ავტორი:

აპრილის მნიშვნელოვანი მოვლენები: მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ურთიერთობებს, რეპუტაციას!

აპრილის მნიშვნელოვანი მოვლენები: მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ურთიერთობებს, რეპუტაციას!

აპრილი საინტერესო მოვლენებითაა დატვირთული. ასტროლოგიური მოვლენები ყველასთვის საერთოა, მაგრამ ზოგზე მეტად იმოქმედებს, ზოგზე - ნაკლებად. აპრილში ყველა პლანეტა თხის რქის ზოდიაქოდან კუროს ზოდიაქოშია განლაგებული, ერთმანეთთან დადებითი ასპექტები აქვთ. თვის დასაწყისი მშვიდი და პოზიტიური იქნება, ამ პერიოდში კარგია ახალი საქმეების დაწყება. თვის მეორე ნახევრიდან აპრილის ბოლომდე იმატებს დაძაბულობები პლანეტებს შორის, რაც ადამიანებზეც იქონიებს გავლენას. თუმცა, მივყვეთ მოვლენებს თანამიმდევრობით:

აპრილი ახალმთვარეობით იწყება ვერძის ზოდიაქოში. ამ მოვლენაზე ვრცელი ასტროლოგიურ სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ორი სიტყვით გეტყვით, რომ კარგი ახალმთვარეობა გველოდება ახალი საქმეების დასაწყებად, კონტაქტებისთვის, საყიდლებისთვის და გააქტიურდით. მეორე დღეს მზე უერთდება ქირონს (ოქროს გასაღები) და საშუალება მოგვეცემა გავიუმჯობესოთ მდგომარეობა, გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, ვიპოვოთ უკეთესი შესაძლებლობები, დავისახოთ განვითარების, წინსვლის ახალი გზები.

5 აპრილს ვენერა - სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა ნიშანს იცვლის, მერწყულიდან თევზების ზოდიაქოში გადადის. მანამდე ორი დღე ემოციურად არასტაბილური დღეებია და ეცადეთ, გაფრთხილდეთ. ვენერა თევზებში არის რომანტიკული, ჰარმონიული. გაუმჯობესდება დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორებს შორის. კარგი პერიოდი ეწყებათ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, შემოქმედ ადამიანებს. პირველ-3 აპრილს ვენერა მკაცრ სატურნს უერთდება და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ურთიერთობაში მოიმატებს სიცივე. დაძაბულობა. პარტნიორისგან ნუ ელოდებით გრძნობების თავისუფლად გამოხატვას. 5-დან კი რომანტიკული ურთიერთობები დათბება და დატკბება. არ დაძაბოთ პარტნიორული დამოკიდებულება 15-16-ში, სავსემთვარეობის დღეებში (სავსემთვარეობა გველოდება ვერძში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ვრცელ სტატიას და პროგნოზს მოგიმზადებთ). 27 აპრილს ვენერა შეუერთდება ნეპტუნს, ხოლო 30-ში - იუპიტერს. ნეპტუნთან შეერთებამ შეიძლება მოგიტანოთ რომანიკული ნაცნობობა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. ამასთან, თუ რუკაში ცუდი ასპექტები გაქვთ, გაფრთხილდით, რომ არ გახდეთ სასიყვარულო აფერისტების მსხვერპლი. ვენერა-იუპიტერის შეერთების დროს - ერთიანდება მცირე ბედნიერების პლანეტა - ვენერა და დიდი ბედნიერების - იუპიტერი. შეიძლება მიიღოთ ძვირფასი საჩუქრები, მატერიალური ჯილდო, მოიმატებს რომანტიკული ნაცნობობა. ეს საუკეთესო ასპექტია და ეცადეთ, მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენოთ.

5 აპრილს მარსი და სატურნი ერთდებიან. მოგინდებათ სერიოზული საქმეების კეთება. ნუ იქნებით აგრესიული გარშემო მყოფების მიმართ. მიმართეთ თქვენი ენერგია რთული, საფუძვლიანი საქმეებისადმი: მაგალითად, მშენებლობა, რემონტი. გამორიცხული არაა, ზოგიერთი აპათიამ შეიპყროს და საერთოდ არ მოგინდეთ არაფრის კეთება - გაიყინოს ქმედება. გირჩევთ მოერიდოთ დეპრესიულობას, აგრესიულობას. 15 აპრილს მარსი თევზებს ესტუმრება და ცოტა შეარბილებს ქმედებებს. მეტად ორიენტირებული გახდება ჰარმონიულობაზე, შემოქმედებაზე, ხელოვნებაზე, მარსს თევზებში მკვეთრი ქმედებები არ უყვარს. დაფიქრდით, რისი გაკეთება გსურთ, რა უნდა მოიმოქმედოთ, როცა მარსი ვერძში გადავა და მოძლიერდება.

