ყველაფერს აკეთებს, რასაც, მისი აზრით, დიდი გამოხმაურება ექნება. შეპყრობილია სოციალური ქსელებით და მისი ოცნებაა, კი არ მიყვებოდეს ტრენდებს, არამედ თავად ქმნიდეს მათ.
ეს ახალი გამოწვევაც მაგიტომ მოუფიქრა თავის თავს. საერთოდ, არ უყვარს მისტიკური რაღაცები, მაგრამ ამ შემთხვევაში, გვიმტკიცებს, ასტროლოგია მეცნიერებააო და ჰოროსკოპსაც სერიოზულად ეკიდება.
- შენ ისევ ჩვენზე წერ? - წარბის აწევით მეკითხება ლიკა.
ლიკა მეუბნება: არ მომწონს, ჩემს ამბებს ქვეყანას რომ აგებინებო. არადა, ვიცი, სიამოვნებს, მასზე რომ ვწერ. ისიც ვიცი, რომ მან იცის, რომ მეეს ვიცი.
ნინი თავისი ჰოროსკოპული კვირისთვის ემზადება. ახალი ბლოკნოტი დაიკავა და დიდი ასოებით ყდაზე დააწერა: "ციური სხეულები მართავენ ჩემს კვირას". ბევრი ხვეწნის მიუხედავად ვერ დავითანხმე, რომ მისი ერთკვირიანი დღიური თქვენთვის გამეზიარებინა, ამიტომ ყოველდღე ვაკვირდებოდი მის ქცევას და თითქმის, ყველაფერს ვინიშნავდი, რასაც მე და ლიკას გვიყვებოდა.
მაშ ასე, ჩემი დაქალის გამოწვევა!
ასტროლოგები ურჩევდნენ ყოველდღიური საქმეები შეესრულებინა, ამიტომ არ გაგვკვირვებია, რომ ბოლოს და ბოლოს, სახლის დალაგება გადაწყვიტა და ე.წ. უბორკა მოაწყო.
- ნეტავ, აქამდე დაინტერესებულიყავი ჰოროსკოპით, ნინ, - კმაყოფილი ამბობს ლიკა და ფეხებს მაღლა წევს, ნინიმ რომ გამოგავოს.
- სადილსაც შენ გააკეთებ დღეს? - თვალის ჩაკვრით ვუთხარი ლიკას.
- სამზარეულოში ტრიალზე ჰოროსკოპი დუმს. დღეს დალაგების დღე მაქვს! - თქვა ნინიმ და ისე შემართა იატაკის საწმენდი ჯოხი, რომ ეჟენ დელაკრუას ნახატი "თავისუფლება" გამახსენდა. ნინიც ხომ ასეა. ისიც, ფრანგი ხალხის მსგავსად იბრძვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და განახლებისთვის!
- რა სისულელეა, კოლეგებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ვის უნდა ვეკამათო?! - დარწმუნებით თქვა ნინიმ, ჩანთა მხარზე გადაიკიდა და სახლიდან გავიდა.
ორი საათისთვის ფეისბუკზე მოგვწერა მე და ლიკას:
"გოგოებო, მართალი აღმოჩნდა ჰოროსკოპი. ახალი თანამშრომელი აიყვანეს დღეს და უკვე მოვასწარი ჩხუბი."
აღმოჩნდა, რომ ნინის მართლა უჩხუბია კოლეგასთან. მიზეზს არ იკითხავთ? თანამშრომლების უკეთ გასაცნობად ვაჟას (ნინის ახალ თანამშრომელს) ოთახის გოგოები ლანჩზე დაუპატიჟებია. გადახდაზე რომ მიდგა საქმე, ნინის, როგორც ახალგამომცხვარ ფემინისტს, თავი გაუგიჟებია, შენ რატომ უნდა გადაგვიხადო, რადგან შენ კაცი ხარ და ჩვენ ქალებიო?! მოკლედ, ასე იჩხუბა ჩემმა დაქალმა თავის ახალ კოლეგასთან. სახლში ისეთი გაღიზიანებული დაბრუნდა, მთელი დღე ცოფებს ყრიდა. ცალკე ვაჟას ლანძღავდა, ცალკე მაღლა მთვარეს ეჩხუბებოდა, თითქოს, მისი ბრალი ყოფილიყოს ნინის ოფოფების აყრა.
- კიდევ კარგი, ჰოროსკოპს დავუჯერე და არ გავყიდე რამე, - კმაყოფილი ამბობს ნინი და ბანკის საიტზე შესული თავისი ხელფასის ციფრებს თვალს არ აშორებს.
