5 თებერვალს, 22:29-ზე სავსემთვარეობას ველოდებით ლომის მე-17 გრადუსში. როგორც უკვე იცით, სავსემთვარეობა არის მზისა და მთვარის ოპოზიცია. სავსემთვარეობაზე მზე მერწყულში, მთვარე - ლომში. სავსემთვარეობა ემოციური დღეა და ამ პერიოდში მოულოდნელობებისა და ამბოხების პლანეტა ურანიც ცუდად უპირისპირდება მნათობებს.
მზე ახლა მერწყულშია (19 თებერვლამდე), მერწყულებო, გილოცავთ, თქვენი დრო მოვიდა, უნდა გააქტიურდეთ, რომ განახორციელოთ ახალი იდეები, მიზნები.
ლომში სავსემთვარეობა მოგვიწოდებს, მეტი დრო დავუთმოთ შემოქმედებას, გამოვავლინოთ ნიჭი და ტალანტი. ვიზრუნოთ შვილებზე და დავეხმაროთ მათ ინდივიდუალურობის გამოხატვაში. იყავით მეტად მოსიყვარულე საყვარელი ადამიანის მიმართ. გაანებივრეთ სიურპრიზებით, საჩუქრებით. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანებს ოჯახის წევრებს ან შვილებს დღესასწაული.
სავსემთვარეობაზე ეცადეთ არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, საყიდლები, არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მაქსიმალურად ეცადეთ, ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. კარგი იქნება, თუ უარს იტყვით ალკოჰოლის მიღებაზე, კუჭს არ გადატვირთავთ. ადამიანებს მოუნდებათ მეტად ორიგინალურობა, თავისუფლება. ყველაფრის დაუყოვნებლივ მოთხოვნა და შესრულება. ვერ შეეგუებიან აკრძალვებს, შეზღუდვებს, მოუნდებათ ყველაფრის წინააღმდეგ გალაშქრება. მოიმატებს სპონტანურობა და მოულოდნელობები. გახშირდება განწყობის ხშირი ცვალებადობა. სიფრთხილე გმართებთ ბავშვებთან ურთიერთობის დროსაც. ამ დღეებში მათშიც იმატებს ემოციურობა, ჭირვეულობა და გაგებით მოეკიდეთ.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ სავსემთვარეობაზე ემოციურობა პიკზეა და აკონტროლეთ საკუთარი თავი, ხოლო თუ ხვდებით, რომ გარშემო მყოფები ბობოქრობენ, მშვიდად გაეცალეთ. ეცადეთ ბალანსი დაიცვათ საკუთარ თავსა და გარემოცვას, ინდივიდუალურობას და უნიკალურობას, ლიდერობასა და ჯგუფში მუშაობას, ეგოიზმსა და ალტრუიზმს შორის.
სავსემთვარეობაზე გარდა მთავარი მნათობების დაძაბული ასპექტისა, ერთმანეთს ეჯახებიან გენდერული პლანეტებიც - მარსი და ვენერა. ამიტომ, მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას. არ გირჩევთ ურთიერთობების გარკვევას, კამათს და მით უმეტეს ემოციებს აყოლილმა არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. გირჩევთ, მეტად მოუფრთხილდეთ ადამიანის გრძნობებს. სამაგიეროდ, საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ამასთან, მოგეცემათ საშუალება, რომ მიაგნოთ იმ მეთოდს ან საშუალებას, რაც გაგიადვილებთ საქმეს. გამოგიჩნდებათ შანსი, რომ გააღოთ ის კარი, რომელიც აქამდე თქვენთვის დახურული იყო.
სავსემთვარეობაზე კარგი ამბებიც ხდება. გამონახეთ დრო ჰობისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. კარგი იქნება საკუთარი ემოციების ფურცელზე გადატანა ჩანახატის, ლექსის სახით. წაიკითხეთ ზღაპრები ან უყურეთ ჯადოსნურ ფილმებს. თუ ბავშვები გყავთ, მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, დახატეთ, გამოძერწეთ, მოამზადეთ გემრიელობა.
ვისზე იმოქმედებს სავსემთვარეობა ყველაზე მეტად? რა თქმა უნდა ცეცხლის ნიშნებზე: ლომებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც დაიბადეთ 6-12 აგვისტოს შუალედში. აგრეთვე, ვერძებზე (4-10 აპრილის შუალედში დაბადებულებზე), მშვილდოსნებზე (6-12 დეკემბერს დაბადებულებზე). თქვენ საკმაოდ ენერგია და ძალა გაქვთ, რომ გააქტიურდეთ დაწყებული საქმეების დასასრულებლად და მიიღოთ საუკეთესო შედეგი. უბრალოდ, საკუთარი ამბიციების გამო სხვები არ დააზარალოთ.
მერწყულები (და განსაკუთრებით 3-9 თებერვალს დაბადებულები), კურო (4-10 მაისს დაბადებულები) და მორიელი ( 6-12 ნოემბერს დაბადებულები) ცოტა მეტად ფრთხილად უნდა იყოთ საქმიანობის დროსაც და გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დროსაც. არ გირჩევთ ემოციურ აფეთქებებს და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას.
ჩაიხედეთ პირად ასტროლოგიურ რუკაში და ნახეთ ვერძის, ლომის, მშვილდოსნის, კუროს, მორიელის ან მერწყულის ნიშნებში, 14-20 გრადუსში თუ ხვდება პლანეტები ან მნიშვნელოვანი წერტილები. იყავით ფრთხილად სავსემთვარეობაზეც და მომდევნო ორი კვირის განმავლობაშიც. არ გირჩევთ გადაღლას, ემოციურობას, დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. არ გაირისკოთ, მოერიდეთ ხალხის მასებს. დააკვირდით ვინ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რასთან მოგიწვთ შეხება.
ბედნიერ სავსემთვარეობას გისურვებთ!