ავტორი:

ვენერა თევზებში: ვის ელოდება რომანტიკული შეხვედრები, შემოსავალის ახალი წყარო და საჩუქრები; პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვენერა თევზებში: ვის ელოდება რომანტიკული შეხვედრები, შემოსავალის ახალი წყარო და საჩუქრები; პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

5 აპრილიდან სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა, მას მცირე ბედნიერების პლანეტასაც ეძახიან, თევზების ზოდიაქოში გადავიდა, სადაც თავს კარგად გრძნობს, თევზებში თავის თავს, შესაძლებლობებს სრულყოფილად ავლენს. ამიტომ, ვენერას თევზებში ყოფნისას 5 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, გაგვიუმჯობესდება რომანტიკული ცხოვრება, მატერიალური მდგომარეობა; შევძლებთ ჩვენი შემოქმედებითი იდეების განხორციელებას; მეტად ჩავერთვებით კულტურულ ცხოვრებაში; გავხდებით ჰარმონიულები. გახშირდება საჩუქრების მიღება-გაცემა. გაუმართლებთ შემოქმედ ადამიანებს, ვისი საქმიანობაც კულტურის სფეროებთანაა კავშირში. შემოქმედებით საქმიანობაში, კონკურსებში მიიღეთ მონაწილეობა. დაგებადებათ ახალი იდეები და შეიძლება ახალი მუზაც გამოგიჩნდეთ.

თევზები, სადაც ვენერა სტუმრობს, სხვა ღირსებების პარალელურად, იდუმალებით მოცული სახლია და ნუ გაგიკვირდებათ, თუ გახშირდება ფარული რომანების რაოდენობა. გამორიცხული არაა, რომ შემოსავლის ფარული წყაროც გამოგიჩნდეთ. თევზები არის თვითონ სიყვარული, ეს არის ერთადერთი ნიშანი, რომელსაც სხვის გამო საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება შეუძლია. მაგრამ უინიციატივოა, ამიტომ, შანსი ხელიდან რომ არ გაუშვათ, გამოიჩინეთ ინიციატივა და დაუახლოვდით ადამიანს, რომელიც მოგწონთ.

15 აპრილიდან თევზებში იქნება მარსიც და გაბედულება მოგემატებათ რომანტიკული სფეროს გასაუმჯობესებლად, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად და შემოსავლების გაზრდის მიზნითაც. ამასთან, თევზებში ხდება ნეპტუნ-იუპიტერის შეერთება, რომელიც ჯადოსნურ შესაძლებლობებს გვპირდება. თევზებში ნეპტუნ-იუპიტერის შეერთებაზე სტატია უკვე დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ. ვენერა 27 აპრილს ნეპტუნს შეურთდება და უკვე - 30-ში იუპიტერს. ამ ორ პლანეტასთან შეერთებით ვენერას ძალა მოემატება და კიდევ უფრო მეტად მოუნდება სიყვარულისა და სიხარულის გამოვლენა, საკუთარი ძალის მოსინჯვა შემოქმედებაში. გამორიცხული არაა, სრულიად მოულოდნელად, ახალი წყაროებიდან მიიღოთ ფული. ურთიერთობაში მოიმატებს სულიერება. მარტოხელებს გაქვთ შანსი, გაიცნოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი. რომანტიკული სიურპრიზები მოსალოდნელია 18 აპრილს (პლუს-მინუს 2 დღე), როცა ვენერა მოულოდნელობებით აღსავსე ურანთან შექმნის დადებით ასპექტს. აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ პლუტონთან დაპირისპირების გამო შეიძლება მოგინდეთ არსებული კავშირის გაწყვეტა, ყველაფრის თავიდან დაწყება. ნუ აჩქარდებით, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. უმჯობესია, შინაგან აქტიურობაზე იყოთ ორიენტირებული. დაუთმეთ დრო აღმოსავლურ პრაქტიკებს, ლოცვას. კარგია ცურვაც. 15 აპრილიდან, როცა მარსიც გადავა თევზებში, მოიმატებს აქტიურობა და შეგეძლებათ სპორტითაც დაკავდეთ.

რას მოგიტანთ ვენერას თევზებში გადასვლა, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის:

ვერძი

მოგინდებათ სასიყვარულო სფეროს გაუმჯობესება. მზად იქნებით ახალ სიყვარულთან შესახვედრად. იფიქრეთ, რომ ხართ საუკეთესოთა შორის საუკეთესო და ასეთსავე სიყვარულს იმსახურებთ. ზოგიერთმა შეიძლება ფარული ურთიერთობა გააბათ ან შეიძლება შემოსავლის ფარული წყარო გამოგიჩნდეთ; სულაც მიიღებთ საჩუქრებს ფარული თაყვანისმცემლისგან. ზოგიერთმა შეიძლება ფარულად იქორწინოს. იყავით თამამი, რომ დაუახლოვდეთ ადამიანს, რომელიც მოგწონთ. საუკეთესო დრო გაქვთ შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოგინდებათ ფსიქოლოგიასა და ეზოტერიკულ სამყაროში გარკვევა. თქვენს განწყობაზე განსაკუთრებულად იქონიებს გავლენას მუსიკა, ნანახი ფილმი, წაკითხული წიგნი.

