და კარს გავუხსნით 2018-ს. ალბათ ყველას აქვს დიდი მოლოდინები და ეს მოლოდინი, მიწურული წლის ბოლო კვირას განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ასეთ დროს ყველაზე სკეპტიკური ადამიანებიც კი იჯერებენ ხოლმე სასწაულებს და ასე თუ ისე წინასაახალწლო ჯადოქრობის მოლოდინში არიან. თუმცა, წინასაახალწლო კვირა, ამაღელვებელ მოლოდინთან ერთად, ცხოვრების გიჟური ტემპითაც გამოირჩევა. რაც თავისთავად აისახება ადამიანების განწყობაზე. ალბათ არც ერთ სხვა დროს არ შეხვდებით ქუჩაში, ტრანსპორტში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამდენ აგრესიულ, გაღიზიანებულ ადამიანს. ეს ტენდენცია კი წელს მერკურის რეტროგრადულობამ გაამძაფრა. მოგეხსენებათ მერკურის უკანმავლობის პერიოდში ადამიანებს ძალიან უჭირთ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა. რთულდება კომუნიკაცია, ირღვევა შეთანხმებები, გარღვევაა დედლაინებსა და ბიუჯეტში.
თუმცა ამქვეყნად, როგორც ყველაფერ ცუდს მერკურის რეტრო ფაზასაც აქვს დასასრული და წინასაახალწლო კვირას უკვე გაადვილდება ადამიანებში კომუნიკაცია. ურთიერთგაგება და საღი აზრი მოიმატებს ასევე წყვილებს შორის სასიყვარულო-პარტნიორულ კავშირებში, იმიტომ რომ, პლანეტა ვენერა რაციონალურ და მშვიდ თხის რქის ნიშანში გადაინაცვლებს ავანტურისტი მშვილდოსნიდან.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია, ამ კვირიდან თხის რქის ნიშანში მთელი პლანეტათა "ლეგიონი" მოიყრის თავს - სატურნი, ვენერა, შავი მთვარე. საინტერესო კომპანიაა. მით უმეტეს, რომ 25 დეკემბერს ცაზე ვენერასა და სატურნის შეერთება დაფიქსირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასიყვარულო კავშირებში და ფინანსებთან მიმართებაში აუცილებელია ცივი გონებით გათვლა, წინასწარი სტრატეგიის შემუშავება და არავითარ შემთხვევაში არ გვეპატიება იმპულსური გამოხდომები. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრმა ადამიანმა, წინასაახალწლოდ თავი მარტოსულადაც კი იგრძნოს. ჰოდა, თუკი ერთ-ერთი მათგანი ხართ, ყურადღებით მიმოიხედეთ გარშემო. შესაძლოა მორიდებული თაყვანისმცემელი ასაკით უფროს ან ბევრად უმცროს ადამიანებში აღმოაჩინოთ.
28 დეკემბერი ხლაფორთებითა და ამაო ემოციებით დატვირთული დღე იქნება. ბევრი ადამიანი შესაძლოა ამ დღეს წვრილმანებმა გამოიყვანოს წყობიდან. ამიტომ სასურველია საკუთარი ძალების კონსოლიდაცია კვირის მიწურულს დიდ და მნიშვნელოვან პროექტებზე მოახდინოთ. წვრილმანების მოგვარება კი ნაახალწევს, დასვენებულ-გამოძინებულ გონებაზე სცადოთ.