27 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით მერკური (კონტაქტებისა და კომუნიკაციების პლანეტა) ვერძშია. საუკეთესო პერიოდია გეგმების საქმედ გადასაქცევად. 11-ში მერკური კუროში გადავა და მეტად გასერიოზულდება, წონა მიეცემა თქვენს საქმეებსაც, სიტყვასაც. მოგინდებათ არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. 30 აპრილს მერკური თავის ნიშანში - ტყუპში გადავა და მოიმატებს კომუნიკაციები, გადაადგილება, სხვადასხვა სასწავლო კურსებზე დასწრების სწრაფვა. გახშირდება ადამიანების გაცნობის, საუბრების სურვილი. 18 აპრილს მერკური (გონება, კომუნიკაციები) ურანს (ინოვაციები, ამბოხება) უერთდება. 15-21 აპრილი საუკეთესო დროა სწავლისთვის, დაგებადებათ ახალი იდეები, მარტივად მოაგვარებთ რთულ საკითხებსაც კი. შეიძლება შეგეცვალოთ გეგმები, მოულოდნელად გაემგზავროთ მივლინებაში. ამასთან, კონკრეტულ რუკაში რთული ასპექტების გავლენით, შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს ტექნიკა, გაჯეტები. 24 აპრილს მერკური უპირისპირდება სატურნს. ნუ გაგიკვირებათ, თუ გაცივდება ურთიერთობები, ცოტა პესიმიზმი შეგიპყრობთ. მშვიდად გაატარეთ ეს დრო; ნუ განაწყენდებით, თუ პირველივე ჯერზე არ გამოგივათ ან ვერ ისწავლით რამეს. მოუფრთხილდით კბილებს, ხერხემალს. 26 აპრილიდან მერკური იწყებს რეტროგრადული სვლისთვის მზადებას და გადახედეთ, გადააფასეთ იდეები, საქმეები. ამ დროს დაწყებული მოლაპარაკებები, პროექტები შეიძლება შეგეცვალოთ. დაასრულოთ და მერე ისევ მიუბრინდეთ. ამიტომ, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ დაიწყებთ სერიოზულ საქმეებს.

12 აპრილი - იუპიტერი და ნეპტუნი ხვდებიან ერთმანეთს თევზების ზოდიაქოში. ასპექტის გავლენას ვიგრძნობთ 7-17 აპრილის შუალედში. ეს არის ჯადოსნური პერიოდი. გაგიმართლებთ, იპოვით მარტივ გამოსავალს, გამოგიჩნდებიან გავლენიანი მფარველები. საუკეთესო პერიოდია ქველმოქმედებისთვის, სულიერების გამოსავლენად. მოგინდებათ წმინდა ადგილების მონახულება; უცხო კულტურის შესწავლა. დაუთმეთ დრო ხელოვნებას, განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. პოპულარობა და წარმატება ელით ხელოვან ადამიანებს. ამასთან, არ გირჩევთ ალკოჰოლური და სხვა მათრობელა საშუალებების მიღებას.

13 აპრილიდან პლუტონის გავლენით მოიმატებს დაძაბულობა. მოგინდებათ ტრანსფორმაცია, ძირეული ცვლილებები. გირჩევთ მოზღვავებული ენერგია კეთილი საქმეების შესრულებას დაუთმოთ. დაკავდით სპორტით, ფიზიკური შრომით. კარგ შედეგს მოგიტანთ აღმოსავლური პრაქტიკები (ციგუნი, თაი ძი). გახსოვდეთ, რომ მზესთან დაპირისპირების დროს (10 აპრილიდან თვის ბოლომდე; განსაკუთრებით 15-16-ში - სავსემთვარეობისას და 27-30-ში - მზის დაბნელებისას) პლუტონმა იცის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება. მოუფრთხილდით გულს, თირკმელებს, ფარისებრ ჯირკვალს, კანს, ხერხემალს; აკონტროლეთ წნევა. მოსაფრთხილებელია ქრონიკული დაავადებებიც. გარშემო მყოფებს მოუნდებათ უფროსობა, მბრძანებლობა. ნუ იქნებით აგრესიულად განწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. მოუფრთხილდით რეპუტაციას. 29 აპრილიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პლუტონი რეტროგრადული იქნება. მოხდება ღირებულებების, საკუთარი ქცევის შეფასება-გადაფასება. დაინტერესდებით ოკულტური და ეზოტერიკული საკითხებით. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენას; დაპირისპირებას სამართალდამცველებთან.

