იდეალური წყვილი: სერჟ გინსბურგი და ჯეინ ბირკინი
ქალი მშვილდოსანი, რომელსაც ვერძი მამაკაცის მიმართ გრძნობა უჩნდება, ალბათ ყველაზე პოზიტიური და ბუნებრივი მოვლენაა ასტროლოგიური თავსებადობის კუთხით. იგი გაცნობის წუთიდანვე მოიხიბლება, ვერძის სიმამაცითა და პირდაპირობით. თუმცა, რაღაც პერიოდის შემდეგ, როცა აღმოაჩენს რომ მას ხანდახან დიქტატორული გამოხდომებისკენაც აქვს მიდრეკილება, მისი ამორძალური რეაქცია მყისიერი და მძაფრი იქნება. მაგრამ უფრო ახლო ურთიერთობისას, იგი იმასაც გაითავისებს, რომ ეს მამაკაცი, მიუხედავად გარეგნული უხეშობისა, შინაგანად ძალიან რომანტიული და ბავშვურად მეამიტია.
მშვილდოსან ქალს კი ამქვეყნად ყველაზე მეტად ესაჭიროება კაცი, რომელიც ვაჟკაცურობასთან ერთად, რბილი და რომანტიკისკენ მიდრეკილი იქნება. მხოლოდ ასეთ სიყვარულს შეუძლია ის, რომ მისი თანდაყოლილი ცინიზმი როგორმე გაანეიტრალოს. მშვილდოსნები ხომ საკუთარ რეალურ სახეს ყოველთვის მასხარას ნიღაბს უკან მალავენ. ეს ნიღაბი კი ხანდახან ზედმეტად ორგანული ხდება მათთვის და მხოლოდ ნამდვილ გრძნობას შეუძლია, ქალი მშვილდოსნის "მასხარას სინდრომისგან" სამუდამო განკურნება.
როგორც წესი, მამაკაცი ვერძები (თუ პირად რუკაში მთვარე წყლის სტიქიაში არ აქვთ განლაგებული), ადამიანებში საკმაოდ ცუდად ერკვევიან. ამიტომ, ძალზე ხშირად, ისინი მხოლოდ გარეგნული მახასიათებლებით აკეთებენ დასკვნას ამა თუ იმ პერსონის შესახებ. შესაბამისად, მათთვის შესაძლოა ძნელი ამოსაცნობი იყოს თავდაპირველ ეტაპზე ქალი მშვილდოსნის რეალური ზრახვები, რომელიც ცინიკოსის ნიღბის უკან, გულმოდგინედ დამალავს მის მიმართ გაჩენილ საკუთარ სიმპათიას. გულის სიღრმეში, ნებისმიერი მშვილდოსანი ქალი ოცნებობს მამაკაცზე, რომელიც თავისი სიალალითა და გულწრფელობით შესძლებს აიძულოს იგი ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ზემოთ ხსენებული ცინიკოსის ნიღაბი. მაგრამ მამაკაც ვერძს, საამისოდ მის სახეზე მასხარას გრიმასის განსაკუთრებული სიფრთხილით მოცილება დასჭირდება. საბოლოოდ კი საკმარისად მტკიცე ტონი, იმის შესატყობინებლად რომ ეს უნიჭო კომედია მის ცხოვრებაში, ბოლოს და ბოლოს უნდა დამთავრდეს. თუმცა, მშვილდოსანი ყველაფერ ამას მძაფრი პროტესტის გრძნობით შეხვდება, ჯერ ერთი იმიტომ რომ მას მსახიობობა სისხლში აქვს გამჯდარი, მეორეც იმიტომ რომ, კონკიას მსგავსად, მის გულშიც სახლობს საბედისწერო საათის მოახლოების აუხსნელი შიში, რომელიც მას აიძულებს თავიდან ბოლომდე ტრანსფორმირდეს და დაუმორჩილებელი, მოუქნელი თხუპნიას ადგილი, მომხიბვლელ და გაწონასწორებულ ლედის დაუთმოს.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მშვილდოსანი მამაკაცური ნიშანია. აქედან გამომდინარე, ქალები რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით ევლინებიან ქვეყანას, როგორც ვიზუალურად ისე ემოციურად ძნელად დასამორჩილებელ, ველურ მუსტანგებს ჰგვანან. თუმცა, ადრე თუ გვიან, მას აუცილებლად აერევა ნაბიჯი უმისამართო ჯირითისას. სწორედ ამ დროს უნდა იყოს მის გვერდით ვერძი მამაკაცი საიმისოდ რომ მას წამოდგომაში დაეხმაროს და დაანახვოს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, იგი ნაზი და სათუთი ქალია, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ცხოვრების გზაზე ძლიერი მხარი დასაყრდენად.
