეულოდ მიიყვანს ქორწინებამდე. მერწყულისთვის ხომ იდეალური ქალი მეგობარი, თანამოაზრე და საქმიანი თანაშემწეც უნდა იყოს. ვერძზე უკეთესს კი ამ შემთხვევაში იგი ნაკლებად იპოვნის. გარდა ამისა, ვერძი-მერწყულის დუეტს ძალა შესწევს ყველაზე კრეატიული, ერთი შეხედვით უტოპიური და არარეალური პროექტებიც კი მოიყვანოს მოქმედებაში. როცა მარსისა და ურანის ძალები ერთიანდება, იქ ნებისმეირი სახის სასწაულს უნდა ველოდოთ. ჰოდა, იქნებ ღირს ეს ურთიერთობა ორმხრივ კომპრომისად, მით უმეტეს, რომ ასტროლოგთა აზრით, ვერძისა და მერწყულის წყვილს, როგორც წესი, უზომოდ ნიჭიერი, ლამაზი და გონიერი შთამომავლობის დატოვება შეუძლია ამ ქვეყანაზე. მათში ხომ ურანის კოსმოპოლიტური აზროვნება და მარსის სიცოცხლისუნარიანობაა გაერთიანებული.