ტესტი. ამჯერად თქვენს გონებას და უკვე ხელებსაც ხატვის პროცედურით დავაკავებთ. არ აქვს მნიშვნელობა ხატვა კარგად გეხერხებათ თუ ამ საქმეში აბსოლუტურად უნიჭო ხართ. აიღეთ სუფთა ფურცელი და საკუთარი ავტოპორტრეტის ხატვას შეუდექით (საჭიროა გამოსახულება იყოს მთლიანი, სრული სიგრძით), ოღონდ ისე რომ ხატვის დასრულებამდე პასუხებს არ გადახედოთ.
დახატეთ? მოდით, ახლა პასუხებს გადავხედოთ:
თავი – თუ ნახატს ტანთან შედარებით დიდი ფორმის თავი გაუკეთეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ინტელექტუალურ ადამიანად თვლით, თუმცა მაინც გაგაჩნიათ გარკვეული კომპლექსები ერუდიციის დონესთან დაკავშირებით. თუკი თავი პატარა ფორმისაა, სოციუმთან ადაპტაცია გიჭირთ და ვიწრო წრეში ყოფნა უფრო გეხალისებათ.
თვალები – დიდი ფორმის თვალები თუ აქვს თქვენს ავტოპორტრეტს ე.ი. ძალიან ცნობისმოყვარე ბრძანდებით, ცოტა ეჭვიანიც. გარდა ამისა, თქვენთვის დიდი მნიშვნელობა გააჩნია საზოგადოებრივ აზრს და შეხედულებებს. თუკი თვალები პატარაა ან სულაც წერტილოვანი ე.ი. ინტროვერტი ყოფილხართ და ხშირად ატარებთ საკუთარ სულში "რევიზიას", მოგწონთ ფსიქოანალიზი ამ ტესტის გაკეთებაც სწორედ ამ ფაქტმა გაიძულათ.
ყურები და ცხვირი – თუკი ნახატზე ფიგურას დიდი ყურები დაუხატეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ კრიტიკის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. გრძელი ცხვირი მომატებულ სექსუალურ ტემპერამენტზე მეტყველებს, ხოლო ნესტოებზე აქცენტის გაკეთება (წერტილები ცხვირის მაგივრად) მიუთითებს იმას, რომ საკმაოდ ფიცხი და აგრესიული პიროვნება იქნებით.
პირი – თუკი ნახატზე პირის ნახევი ყველაზე მეტად დომინირებს (პომადიანი ტუჩები, დიდი პირი) ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს გააჩნია გარკვეული პრობლემა საუბრისას ან უჭირს საკუთარი ნააზრევის სწორად გადმოცემა. თუკი თქვენ პატარა პირის მქონე ან სულაც უპირო კაცუნა დახატეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპრესიულობისკენ მიდრეკილი ან ასოციალური პიროვნება ხართ.
ხელები – სიმბოლურად გამოხატავს თქვენს კავშირს გარშემო მყოფებთან. თუკი ნახატზე ხელები დამუშტული გაქვთ ეს იმას ნიშნავს, რომ მკაცრი, მეთოდური და ნაკლებკონტაქტური ადამიანი უნდა იყოთ. ჩამოშვებული ხელები კი იმაზე მიანიშნებს, რომ შინაგანად ძალიან სათუთ, ემოციურ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. ხოლო ტანთან შედარებით გრძელი, გაწელილი ხელები ამბიციურ, დიმინირების მოყვარულ ადამიანზე გვაძლევს ინფორმაციას. იმ შემთხვევაში კითუ თქვენ მოკლე, ფუმფულა ხელები დაუხატეთ საკუთარ ავტოპორტრეტს უამბიციო, მარტივი და ინფანტილური პიროვნება იქნებით.
დაბოლოს, ფეხები
– თუკი ფიგურა გრძელ, წოწლოკინა ფეხებზე შემოასკუპეთ ე.ი. თქვენში მოჭარბებული დოზითაა თავისუფლების სიყვარული და დამოუკიდებლობის მოთხოვნილება. თუ ფეხის ტერფები (ან ფეხსაცმელები) დახატეთ გამოკვეთილად, ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირად გეუფლებათ არასტაბილურობის განცდა და მუდმივად ფეხქვეშ მყარი ნიადაგის ძიებაში ხართ, როგორც საქმიანობის ისე პირადი ურთიერთობების კუთხით. ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ ფიგურას ფეხები საერთოდ არ დაუხატეთ, საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ძალიან ბევრ, გასაიდუმლოებულ მაქინაციებში იღებს მონაწილეობას და მისი ასავალ-დასავალი ძნელი გასარკვევია.