ურთიერთობის საწყის ეტაპზე, ვერძს არაერთგზის ელის მარსიანული ცეცხლის ფრქვევა ქალი მშვილდოსნის პირდაპირობის გამო, მისი პერსონის მიმართ გამოთქმული შენიშვნებისთვის. მისი მრისხანება უზომო იქნება მაშინაც, როცა ეს თავნება ქალი შეეცდება საზოგადოების წინაშე, შეულამაზებლად გამოფინოს მისი ნაკლოვანებები და საყოველთაო ხითხითის საგნად აქციოს მისი აქამდე, დიდად პატივცემული პიროვნება. ამასთან ერთად, მესაკუთრული თვისებებით გამორჩეულ ვერძ კაცს არაერთგზის მოუწევს ეჭვიანობის მძაფრი ისრების გადატანა, ქალი მშვილდოსნების უმრავლესობა ხომ აღმერთებს საპირისპირო სქესთან მეგობრულ ურთიერთობას. შესაბამისად, საძმაკაცოს სიმცირეს არც ერთი მათგანი არ უჩივის. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, ისიც რომ თავად მშვილდოსანიც არანაკლებადაა მიდრეკილი ეჭვიანობისკენ, მით უმეტეს თუ მას საამისოდ საბაბს აძლევს ვერძი მამაკაცი, საკუთარი კომუნიკაბელურობით სუსტი სქესის მიმართ. თუმცა, ვერძი, რომელსაც მართლა უყვარს მშვილდოსანი ქალი, უმალ მამაკაცების გარემოცვას არჩევს სამეგობროდ ვიდრე ამ ქალს ისრების ლესვას დააწყებინებს. მერედა, როგორ ზუსტად მიზანში ხვდება ხოლმე მისი ნასროლი!
თუმცა, იმედი იმისა, რომ ცეცხლის სტიქიის ორ წარმომადგენელს შორის რომანი უხმაუროდ და სტაბილურად ჩაივლის, ილუზიაა. ამიტომ მშვილდოსანი-ვერძის წყვილი არაერთგზის შეაწუხებს მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს და უბრალოდ ქუჩაში გამვლელებსაც კი ურთიერთობის ხმაურიანი გარჩევის სცენით. პრობლემა ხან ვერძის ბრმა ეჭვიანობა იქნება, ხანაც – მშვილდოსნის მრისხანება მისი დაუკვირვებელი საქციელის გამო. მშვილდოსანი ორმაგი ნიშანია და ზოგადად, ამ ნიშნით დაბადებული ქალები ისევე როგორც თევზები და ტყუპი, გაცილებით ხშირად ეხვევიან ქორწინებისგარეთ გაჩაღებულ სასიყვარულო ავანტურებში; მაგრამ წინა ორისგან განსხვავებით, მშვილდოსანი გასაოცარი სიალალით გამოირჩევა. ხოლო თუ გარემოებამ აიძულა კიდეც, რომ ვინმესთან მსუბუქად ეფლირტავა, იგი ამას ვერძთან ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღიარებს კიდეც და მზად იქნება, შედეგად შუბლზე გაჩენილი კოპების მოსაშუშებლად ან ცოცხით და აქანდაზით ხელში, დამსხვრეული ჭურჭლის მოსაგველად. თუმცა მშვილდოსანი, რომელსაც ბრმად არ ადანაშაულებენ ღალატში, იშვიათად მიდის მსგავს საქციელზე რეალურად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას სხვა მამაკაცის მიმართ სიმპათია გაუჩნდა, ზურგს უკან რომანს არასოდეს გააჩაღებს ყოფილის გასაღიზიანებლად. ამ მხრივ ერთადერთ გამონაკლისს ის მშვილდოსნები წარმოადგენენ, რომელთაც მთვარე ან ასცედენტი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში უზით.
თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს ორი ურთიერთობაში კომპრომისის აუცილებლობას გაითავისებს, მათი კავშირი შეიძლება ერთ-ერთ იდეალურ კავშირად იქცეს, როგორც გონებრივი, ისე ემოციური და სექსუალური თავსებადობის კუთხით. მათი ოჯახური ცხოვრება სავსე იქნება თავგადასავლებით, რომანტიკული მოგზაურობებით, ერთმანეთისთვის გაკეთებული მოულოდნელი სიურპრიზებითა და სისხლსავსე ცხოვრების რიტმით.
ცეცხლის სტიქიის ეს ორი წარმომადგენელი, გასაოცარი გულუხვობით გამოირჩევა ფინანსური საკითხების მიმართ. მათ შორის გამორიცხულია ყველაზე პრობლემატური თემა – კამათი ფინანსური საკითხების გამო, რომლის გამოც ძირითადად ინგრევა კიდეც ოჯახები. შესაბამისად, ისინი ყოველთვის შეძლებენ მხარი დაუჭირონ ერთმანეთს, როცა რომელიმე მათგანს კრიზისული სიტუაცია უდგას ამ მხრივ. ეს კი დამეთანხმებით ერთ-ერთი ყველაზე მყარი არგუმენტია საიმისოდ, რომ ამ ორის კავშირი იდეალურად ან იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულად მივიჩნიოთ!