ნინიმ სახელფასო ბარათის გახსნისას დედამისის მობილურის ნომერი მიუთითა. შესაბამისად, ხელფასის ჩარიცხვის შეტყობინებებიც დედამისს მისდის. ვფიქრობ, მაია დეიდამ შეტყობინება ვერ ნახა და მაგიტომაც უთხრა ნინის, ხელფასი არ დარიცხულაო. ნინის კი ვერც საიტზე შესვლა მოუხერხებია სამსახურში და ვერც ბანკომატით შემოწმება. ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ნინი კი ჯიუტად გაიძახის, ჰოროსკოპმა იხსნა ჩემი აიფონიო. აიფონის განვადების ვადის დამთავრებამდე კიდევ შვიდი თვეა წინ.
- ოფისში ან მე დავრჩები, ან ის, - ჯიუტად ამბობს ნინი და თვალებიდან ისეთ ნაპერწკლებს ყრის, ვაჟას ნაცვლად ჩვენ შეგვეშინდა.
- ყველა დიდი სიყვარული ჩხუბით იწყებაო, ნინ, - ჩაილაპარაკა ლიკამ და ჟურნალი გადაფურცლა.
- როგორ ახერხებ ყველა თემაში სიყვარული ჩააკვეტო, ლიკა?!
ნინი იშვიათად გველაპარაკება უხეშად. გაუგიჟებია იმ ვაჟას და ეგაა!
- დღეს ქველმოქმედებით უნდა დავკავდე, - საზეიმოდ განაცხადა ნინიმ.
- დღეს ნინის თხილიანი იოგურტისა და ქველმოქმედების დღე აქვს, - ჩაილაპარაკა ლიკამ, რომელსაც ჯერ კიდევ არ დავიწყებია ნინის გუშინდელი, უსიამო კომენტარი.
მეტროში ყველა მათხოვრისთვის მიუცია ხურდა და სახლში მხოლოდ სახელფასო ბარათი მოყვა. მთელი საფულე დაეცარიელებინა.
- კიდევ კარგი, მეტროს ვაგონებში არ არის ტერმინალები, თორემ მთელი დარჩენილი ხელფასი დამეხარჯებოდა, - უკმაყოფილოდ თავი გააქნია ნინიმ და პირობა დადო, რომ აუცილებლად მოიფიქრებს რამეს, რომ ადამიანებს ქუჩა-ქუჩა არ მოუწიოთ ხეტიალი მოწყალების სათხოვნელად. ზოგჯერ როგორ გულუბრყვილოდ კეთილია ნინი!
ბევრი ვიფიქრეთ და სახლთან ახლოს კარაოკე ბარში წავედით.
- აქ თუ ვინმე სასმელზე დაგვპატიჟებს, არ იუარო, ნინ, კარგი? - სიცილით უთხრა ლიკამ ნინის.
სასმელზე მართლა დაგვპატიჟეს, მაგრამ ვერ გავიგეთ, ვინ. ლიკამ, რომელიც ყველაზე დიდი რომანტიკოსია ჩვენ შორის, მტკიცედ თქვა, რომ რომელიმეს იდუმალი თაყვანისმცემელი გაგვიჩნდა და მეორე დღეს კართან თაიგული დაგვხვდებოდა.
კვირა (3 მარტი)
- გოგოებო, გაგიჟდებით, რა კარგად მიცნობს ჰოროსკოპი! - აღფრთოვანებულმა თქვა ნინიმ მას შემდეგ, რაც კვირა დღის, ლომის ზოდიაქოს ჰოროსკოპი წაიკითხა."პირადი მოსაზრებები სოციალურ ქსელებში გამოხატეთ" - ეწერა ტექსტში.
- ზუსტად დღეს არ უნდა შევაჯამო ჩემი "ჩელენჯი"? წარმოგიდგენია, როგორ დაემთხვა? ეს უკვე დამთხვევაც აღარაა, უფრო მეტია!
- მასე ნებისმიერს ხომ შეეძლო, რომ... - რაღაცის თქმას აპირებდა ლიკა და შევაჩერე.
არ ვიცი, ხვალ რას იტყვის ნინი, მაგრამ დღეს, როცა ერთი კვირის "ჩელენჯს" აჯამებს, მთელი არსებით სჯერა ჰოროსკოპის ჭეშმარიტების.
იქნებ, არ აქვს მნიშვნელობა რისი გვჯერა; იქნებ, მთავარია, რამის მაინც გვჯეროდეს?!