კურო

მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად გამოვლენა სოციალურ ქსელებში. შეიძლება ახალი ჯგუფი გახსნათ, რომელიც დაკავშირებული იქნება კულინარიასთან, თავის მოვლასთან, სილამაზესთან. ან გაწევრიანდეთ თქვენთვის საინტერესო ჯგუფში და იქ შეხვდეთ თქვენს ახალ სიყვარულს. რომანი შეიძლება გააბთ მეგობართან; ადამიანთან, ვისთანაც საერთო ინტერესები გაკავშირებთ. ან შეიძლება სასურველი პიროვნება მეგობრებმა გაგაცნონ. ზოგიერთს მეგობრები აგისრულებენ ოცნებას. მიიღებთ სასიამოვნო საჩუქრებს. ამასთან, შეიძლება ამ პერიოდში მიხვდეთ, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვის უნდა დაემშვიდობოთ. გაფრთხილდით, რომ საყვარელი ადამიანის გამო არ დაგეძაბოთ ურთიერთობა მეგობრებთან და პირიქით.

ტყუპი

მოიმატებს თქვენი პოპულარობა სოციუმში, გახდებით წარმატებული. ამასთან, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ გაქვთ ფარული რომანი ან შემოსავლის ფარული წყარო, გაფრთხილდით, რომ არ გამოამჟღავნდეს. მარტოხელებმა შეიძლება რომანი გააბათ ცნობილ, საზოგადოებაში პოპულარულ ადამიანთან. თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი, ერთად გამოჩნდით კულტურულ წვეულებებზე. ზოგიერთმა შეიძლება კარიერული წინსვლას მიაღწიოთ ქალის დახმარებით. გაიუმჯობესეთ იმიჯი, იყავი დიპლომატიური და ეცადეთ, გარშემო მყოფებზე ყოველთვის კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მივლინება. ზოგიერთმა შეიძლება მივლინების დროს გაიცნოს ახალი რომანტიკული პარტნიორი. თუ დაქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი, ეს ქორწინება მოგიტანთ მატერიალურ კეთილდღეობას და მაღალ სტატუსს სოციუმში.

კირჩხიბი

დაინტერესდებით უცხოური კულტურით, ლიტერატურით. თუ მწერალი ხართ, საუკეთესო დროა წიგნის დასაწერად ან გამოსაქვეყნებლად. ან შეიძლება გაამდიდროთ საოჯახო ბიბლიოთეკა. საუკეთესო დროა უცხოელთან (უცხო კულტურის, რელიგიის წარმომადგენელთან) რომანის დასაწყებად. მეორე ქორწინება პირველზე უკეთესი იქნება. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საზღვარგარეთელ ბიზნესპარტნიორებთან ან შეიძლება თქვენი პროდუქცია რეალიზებისთვის საზღვარგარეთ გაიტანოთ. თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება სასამართლო პროცესები. საჩუქარი (ფულადიც) შეიძლება მიიღოთ მეუღლის ნათესავებისგან.

ლომი

მიიღებთ მატერიალურ კეთილდღეობას. თუ სესხის აღება გსურდათ, თქვენთვის სასურველ პირობებს შემოგთავაზებენ. შეიძლება დაიწყოთ ფულის მიღება პარტნიორისგან. მაგალითად, ალიმენტის სახით ან შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს თქვენს მეუღლეს. გარდა ამისა, ვენერას ტრანზიტი თევზებში გაგიუმჯობესებთ სექსუალურ ცხოვრებას. შეიძლება დაგიბრუნდეთ ყოფილი პარტნიორი. დაინტერესდებით ეზოტერიკით, ფსიქოლოგიით. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანებთ სარფიან საქმიანობაში. მიიღებთ ძვირად ღირებულ საჩუქრებს, მემკვიდრეობას ან სულაც ბიზნესს საჩუქრად.

ქალწული

ჰარმონიული გახდება თქვენი დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. შეიძლება რომანი გააბათ საქმიან პარტნიორთან. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტთ. შეიძლება ანგარების მიზნით დაქორწინდეთ ფულიან ადამიანზე. თუ თქვენი საქმიანობა დამოკიდებულია მომსახურების სფეროზე, მიიღებთ მატერიალურ სარგებელს, საჩუქრებს კლიენტებისგან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, იყავით აქტიური, მზად რომანტიკული თავგადასავლებისთვის. შეიძლება ახალი ბიზნესპარტნიორი გაიჩინოთ, რომელთან ერთადაც განახორციელებთ ახალ პროექტებს.