14 აპრილს ლილიტი (ცდუნებები, კომპლექსები) იცვლის ნიშანს და ტყუპიდან კირჩხიბში გადაბრძანდება, სადაც გაჩერდება 2023 წლის 8 იანვრამდე. უახლოეს მომავალში ლილიტის გავლენაზე თითოეულ ასტროლოგიურ ნიშანზე ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ. მანამდე კი მოკლედ გეტყვით, რომ მოერიდოთ დაპირისპირებას, უსიამოვნებას ნათესავებთან. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება მოინდომოს მშობლიური ადგილების (მშობლების ოჯახის) მიტოვება, ემიგრაციაში წასვლა.

20 აპრილს მზე კუროს ესტუმრება, ყველაზე სტაბილურ, კონსერვატიულ, შემოქმედ და მშვიდ ნიშანს. 20-მდე მზე მებრძოლ ვერძშია და გვსურს საკუთარი აზრის დამტკიცება, სხვებთან გაჯიბრება, პირველობა და ლიდერობა, "რქებით ვაწვებით". მზის კუროში გადასვლის შემდეგ დაისახეთ კონკრეტული მიზნები. კარგი იქნება ბინაში რემონტის გაკეთება, ფართის მოლამაზება, ავეჯის გადაადგილება, მეტი კომფორტის შექმნა. ამასთან ამ დღიდან ურანის გავლენით ინოვაციები, სიახლეები მოგინდებათ. შეიძლება ტრადიციულ, კონსერვატიულ ურთიერთობებშიც შეიტანოთ ორიგინალური სიახლეები. კლასიკურად მოწყობილი ბინა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვოთ. ამასთან, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოავლინოთ გადაადილებისას (ნებისმიერი ტრანსპორტით), ლაპარაკისას, ქმედებისას. გამორიცხეთ ყველანაირი ექსტრიმი. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ადამიანები შეიძლება წვრილმანების გამო "აფეთქდნენ" და გამოუსწორებელი შეცდომები ჩაიდინონ. ეცადეთ, დაძაბულობა მშვიდი საქმეებით, წყალთან კონტაქტით, არტთერაპიით მოიხსნათ.

30 აპრილი - ამ დღეს გველოდება ახალმთვარეობა კუროში და მზის დაბნელება. ნუ შეშინდებით ამ დღის. პირიქით, ეცადეთ, სასიკეთოდ გამოიყენოთ მისი ენერგია და გაფრთხილდეთ, სადაც საჭიროა. 3 დღით ადრე დააკვირდით საკუთარ თავს, მდგომარეობას, ფიზიკურ მდგომარეობასაც. მზე პლუტონს უერთდება, კოსმოსიდან მოდის უდიდესი ენერგია და სასურველია, ის კეთილი საქმეების შესრულებაზე დახარჯოთ, ენერგია დახარჯეთ სპორტზე, ცეკვაზე. იყავით აქტიური, თუმცა, გულხელდაკრეფილი ისედაც ვერ გაჩერდებით. ამასთან, მოერიდეთ ემოციურობას, აგრესიულობას, ნუ იბატონებთ სხვებზე.

აპრილი საყიდლებისთვის კარგი თვეა, უბრალოდ, 15-16 აპრილი არ გამოდგება. თუ კომპიუტერული აპარატურის ყიდვა აპირებთ, კარგი დღეებია 17-21 აპრილის პერიოდი, როცა მერკური ურანს შეურთდება. 15-30 აპრილს მაქსიმალური დაკვირვებით მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. დაბოლოს, 10 აპრილიდან თვის ბოლომდე და განსაკუთრებით დაბნელებების დღეებში სიფრთხილე გმართებთ საჭესთან, მგზავრობისას.

ბედნიერ აპრილს გისურვებთ!