სასწორი

რუტინულ საქმეებსაც კი სიამოვნებით შეასრულებთ; მოალამაზეთ სახლი, სამუშაო ადგილი, შეიძინეთ ახალი მცენარე. გირჩევთ, მეტად იზრუნოთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გაიუმჯობესოთ ძილის რეჟიმი, იკვებოთ ჯანსაღად. მოგინდებათ დიეტის დაცვა, გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება. ჩაიტარეთ მასაჟის კურსი. გაგიუმჯობესდებთ დამოკიდებულება კოლეგებთან, გამორიცხული არაა, რომანი გააბათ ერთ-ერთთან. ან შეიძლება რომანი დაიწყოს პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის. შეიძლება გაიჩინოთ გოგო შინაური ცხოველი ან უკვე არსებულმა გაიმარჯვოს კონკურსში. იმისათვის, რომ არ შეინარჩუნოთ მხნეობა და ჯანმრთელობა, სისტემატიურად ფეხით ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

მორიელი

საუკეთესო პერიოდი გელოდებათ, რომანტიკის, შემოქმედებითი იდეების განხორციელების, დასვენების დრო დაგდგათ. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის. შეიძლება მათთან მუშაობამ მოგიტანოთ ფული. შეიძლება თავად გაიმარჯვოთ კონკურსებში ან თქვენმა შვილებმა. კარგი იქნება, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრებით შვებულებაში, მოიწყობთ თაფლობის თვეს. გაიჩენთ ახალ ჰობის, რაც სიამოვნებასაც მოგიტანთ და პოპულარობასაც. მარტოხელებს გელით რომანტიკული შეხვედრები. გამორიცხული არაა, ძვირად ღირებული საჩუქრები, მატერიალური კეთილდღეობა მიიღოთ საყვარელი ადამიანისგან ან ფული მოიგოთ ლატარიაში, აზარტულ თამაშებში.

მშვილდოსანი

დაიწყეთ საოჯახო საქმეების მოგვარება, გადაიფორმეთ მიწის ნაკვეთი, სახლი, თუ გსურთ, შეიძენთ ახალ უძრავ ქონებას. მოგინდებათ ბინის მოლამაზება, ინტერიერის განახლება, ლამაზი აქსესუარების შეძენა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან. ერთად დაესწარით წვეულებებს, მოაწყვეთ ოჯახური შეხვედრები. შეიძლება შემოსავალი მიიღოთ ბინისგან. ან ზოგიერთ პროექტზე სახლიდან დაიწყოთ მუშაობა.

თხის რქა

სიამოვნებას მოგანიჭებთ მეგობრებთან, საქმიან პარტნიორებთან შეხვედრა. შეურიგდებით, ვისთანაც გაბუტული იყავით. გახშირდება შეხვედრები, ფლირტი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა დიდ რომანში შეიძლება ვერ გადაიზარდოს, სიამოვნებას მაინც მიიღებთ. გამორიცხული არაა, მეგობართან გააბათ რომანი ან ასაკით უმცროს ადამიანთან. ინტერნეტნაცნობობაც დასაშვებია. იოლად მოაგვარებთ საბუთებთან დაკავშირებულ საქმეებს. შეიძლება შეიძინოთ ლამაზი, ძვირად ღირებული მანქანა; ზოგმა კი შეიძლება ავტომობილი საჩუქრად მიიღოთ. თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია სილამაზის სფეროსთან: იმიჯი, მაკიაჟი, დიზაინი, კარგი იქნება, თუ აიმაღლებთ კვალიფიკაციას, ჩაეწრებით სასწავლო კურსებზე. შეიძლება ხელოვნების კურსიც გაიაროთ. ან თავად გახსნათ ასეთი კურსი.

მერწყული

მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ძვირად ღირებული საჩუქრები და სიამოვნების მიღება გელოდებათ. ფული გექნებათ საკმარისი, რომ საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ. ეს შეიძლება იყოს რომანტიკული შეხვედრები, სპა-პროცედურები, გემრიელობების დაგემოვნება (რამაც შეიძლება წონის მატებაც გამოიწვიოს). მოგინდებათ ლამაზი და ძვირად ღირებული აქსესუარებისა (სახლისთვისაც) და სამოსის ყიდვა. გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. დაიბრუნებთ ვალს. თუ თქვენი საქმიანობა მომსახურების სფეროა, შეიძლება დაგიბრუნდნენ ძველი კლიენტები ან გააძვიროთ თქვენი მომსახურება. თუ ბიზნესის დაწყებას აპირებთ, კარგი იქნება მოდის, სილამაზის, სხეულის მოვლის სფერო.

თევზები

თევზებო, გილოცავთ, ვენერა თქვენს ნიშანშია. მოიმატებს თქვენი მიმზიდველობა, აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში. ეცადეთ, თქვენი საქმიანობით დააინტერესოთ გავლენიანი ადამიანები, რომლებიც თქვენი სპონსორები გახდებიან; მიეცით საკუთარ თავს უფლება, იყოთ სასურველი საწინააღმდეგო სქესისთვის. თუ მარტოხელა ხართ, თავად უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა, რომ დაწყვილდეთ. ამასთან, გაფრთხილდით, რომ ზედმეტმა მიმზიდველობამ საფრთხე არ შეგიქმნათ, მოშურნეები არ გამოგიჩნდნენ. ზოგიერთში მოიმატებს ჭირვეულობა, მოგეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანი სათანადოდ არ გაფასებთ, სასურველ საჩუქრებს არ გიძღვნით. კარგი პერიოდია იმიჯის, სტილის შესაცვლელად. საუკეთესო დროა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.